Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ პეტრიაშვილი: „რა ვუყოთ, თუ ბევრი გასაჭირი შეგხვდებათ“


„სიყვარულს ხომ საერთოდ ყველაფერი შეუძლია, ხოლო ნათება მთლად ჩვეულებრივი რამაა მისთვის“... ამ სიტყვების ავტორმა, გურამ პეტრიაშვილმა, კიდევ ორი წიგნი გამოსცა: „ირინეს ზღაპრები“ და „ახალი და ძველი ზღაპარლექსები“.

- თქვენს ზღაპრებში ვიღაც ყოველთვის გამოირჩევა მასიდან - თან, გამოირჩევა ისეთი თვისებით, რომელიც მას არ უნდა ჰქონდეს, მაგალითად, მფრინავი ბეჰემოთი. რამ უნდა მისცეს ადამიანს ძალა, რომ ბეჰემოთიდან მფრინავ ბეჰემოთად იქცეს?

- ეგ რომ ვიცოდე, მე გავხდებოდი მფრინავი ბეჰემოთი. რა ვიცი, როგორ უნდა მოხდეს. ბუნებამ, მშობლებმა, გენმა, ჯიშმა... მაგრამ ამას გამორჩეულობას არ დავარქმევ. არანორმალურები ისინი არიან, ვინც ასეთი არაა.

„მაშინ კინწისკვრით უნდა გამეყარა ჩემი სტუმრები და კაცი სამუდამოდ დარჩებოდა ჩემთან. შემდეგ სახლში გაჩნდებოდნენ პატარები, ისინიც მასავით მანათობლები იქნებოდნენ, ღამით ისინიც დაიხურავდნენ ნაირფერ აბაჟურებს, ირბედნენ ერთი ოთახიდან მეორეში და, შორიდან ამ სახლს თუ შეხედავდი, იმაზე კარგი სანახავი, ალბათ, არაფერი იქნებოდა ამ ქვეყენაზეო ...“ („პატარა ქალაქის ზღაპრები“)

- თქვენთან სულ არის მარტოხელა ქალი, არშემდგარი სიყვარული...

- მსოფლიო ისტორია სასიყვარულო ისტორიებისგან შედგება: ნახატიც, კინოც, მოთხრობაც... რაღაცის გამო ან ვერ შედგება მათი ერთობა, ან ერთს უყვარს და მეორეს არ უყვარს. სწორედ სევდაა ის, რისგანაც დიდი ნაწარმოებები იქმნება, მაგალითად, მერაბ ბერძენიშვილის „კიდევაც დაიზრდებიან“ ჩემთვის სევდიანია. „ვეფხისტყაოსანიც“ ისე ხომ არ იყო, რომ მოდიოდა ხინკლით კარგად გამომძღარი რუსთაველი და მოდი, ახლა დავწერ „ვეფხისტყაოსანსო“. არა, ბატონო. მხოლოდ სევდა ბადებს დიდ ნაწარმოებებს.

- მეც მიფიქრია, რა გადაიტანა ასეთი რუსთაველმა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ დაწერა-მეთქი.

- გადაიტანა, ალბათ.

- შემოქმედება მოითხოვს მსხვერპლს, მაგრამ ადამიანსაც ხომ უნდა, რომ გაიხაროს?

- გაიხაროს, ვინ უშლის?! მე იმის მომხრე კი არა ვარ, რომ მოღუშულებმა ვიაროთ.

- ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანს მუდმივად აქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რომელიც არ აძლევს საშუალებას ბედნიერება სრულფასოვნად შეიგრძნოს.

- მე დიდი ხანია ვცხოვრობ ამქვეყანაზე და ბედნიერება არ არის ის გრძნობა, რომელიც დიდხანს გრძელდება. ბედნიერება არის წამები - მაგალითად, ჩემი პირველი ქალიშვილი პირველად რომ ვნახე. მერე უკვე ცხოვრება მიდის და სულ მაღალ გრადუსებში ხომ არ იქნება ურთიერთობა?! უყურებ, გიხარია, ტირის და შენც ტირილი გინდა... მაგრამ ბედნიერება მარტო ის წუთები იყო. ბედნიერება იყო, პირველი წიგნი რომ გამოვეცი; ლანა ღოღობერიძემ ეპიზოდურ როლში რომ გადამიღო; მეზობელი გოგო რომ შემიყვარდა და პირველად ვაკოცე...

