Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაიტანეთ! - დიდი დიღმის მოსახლეობა მუხათგვერდის ფერდზე ბეტონის საამქროს წინააღმდეგ


ცემენტის ქარხანა

დიდდიღმელები მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე ბეტონის საამქროს მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ეშინიათ, რომ ქარხანა, რომელმაც დასახლებული პუნქტიდან 240 მეტრში უნდა იმუშაოს, ერთი მხრივ, ჰაერს დააბინძურებს, მეორე მხრივ კი, ისედაც გადატვირთულ საავტომობილო მოძრაობას გაუვალს გახდის.

მშენებელი კომპანია კი ირწმუნება, რომ ბეტონის ქარხანა უახლესი ტექნოლოგიებით აშენდება და ძლიერი ფილტრებით იქნება აღჭურვილი.

იგივე კომპანია, „მშენებელი თბილისი 95“ გეგმავდა ზუსტად ორი წლის წინ, დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, ბეტონის საამქროს მშენებლობას, თუმცა, მაშინ, მოსახლეობის პროტესტმა და აქციებმა ეს წამოწყება გააჩერა.

ბეტონის ქარხნის მშენებლობა მუხათგვერდის ფერდზე, 2024 წლის მარტი
ბეტონის ქარხნის მშენებლობა მუხათგვერდის ფერდზე, 2024 წლის მარტი

ამჯერად დანადგარების მონტაჟი კომპანიამ მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე დაიწყო. საამქროს მშენებლობის ნებართვა მერიის არქიტექტურის სამსახურისგან კომპანიამ შარშან შემოდგომაზე მიიღო.

ბეტონის საამქროს სამშენებლო მოედანზე, უფრო ზუსტად, სამშენებლო ობიექტის დახურულ ჭიშკართან მისულებს, ვიდეოსამეთვალყურეო კამერა და მასში დამოტაჟებული ხმა გვაფრთხილებს: „დაუყოვნებლივ დატოვეთ კერძო ტერიტორია“.

ბეტონის ქარხნის სამშენებლო მოედნის ჭიშკარზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები ღობესთან მიახლოებულ ადამიანებს აფრთხილებენ "დატოვონ კერძო ტერიტორია".
ბეტონის ქარხნის სამშენებლო მოედნის ჭიშკარზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები ღობესთან მიახლოებულ ადამიანებს აფრთხილებენ "დატოვონ კერძო ტერიტორია".

მუხათგვერდის ფერდზე დიდი დიღმის იმ მცხოვრებლებთან ერთად ავედით, რომლებიც საამქროს მშენებლობას აპროტესტებენ და რომლებიც რამდენიმე დღის წინ, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს საბურთალოს გამგეობის შენობაში შეხვდნენ:

ირინა წიკლაური
ირინა წიკლაური

„საკმაოდ ხმაურიანი და ხანგრძლივი შეხვედრა იყო. მათ ჰქონდათ თავისი არგუმენტები და ძალიან ლამაზ ფერებში დაგვიხატეს, რომ ბეტონის ქარხანა იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ურყევი პოზიცია და მოვითხოვთ, რომ ეს ქარხანა გადაიტანონ მოსახლეობისგან შორს“, - მეუბნება ირინა წიკლაური.

დიდი დიღმის მცხოვრებთა საინიციატივო ჯგუფი გეგმავს, წერილით ამერიკის საელჩოსაც მიმართოს. მათ იმედი აქვთ, რომ მხარდამჭერებს იქაც შემოიკრებენ. ქარხნის მახლობლადაა ამერიკული სოფელი, რომელშიც დიპლომატები ცხოვრობენ. იქვეა საერთაშორისო სკოლა და სხვა სკოლა-ბაღები.

„ყველას უნდა მივაწვდინოთ ხმა. მოსახლეობამ ვიმსჯელეთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში დაველოდებით გამგეობიდან და კომპანიისგან შეტყობინებას და თუკი ამის შემდეგ ვერ მივიღებთ კონკრეტულ პასუხებს, ამას მოჰყვება მწვავე რეაქცია, დაიგეგმება აქციები“.

რას ამბობს დედაქალაქის მერია

მჭიდროდ დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ბეტონის საამქროს მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ რადიო თავისუფლების კითხვებს თბილისის მერიამ წერილობით უპასუხა.

კომპანიასთან სამშენებლო პირობებზე შეთანხმება ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილის მიწურულს შედგა. ხოლო ნაკვეთი, რომელსაც სამრეწველო ზონა 2-ის სტატუსი აქვს, იძლევა საშუალებას აშენდეს სამრეწველო ფუნქციის ობიექტები.

