- სახელმწიფოს, მის პოლიტიკურ ელიტებს და საზოგადოებას 25 თებერვლის აღნიშვნა უნდა, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტრავმული დღის აღნიშვნა, დანარჩენი კი ძალიან მძიმეა გასააზრებლად
- არქივების გახსნილობა გაიძულებს რეალურ პროცესებს ჩახედო და ეს შორსაა იმ მითოლოგიისგან და არსებული მეხსიერებისგან, რომელიც გვაქვს
- საქართველოს აქვს ამხელა პრობლემა მეზობელთან და ვერ დამისახელებთ საქართველოში სამეცნიერო ცენტრს, რომელიც სწავლობს რა ხდება რუსეთში და რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
- სახელმწიფო, რომელიც არ იმართება სისტემით, ის სახელმწიფო არის ყველაზე დაუცველი და ბეჩავი. სისტემა არის გამძლეობა. სისტემა ინარჩუნებს მეხსიერებას
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოში 2010 წელს გამოცხადდა. დღის აღნიშვნა ერთია და მეორე ის, როგორ აქვს საზოგადოებას გააზრებული როგორც ქვეყნის ოკუპაციის ისტორია, ისე ოკუპაცია, როგორც მისი თანამედროვე მოცემულობა. 25 თებერვალი საბჭოთა წლებში საზეიმო თარიღად აღინიშნებოდა როგორც საქართველოს გასაბჭოების დღე. 1922 წლიდან მოყოლებული ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე მას სულ უფრო პომპეზურად აღნიშნავდნენ.
ვინ და როგორ იკვლევს დღეს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდს, რა უშლის ხელს ამ პროცესს და რისი გააზრებისთვის არის მნიშვნელოვანი საბჭოთა პერიოდის კვლევა?
ისტორიკოსი, "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" დამფუძნებელი, დავით ჯიშკარიანი ლაპარაკობს ინსტიტუციური კვლევისა და არქივების ხელმისაწვდომობის დეფიციტზე. მაგალითად, ამბობს, რომ დოკუმენტი რის საფუძველზეც შსს-ს არქივის განსაიდუმლოება მოხდა, საიდუმლოა და მკვლევრებმა არ იციან რა სამართლებრივი საფუძველი აქვს მათ დაშვებას საარქივო მასალებთან:
"ანუ, გვაკლია ყველაფერი. ჩვენ - ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც იკვლევს, ამას პრაქტიკულად აკეთებს მოხალისეობრივად და შესაბამისად, აქვს ყველანაირი ხიბლი, რაც აქვს მოხალისეობას და აქვს ყველანაირი ნაკლი, რაც შეიძლება ჰქონდეს მოხალისეობრივ საქმიანობას. ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფოს, მის პოლიტიკურ ელიტებს და საზოგადოებას 25 თებერვლის აღნიშვნა უნდათ როგორც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტრავმული დღის აღნიშვნა, დანარჩენი კი ძალიან მძიმეა გასააზრებლად".
რა არის ასეთი რთული ისტორიის გაგებასა და მიღებაში?
"საბჭოთა ისტორია იმდენად ახალია, ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ იქ ყოველდღე რა ხდებოდა, მაგრამ ეს იმდენად მძიმეა და იმდენად არ ჯდება იმ ტრავმულ ნარატივში, რომელიც შემდგომში შეიქმნა, რომ აი, ჩვენ ექსკლუზიურად მსხვერპლი ვართ საბჭოთა ოკუპაციის, რომ, როგორც ჩანს, ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს ინტელექტუალური, რომ ეს ყველაფერი გავიაზროთ. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ მცდელობაც არ ყოფილა, დაეწყოთ სისტემურად ამის ანალიზი",
- ამბობს დავით ჯიშკარიანი და შენიშნავს, რომ ეს ზედაპირზეც ჩანს - ყოველწლიურად მედიასაშუალებებით თითქმის იდენტური მასალა ქვეყნდება ოკუპაციაზე, რეპრესირებული ადამიანების სიაც კი არ იცვლება.
რა მოაქვს საზოგადოებისთვის არქივების გახსნას?
"არქივების გახსნა ცვლის ისტორიულ მეხსიერებას. თავიდან გვეგონა, რომ 1937 წელს ინტელიგენცია დახვრიტეს, პირველივე კვლევებმა აჩვენა, რომ თუ დაუხვრეტიათ გლეხობა დაუხვრეტიათ ამ ქვეყანაში. ყველაზე დიდი პრესი იყო ზუსტად გლეხობაზე. რომ გვეგონა 1956 წელს ხალხი სუვერენიტეტის და გამოყოფის უფლებით გავარდა ქუჩაში, აღმოჩნდა, რომ სრულიად სხვა მიზეზით არის დემონსტრაციები დაწყებული. არქივების გახსნილობა გაიძულებს რეალურ პროცესებს ჩახედო და ეს შორსაა იმ მითოლოგიისგან და არსებული მეხსიერებისგან, რომელიც გვაქვს".
რაც შეეხება საქართველოს ოკუპაციას აწმყოში და მის ცოდნას, დავით ჯიშკარიანი ამბობს:
"საქართველოს აქვს ამხელა პრობლემა მეზობელთან და თქვენ ვერ დამისახელებთ საქართველოში სამეცნიერო ცენტრს, რომელიც სწავლობს რა ხდება რუსეთში და რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან როგორც სისტემური, სტრატეგიული მნიშვნელობის ცენტრი. რეალურად სახელმწიფო არ არის მზად შეისწავლოს მისი უმთავრესი საფრთხე და გამოწვევა. ეს იგივეა, ადამიანს რაღაც სჭირდეს და თქვას, რომ არ სჭირდება მედიცინა და ექიმი. ის ხომ განწირულია და ეს მხოლოდ დროის ამბავია. დაახლოებით ასეთი რამ გვჭირს რუსეთთან მიმართებით. ეს მიდგომა უშუალო ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, რომლებიც გამყოფი ხაზის ახლოს ცხოვრობენ. ადამიანი დათესავს რამეს და არ იცის, სეზონის ბოლოს მოიწევს თუ არა. როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება?".
ისტორიკოსი საზოგადოების ინფანტილიზმს ისტორიის დავიწყებას აბრალებს. მეხსიერების არქონა და ინსტიტუციების განუვითარებლობა ერთად ასუსტებს სახელმწიფოს:
"ქვეყანა ჩამოყალიბდა ისე, რომ არ არის ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა. სისტემა არის აწყობილი პერსონალურ ურთიერთობებზე. აი, ფეოდალიზმი როგორც იყო: ლიპარიტ ბაღვაშს თუ უყვარდა ბაგრატ მეფე, მაშინ კარგი ურთიერთობა იყო. თუ ლიპარიტს არ უყვარდა დავით აღმაშენებელი, მაშინ ბაგრატიონები ამოწყევტდნენ ბაღვაშებს. ჩვენთან ზუსტად ეს მდგომარეობაა. არ არის ინსტიტუციები. როგორც ისტორიკოსმა შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო, რომელიც არ იმართება სისტემით, ის სახელმწიფო არის ყველაზე დაუცველი და ბეჩავი. სისტემა არის გამძლეობა. სისტემა ინარჩუნებს მეხსიერებას".