- ბედნიერებისგან წერენ?

- ეს მინდა ვთქვა. მე რა ნახატებიც მიყვარს ქართულ მხატვრობაში, ყველაფერი სევდისგან არის დახატული: ფიროსმანის შველი ვარდის ბუჩქთან, დავით კაკაბაძის „დედა“, დიმიტრი ერისთავის „იების გამყიდველი“, ზურაბ ნიჟარაძის „ჩიტების გამყიდველი“. ჩემი ზღაპრების წიგნის მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე თავად ვიპოვე. ნინომ მითხრა, ხშირად მეუბნებიან, რატომ არის შენი ნახატები სევდიანიო. მე ვუთხარი, მეც ამას მეუბნებიან-მეთქი. ჩვენ განზრახ კი არ ვიგონებთ. ეგრე გვეწერება.

​შემოქმედს უყვარს ცხოვრება. ცხოვრება უნდა გიყვარდეს, მაგრამ ახუნტრუცებული თუ დაკუნტრუშობ, ვერაფერს დაწერ. მეც ახლა, თუ წავედი ვიღაცასთან ერთად, ცოტა ლუდი შევსვი, ბევრს ვეღარა ვჭამ ხინკალს, მაგრამ, ვთქვათ, შვიდი ხინკალი შევჭამე, ამ დროს არ მეწერება. და ისე, მართალი გითხრათ, თუ ძალიან მშიერი ვარ, მაშინაც არაფერი მეწერება. ფერებს ვეღარ ვხედავ. ცოტას რომ შევჭამ და სულს მოვითქვამ, მერე ფერები ეძლევა სამყაროს.

- გამოგიცდიათ შიმშილობა?

-დედაჩემს სამი ობოლი ვყავდით. მამა ადრე გარდაგვეცვალა. ეს სამი შვილი ხომ უნდა არჩინო და როგორ უნდა არჩინო? სოფლის ფოსტის გამგე იყო. არაფერი ხელფასი არ ჰქონდა. ვიღაცები თავისი პენსიიდან თუ დაუტოვებდნენ კაპიკებს. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, სულ მშიოდა. სტუდქალაქში ვცხოვრობდი. დღეში მანეთი უნდა დამეხარჯა. სასადილოში დილით 30 კაპიკად საუზმეს ვყიდულობდი: ერთი„ბიტკი“ (კოტლეტივით იყო), პიურე და კარაქის სულ პატარა ნაჭერი. შუადღისას ბორშჩი ან სუპი და ერთი კოტლეტი, 40 კაპიკად. საღამოს ვახშამი, ისევ 30 კაპიკად. თან უნივერსიტეტის ნაკრებში ფეხბურთს ვთამაშობდი. სპორტსმენს კარგი ჭამა უნდა, მე კი სულ მშიერი ვიყავი. ამის გამო ქათმის სიბრმავე დამემართა. ადამიანს უყურებ, ნახევარს ხედავ, ნახევარს - ვერა. ახლა აღარ მჭირს. წავედი ექიმთან, ალბათ, ვბრმავდები-მეთქი. იმას ცრემლები წამოუვიდა: არა, შვილო, კი არ ბრმავდები, ეტყობა, ვერა ჭამ, არა გაქვს საჭმელიო. სტუდქალაქში სანატორიუმი იყო, იქ გამამწესა. ორი თვე ვიყავი და მოვიკეთე.

მერე კიდევ, აქედან უკრაინაში რომ გავიქეცი (უნდა გავქცეულიყავი, ავტომატებით მომსდევდნენ) სამუშაო არ მქონდა. თან, მე კიევში ვიყავი, ჩემი ოჯახი - ჩერნიგოვში. თუ რამეს ვიშოვიდი, იმათ ვუგზავნიდი. ეს მოვიფიქრე, დღეში ერთ ბატონს და 200 გრამ კარაქს ვჭამდი. ამის გამო ჰიპერტონიული კრიზი დამემართა, კინაღამ მოვკვდი.