კანონმდებლობის თანახმად, სამრეწველო ზონა მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ ან დაგეგმილ სამრეწველო გამოყენების ან და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო/მავნე ნივთიერებების მართვისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს.

როგორც მერიიდან მიღებულ წერილშია მითითებული, მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე, სხვა საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად, კომპანიამ თბილისის არქიტექტურის სამსახურში წარადგინა გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიასთან შეათანხმა საამქროს მიერ ჰაერის დაბინძურების წყაროებისა დამათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში“.

ქარხნის მიმდებარე ტერიტორია, საცხოვრებელი სახლები
ქარხნის მიმდებარე ტერიტორია, საცხოვრებელი სახლები

რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნას, საამქრო სხვა ტერიტორიაზე გადაიტანონ, მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის გადაჭრის გზებს საბურთალოს რაიონის გამგეობასთან, დიდი დიღმის მოსახლეობას და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ეძებენ.

ნინო გუჯარაიძე, „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საამქროს მშენებლობა სამრეწველო ზონაში მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის თანახმად, ბეტონის ქარხანა არ შედის განსაკუთრებული რისკების ობიექტების ჩამონათვალში, სადავოა მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მსგავსი ტიპის საამქროები არ არის რისკის შემცველი:

„ასეთი ბეტონის ქარხნები დასახლებებთან ძალიან ახლოს, მტვრის, გამონაბოლქვის, ვიბრაციის წყაროა“, - ამბობს ნინო გუჯარაიძე და ამატებს, რომ ქალაქის განვითარების პირობებში, გადასახედია ტერიტორიების ზონალური დაყოფის პრინციპიც:

ნინო გუჯარაიძე, „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი
ნინო გუჯარაიძე, „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი

„დიახ, ეს ტერიტორია დედაქალაქის გენერალური გეგმის შედგენის დროს განისაზღვრა როგორც სამრეწველო ზონა, მაგრამ დღეს სიტუაცია შეცვლილია. მიმდებარე ტერიტორებზე ადამიანები დასახლდნენ. იქ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნებართვაც ხომ მერიამ გასცა? შეიცვალა პირობები, გარემო შეიცვალა და, შესაბამისად, ეს ზონალური დაყოფაც გადასახედია.

უნდა მოხდეს ჰაერის მოძრაობის ნაკადების განსაზღვრა და ქარის მოძრაობის შეფასება. უნდა გაკეთდეს მოდელირება, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე, ასეთი ობიექტის ჩადგმის შემთხვევაში, სად გაიფანტება გამონაბოლქვი. მოსახლეობას ზეპირად ეუბნებიან, რომ არ იქნება პრობლემა, მაგრამ ზეპირი ნათქვამი წამალი ვერ იქნება“.

დიდი დიღმის მოსახლეობა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე
დიდი დიღმის მოსახლეობა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე

მუხათგვერდის ფერდისთვის სამრეწველო ზონის სტატუსის ცვლილება დიდი დიღმის მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. თეა დოლიძე, დიდი დიღმის მკვიდრი, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ აპროტესტებდა პეტრე იბერის ქუჩაზე დაგეგმილ ბეტონის ქარხნის მშენებლობას და ახლა მუხათგვერდის ფერდზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას ითხოვს, ამბობს, რომ თუკი ამ ტერიტორიას სტატუსი არ შეეცვლება, უახლოეს მომავალში მთელ ფერდზე საწარმოები აშენდება:

თეა დოლიძე
თეა დოლიძე

„ჩვენ მალე აღარ გვექნება მუხათგვერდის მთა, საიდანაც ნიავდება დიდი დიღომი, რომელსაც დიდი დიღმის ფილტვებს ვუწოდებთ, რადგან სამრეწველო ზონის სტატუსი აქ იძლევა საწარმოო და სამრეწველო ობიექტების მშენებლობის უფლებას. ეს მიწები სულ კერძო საკუთრებაშია. ნელ-ნელა იწყება ამ მთის დაჩეხვა, მოჭრა.

ამ ტერიტორიას უნდა მოეხსნას სამრეწველო ზონის სტატუსი. ჩვენ გვინდა დავაყენოთ მოთხოვნა საკრებულოსა და შესაბამის უწყებებში, რომ ამ ტერიტორიას მიენიჭოს სატყეო ზონის სტატუსი“.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც თეა დოლიძე ამახვილებს ყურადღებას, ეს არის ისედაც გადატვირთული საგზაო ინფრასტრუქტურის გაუარესების პერსპექტივა.

