პოლიციის გამომძიებელს - მარიანა ჩოლოიანს, რომელიც 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზეა დაკავებული, ნიკოლოზ გოგუაძეც ადანაშაულებს - ე.წ. ყინწვისის საქმეზე დაკავებული და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირი. ის ამბობს, რომ 2011 წელს, გამომძიებელი ჩოლოიანი მონაწილეობდა სასტიკი მეთოდებით მისი დაკითხვის პროცესში.
მარიანა ჩოლოიანი, როგორც დაუსჯელობით წახალისებული, დამღუპველი სისტემის კრებითი სახე და სისტემა, როგორც ხელისუფლების საყრდენი - უფლებადამცველები სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობის კიდევ არაერთ ფაქტს ასახელებენ.
გამომძიებელი 15 წლის მოზარდის საქმეში
პროკურატურის მიერ 19 დეკემბერს წაყენებული ბრალის თანახმად, მარიანა ჩოლოიანმა მოზარდების მიმართ იმოქმედა უკანონოდ, ჩვენების იძულებით მოსაპოვებლად.
პროკურატურის ინფორმაციით:
- 2019 წლის 10 დეკემბერს, პოლიციის გამომძიებელმა, მარიანა ჩოლოიანმა ლუკა სირაძე მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დედასთან ერთად დაიბარა;
- მარიანა ჩოლოიანმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და არასრულწლოვან ლუკა სირაძეს დანაშაულის აღიარება მოსთხოვა;
- ლუკა სირაძემ უარი განაცხადა;
- მარიანა ჩოლოიანმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით;
- შედეგად - არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი მიიღეს.
ლუკა სირაძე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. სწორედ ორდღიანი გამოკითხვა უსწრებდა წინ მოზარდის თვითმკვლელობას. ის 12 დეკემბერს მე-9 სართულიდან გადახტა და 17 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამოკითხვისას დანაშაულის არსებობის ფაქტს უარყოფდა შს სამინისტრო. სავარაუდო დამნაშავე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართვის შემდეგ დააკავეს. როგორც ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა 19 დეკემბერს, დაკავებული თავს ცუდად გრძნობს, საუბარი არ შეუძლია, მაგრამ - ბრალს არ აღიარებს.
- პოლიციის განყოფილებაში მოზარდების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა, - აცხადებს დაღუპულის ოჯახი და მისი ადვოკატი რევაზ აჭარაძე;
- თვითდაზიანება მიიყენა ასევე 15 წლის გოგომ, ლუკა სირაძის ყოფილმა თანაკლასელმა - ეს ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 18 დეკემბერს დაადასტურა;
- დაუზუსტებელი ინფორმაციით, გოგომაც თვითმკვლელობა სცადა;
- ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ასევე, იმყოფებოდა თუ არა სწორედ ეს გოგო დაკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჯერჯერობით არაფერს ამბობს, სხვა პირების შესაძლო დაკავების მოლოდინთან დაკავშირებით.
იგივე გამომძიებელი ე.წ. ყინწვისის საქმეში
ჩოლოიანის მონაწილეობით სასტიკი დაკითხვის პროცესს იხსენებს ე.წ. ყინწვისის საქმეზე დაკავებული და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ნიკოლოზ გოგუაძე. მისი თქმით, 2011 წელს, მთავარ სამმართველოში, მარიანა ჩოლოიანი მისგან სასურველი ჩვენებების მიღებას სხვა პირების ფიზიკური ანგარიშსწორების ფონზე ცდილობდა.
გოგუაძის თქმით:
- როდესაც მარიანა ჩოლოიანი ვერ იღებდა დამაკმაყოფილებელ პასუხს მის მიერ დასმულ შეკითხვაზე, უკმაყოფილო სახეს იღებდა, შემდეგ კი გადიოდა კაბინეტიდან და მის ნაცვლად სხვა პირები შემოდიოდნენ - „და გრძელდებოდა ჩემი მტვრევა და ლეწვა... ცემა ცოტა სხვა სიტყვაა“;
- ნაცემს ისევ სვამდნენ სკამზე, ისევ შემოდიოდა მარიანა ჩოლოიანი და ისევ იმავენაირად გრძელდებოდა დაკითხვა;
- პერიოდულად, გარეშე პირებს ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, თავად გოგუაძე გაჰყავდათ კაბინეტიდან და შემდეგ ისევ მარიანა ჩოლოიანთან აბრუნებდნენ;
- მარიანა ჩოლოიანი კარნახობდა მას გამოძიებისთვის სასურველი ჩვენებებსაც.
„ერთ-ერთ ასეთ შემოსვლაზე მარიანა მეუბნება მე - „...სად გავჩერდით?! ე.ი. შემოგყავდა 2000 (კარგად მინდა მომისმინო!) ქართულად მოლაპარაკე რუსი სპეცრაზმელი...“ მე ვეუბნებოდი, რა სისულელეა, ეს დამაჯერებელიც არ იქნება-მეთქი... რა თქმა უნდა, უარი ვთქვი... მარიანა მერე გავიდა... ასე გადიოდა ის და შემოდიოდა სხვა ხალხი“, - ამბობს ნიკოლოზ გოგუაძე.