- თქვენი პერსონაჟებიდან თქვენ რომელი ხართ? ყველა ერთად, თუ რომელიმე ერთი? მე ვფიქრობ, უფრო ყირამალა მოსიარულე კაცი ხართ.

- არა. ნინომ ჩემი წიგნი რომ დახატა, ვუთხარი, აი, ეს ნახატი მაჩუქე-მეთქი. პატარა ბიჭუნა ზის გრძელ სკამზე და ხელში დიდი თაიგული უჭირავს. ეს არის ბიჭუნა, რომელსაც სიზმრებიდან გამოაქვს ყვავილები. მე მგონი, ესა ვარ, მეც სიზმრებიდან გამომაქვს ზღაპრები.

- თქვენი სხვა პერსონაჟები ცხოვრებაში თუ შეგხვედრიათ? თქვენს ზღაპრებში ხშირად არის ადამიანი, რომელიც, საზოგადოდ, მიღებული ქცევის წინააღმდეგ მიდის. თუნდაც ის ზღაპარი - მთელი ქალაქი რომ ჩემოდნებით დადიოდა და ერთი -არა.

- ამაშია თვით ყბადაღებული დემოკრატიის არსიც. არ უნდა ჩემოდანი. ვისაც უნდა, ატაროს, მაგრამ მე არ მინდა შენნაირი ვიყო. განა ნატაშა როსტოვა „ომი და მშიდობიდან“ არ არის გამორჩეული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი?! ძალით კი არ არის, ასეთი დაბადა დედ-მამამ.არ არის ნიუტონი გამორჩეული? ვისაც ვაშლი დაეცა, ყველამ მოიგონა მიზიდულობის კანონი? ფიროსმანი? რომ ხატავს იმ მოქეიფეებს, ისინი ქეიფობენ და ეს არ ქეიფობს, არ ექეიფება. მგონი, მე შევამჩნიე პირველად, რომ ფიროსმანის დახატული სუფრები არასდროს არის შუა ქეიფი, არსად პურიც კი არ არის გატეხილი ან თევზი შეჭმული, ახლა იწყება სუფრა.

„რა ვუყოთ, თუ ბევრი გასაჭირი შეგხვდებათ.​შეგაწუხებთ შიმშილიც, სიცივეც და უძილო ღამეებიც. და ვინ იცის, იქნებ, ერთ მშვენიერ ღამით, სიცოცხლის გაწირვაც კი დაგჭირდეთ, რომ ერთი კოკორი ან ერთი პაწია ჩიტი გადაარჩინოთ. მაგრამ მაინც ბედნიერები იქნებით, რადგან გეცოდინებათ, რომ თქვენით დგას ყველაზე მშვენიერი ქალაქი ამქვეყნად - ვარდებისა და ბულბულების ქალაქი“... („პატარა ქალაქის ზღაპრები“)

- 9 აპრილი მოდის. იმ ღამეს სად იყავით?

- 9 აპრილის ღამეს მე და ლუიზა შაკიაშვილიჯერ რუსთავში ვიყავით. ზვიადმა იქ გაგვაგზავნა მიტინგის ჩასატარებლად. გზაში ჯარისკაცებით სავსე ავტობუსები შეგვხვდნენ. იქაც დაარბიეს მიტინგები. თბილისში რომ დავბრუნდით, მთავრობის სახლისკენ წავედით. ვერ მივაღწიეთ, გადაკეტილი იყო და ხალხი გასისხლიანებული მორბოდა. მერე ტელევიზიასთან მივედით. ჩვენს უკან მოშიმშილეები იყვნენ და კედლად დავდექით მათ წინ. 15 წუთის შემდეგ კოლონა წამოვიდა. ფარებზე აბრახუნებდნენ, რომ შევეშინებინეთ, მაგრამ არ დავიძარით. სამჯერ წამოვიდნენ ჩვენზე, გვირტყამდნენ. იცოდნენ, გადავიღებდით და არ დაგვხოცეს, მაგრამ ცემით, მაგრად გვცემეს. ახალგაზრდებმა უკანა რიგში გადამაგდეს, რომ არ მომხვედროდა, მაგრამ გადმომწვდა ერთი და შიგ თავში რომ მდრუზა ხელკეტი... მაშინაც მქონდა სვანური ქუდი და იმან გადამარჩინა, თორემ თავს გამიჩეხავდა.