ბეტონის საწარმოს საქმიანობის შესახებ დოკუმენტის თანახმად, საამქრო დღე-ღამეში 8 საათის განმავლობაში იმუშავებს, მისი წარმადობა კი იქნება 120 მ3/საათში:

„ამ გზაზე ორი მანქანა ძლივს უქცევს გვერდს ერთმანეთს. გზა სერიოზულადაა დაზიანებული. ითქვა, რომ ქარხნის ამუშავების შემდეგ დღეში რამდენიმე ათეული მანქანა, მძიმე ტექნიკა იმოძრავებს. მიმდებარე ტერიტორიაზე ისედაც სერიოზული საცობი გვაქვს, ამას დაუმატეთ ქარხნიდან გამოფრქვეული მტვრის მასა, გაბატონებული ქარის მხარე, რომელსაც ეს ყველაფერი ჩამოაქვს მოსახლეობაში. ახლა გვითხარით, როგორ მოვიქცეთ, გავიქცეთ? ევაკუაცია მოვახდინოთ? გვაქვს კონკრეტული მოთხოვნა - ქარხანა გადაიტანონ მოსახლეობისათვის უსაფრთხო ადგილას და შემდეგ უკვე დაიწყოს ზრუნვა ზონის სტატუსის შეცვლაზე“.

კომპანიის პასუხი მოსახლეობას

რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ სთხოვა ბეტონის საამქროს მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელს, ოლეგ ჭანყოშვილს.

„მხოლოდ წერილობით“, - გვიპასუხა მან ტელეფონზე და დაამატა: „ჩვენ გვაქვს გამზადებული პასუხი, რომელსაც გამოგიგზავნით. საუბრის რეჟიმზე უარს ვამბობ“.

ოლეგ ჭანყოშვილი რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ წერილში ირწმუნება, რომ ტერიტორიაზე გეოლოგიურ კვლევასთან ერთად შემუშავდა გარემოზე ზეგავლენის შეფასების კვლევა და მხოლოდ არსებული კრიტერიუმების სრული დაცვის შემდგომ მიიღეს მშენებლობის ნებართვები.

მისივე მტკიცებით, კომპანიამ შეარჩია ულტრათანამედროვე ტიპის დანადგარები, რომელიც აღჭურვილია ახალი თაობის ფილტრაციის სისტემით, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს გარემოზე ზემოქმედების ზიანი:

„ფილტრაციული სისტემა უზრუნველყოფს დანადგარებში წარმოქმნილი`მტვრის გასუფთავებას არა მარტო ცემენტის შემნახველი სილოსებიდან, არამედ ასევე შემრევი დანადგარიდან. მისი ეფექტურობა არის 99.9% სერტიფიცირებისა და ქარხნული სპეციფიკაციების მიხედვით, რაც ასევე დასტურდება კომპანიის გარემოსდაცვითი დოკუმენტით. საწარმოს დანადგარებს გააჩნია საერთაშორისო სერტიფიკატები : ISO 9001:2015, TIC. TUV და IAF“.

ბეტონის ქარხნისთვის განკუთვნილი დანადგარების ნაწილი
ბეტონის ქარხნისთვის განკუთვნილი დანადგარების ნაწილი

ოლეგ ჭანყოშვილის თქმით, საწარმოს ამუშავების შემდგომ, კომპანია მზადაა, მოიწვიოს საინიციატივო ჯგუფები და დაინტერესებული პირები სრული საწარმოო პროცესის შესასწავლად და ნებისმიერი ტიპის კვლევის ჩასატარებლად.

ბეტონის საამქროს მშენებლობის ნებართვის მისაღებად შეთანხმებული დოკუმენტაციის გასაცნობად რადიო თავისუფლება გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოში გვითხრეს, რომ დოკუმენტებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესის დაცვით, ანუ კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოგვაწვდიან - მოთხოვნიდან არაუგვიანეს ათი დღისა.

ორი წლის წინ, როდესაც მოსახლეობის პროტესტის შემდეგ კომპანია „მშენებელი თბილისი 95“-ს დიდ დიღომში მინიბეტონის საამქროს განთავსების ნებართვა არ დართეს, მერიამ განცხადება გაავრცელა, მასში ნათქვამი იყო: „კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ინვესტორს უარი ეთქვა დასახლებულ ტერიტორიაზე ბეტონის საწარმოებლად საჭირო დანადგარის ამუშავებაზე, რასაც კომპანია დაეთანხმა“.

XS
SM
MD
LG