გოგუაძის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. 2019 წლის 27 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა. საქმეს უძღვებოდა საიას წარმომადგენელი, იურისტი ნინო ჯომარჯიძე.
როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას:
- „მარიანა ჩოლოიანს შედგენილი აქვს ნიკოლოზ გოგუაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც არ შეიცავს სწორ ინფორმაციას“;
- „ეს ოქმი დათარიღებულია 2011 წლის 27 მაისით და ფაქტობრივი დაკავების დროდ ასევე 27 მაისია მითითებული... (რაც შეესაბამება გამოძიების თავდაპირველ ვერსიას, რომ გოგუაძის დაკავება არ მომხდარა 26 მაისს)“;
- „სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას (და სასამართლოს ეს თავის გადაწყვეტილებაშიც უწერია), სახელმწიფომ აღიარა, რომ გოგუაძე დაკავებული იყო 2011 წლის 26 მაისს და მთავარ სამმართველოშიც ამ დღეს მიიყვანეს“.
„მიუხედავად გოგუაძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა, ჩოლოიანმა გოგუაძის ბრალდების საქმეში სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას ამ უკანასკნელის ცემის ფაქტი არ დაადასტურა“, - აცხადებს საია.
ნიკოლოზ გოგუაძე ამბობს, რომ „დღეს ძალიან ბევრი კრებითი „ჩოლოიანია“ სისტემაში, სხვადასხვა სახელითა და გვარით“.
ფაქტები და წახალისებული სისტემა
„მარიანა ჩოლოიანის, როგორც სავარაუდო დამნაშავის სახელი და გვარი პირველად არ გაუგიათ სამართალდამცველ და საგამოძიებო სტრუქტურებს... „ყინწვისის საქმის“ მონაწილეს ამის შესახებ არაერთხელ უამბია... მაგრამ არაფერი გაკეთებულა სიმართლის დასადგენად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი.
სწორედ ამ ორგანიზაციის ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი იცავს ასევე „ყინწვისის საქმეზე“ ყოფილ მსჯავრდებულთა ინტერესებს.
ცქიტიშვილის თქმით:
- „სახელმწიფო ინფორმირებულია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა მიერ... მაგრამ სისტემაში ისევ რჩებიან სავარაუდო დამნაშავეები... ეს ისეთივე გაუგებარია, როგორც, მაგალითად, ლევან მურუსიძის ყოფნა სასამართლო სისტემაში“;
- „მარტივად რომ ვთქვათ, სისტემას ირგებს ხელისუფლება... ეს წინა ხელისუფლებასაც ახასიათებდა... ეს გააკეთა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით 7 წლის წინ მოვიდა ქვეყნის სათავეში და სისტემა დღემდე არ გაუწმენდია მოძალადეებისგან“;
- „პროკურატურის პასუხისმგებლობაა ამ შემთხვევაში ის, რომ გამომძიებელ ჩოლოიანს ახლა მძიმე ბრალი აქვს წაყენებული... დროზე რომ გამოვლენილიყო, დაზუსტებულიყო მისი ბრალი და დასჯილიყო, ახლა აქამდე არ მივიდოდით“.
საიას ადვოკატირებით, სტრასბურგის სასამართლოში უკვე არსებითი განხილვა მიმდინარეობს სამართალდამცველთა მხრიდან 2012 წლის შემდეგ გამოვლენილი არაადამიანური მოპყრობის ორ ფაქტთან დაკავშირებით. ერთ-ერთი თვითმკვლელობით დასრულდა.
ნინო ჯომარჯიძის თქმით:
- მამუკა მიქაუტაძე 2013 წელს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის სამიზნე გახდა - მისგან მეგობრისა და თანამშრომლის წინააღმდეგ აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით; შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ, მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 2013 წლის 6 ივლისს;
- 2017 წლის თებერვალში პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ ირაკლი ხოფერიაზე ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - ქურდობის შესახებ აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით.
სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს 2018 წელს 5-ჯერ, ხოლო 2017 წელს 10-ჯერ მიმართა - პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით.
ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ:
- სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა, 2018 წელს, ოზოლატორებში მონიტორინგის შედეგად, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 508 საეჭვო შემთხვევა გამოავლინეს.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წელს გამოვლინდა დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების 65 შემთხვევა, ხოლო 2018 წელს - 116 შემთხვევა.
ანგარიშის თანახმად, „სპეციალური პრევენციული ჯგუფისთვის განსაკუთრებით საეჭვოა ის შემთხვევები, როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორში მიყვანილ დაკავებულს დაზიანებები აღენიშნება სახის არეში, ხოლო პოლიციის თანამშრომელი დაკავების ოქმში უთითებს, რომ დაკავებულს დაზიანება არ აღენიშნება“.