​მივხვდით, რომ დაგვხოცავდნენ და წამოვედით. სახლში რომ მივედი, ჩავჯექი სავარძელში და ეგრევე დამეძინა. დილით მეგობარმა დამირეკა, მთავრობის სახლთან ახალგაზრდები დაიღუპნენო. ჩემს ძმასთან ერთად „არამიანცის“ საავადმყოფოში მივედი. იქ ვნახე ჩვენი გოგონები, დახოცილები...

როგორ არ მახსოვს. მერე ბევრი რამ დამავიწყდა, მაგრამ ამას რა დამავიწყებს?!

წეღან ბედნიერებაზე ვლაპარაკობდით და მთავრობის სახლის წინაც განვიცადე ბედნიერი წუთები... ოთხ თუ ხუთ აპრილს ზვიადმა მე და ავთო იმნაძე გაგვაგზავნა, წადით, დიმიტროვის ქარხანა გაფიცეთო. ღამე წავედით ფეხით და დილის 5 საათზე იქ ვიყავით. ჩავატარეთ მიტინგი, მაგრამ იქაური კომკავშირის წარმომადგენლები ხელს გვიშლიდნენ. ჩვენი ცემაც უნდოდათ. ვიღაცეები მოგვისმენდნენ და შედიოდნენ იქვე, არ ჩერდებოდნენ. გვეგონა, ამაოდ ვქაქანებდით. წამოვედით და ვხედავთ, რომ ქარხნიდან უამრავი მუშა გამოდის. გზაში კიდევ გვემატებოდნენ. მოვდივართ, ზოგი გვიერთდება, ზოგი ფანჯრიდან გვიყურებს მწუხარე სახით... გრძნობდა ხალხი, რომ სისხლი დაიღვრებოდა.

მთავრობის სახლთან რომ შემოვედით, მერაბ კოსტავას ხმა გავიგე: „აი, ახლა შემოგვიერთდა, მეგობრებო, დიმიტროვის ქარხნის მთელი კოლექტივი“. უკან რომ მოვიხედე, ბოლო არ უჩანდა ხალხს. აი, ეს იყო ბედნიერი წამები.

როგორც ახლა არ არსებობს ქართული საზოგადოება, ასე იყო 1987 წელსაც, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილს დიდი ერი გავხდით. ამაზე დიდი არაფერია, როცა ერი უკვე უბრალო ხალხის გროვა კი არ არის, ერია და მიზანი აქვს.

- უკვე დევნილობაში თუ გქონდათ კონტაქტი ზვიად გამსახურდიასთან?

- ზუგდიდში ვიკრიბებითო, მითხრეს და ჩავედი. მე და დავით სოკოლოვი ტელევიზიას ვამზადებდით. იქ სულ ცოტა ათჯერ ვნახე ზვიადი. როცა მინდოდა, შევდიოდი. ხან საქმე მქონდა, ხან არ მქონდა საქმე, მაგრამ მიყვარდა მასთან ლაპარაკი. რუსთაველზე ვლაპარაკობდით.

- ზვიადზე და მერაბზე თუ გაქვთ დაწერილი ზღაპრები?

- გადამეკიდა ერთი ქალი, გინდა თუ არა „მექუდეში“ ზვიად გამსახურდიას გულისხმობო. არადა, ბევრად ადრეა დაწერილი, ვიდრე ზვიადს გავიცნობდი. რაღაც თუ იგრძენი წინასწარო. რა ვიცი, ალბათ, ვიგრძენი.

ზღაპარი „სუთეისი“ რომ დაიბეჭდა, მერაბისთვის მინდოდა მეჩუქებინა. ქუთაისელ თუთიყუშზეა და იმერელ კაცს გაუხარდება-მეთქი. ვიყიდე გაზეთი, მაგრამ... იმ დღეს მერაბი ავარიაში დაიღუპა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG