„კვლევის მთავარი რეკომენდაციები იყო ის, რომ საბოლოოდ, ადრე თუ გვიან, ეს კანონი [ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ] არის მთლიანად გასაუქმებელი და თუკი მასში არის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, ის უნდა გადავიდეს საპროცესო კოდექსში“, - ამბობს გურამ იმნაძე, EMC-ს მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ორგანიზაციამ შეისწავლა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონმდებლობა და პრაქტიკა, რისი მიზანიც იყო იმის გამოაშკარავება - როგორ უქმნის საფრთხეს ადამიანის უფლებებს ის სიცარიელეები, რაც საკანონმდებლო დონეზე არსებობს, ის პრაქტიკა, რასაც დღემდე მისდევენ სამართალდამცავი უწყებები და რომელთა შემოწმებაც დღეს შეუძლებელია:
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში ძალიან ბევრი რამ კეთდება, რასაც ჩვენ - მოქალაქეები, ვერ ვამჩნევთ, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ შეიძლება რაღაც ფორმით გვიწევდეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან შეხება, უფრო სწორად, ამ ღონისძიებების ფარგლებში ჩვენი უფლებები სხვადასხვა ფორმით იზღუდებოდეს.
თვითონ კანონმდებლობაა ძალიან ბუნდოვანი და ხშირ შემთხვევაში სწორედ კანონმდებლობა იძლევა არასწორი და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველი პრაქტიკების არსებობას ქვეყანაში“.
გურამ იმნაძე ერთმანეთს ადარებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და კანონს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ:
„მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გვეუბნება, რომ როცა დანაშაულის თაობაზე ინფორმაცია არსებობს, ყველა შემდგომი ღონისძიება უნდა განხორციელდეს სწორედ საპროცესო კოდექსის ფარგლებში და საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სტანდარტებით. ეს სტანდარტები გულისხმობს იმას, რომ გამომძიებლის თუ პროკურორის ნებისმიერი მოქმედება რაღაც ფორმით უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს. ეს არის საპროკურორო კონტროლი, როცა გამომძიებელი ახორციელებს მოქმედებას (ჩხრეკა, ამოღება და ა.შ.) და სასამართლო კონტროლი.
სასამართლო კონტროლი ესაჭიროება ყველა ისეთ ღონისძიებას, რაც იწვევს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი პირდაპირ უგულებელყოფს ამ წესს. მაგალითად, ერთ-ერთი საფუძველი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისთვის არის დანაშაულის თაობაზე ინფორმაცია, მაგრამ საკმარისი ცნობები არ არის, რომ საქმეზე დაიწყოს გამოძიება.
როცა გამომძიებელი ატარებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მასზე არ ვრცელდება არც საპროკურორო კონტროლი და არც სასამართლო კონტროლი“.
რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთ საქმიანობაზე კონტროლი?
„ეს ღონისძიებები ხშირ შემთხვევაში უკავშირდება ადამიანის პირად ცხოვრებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, თავისუფლების უფლებას. ამ ყველაფერმა შეიძლება ძალიან ინტენსიურად შეზღუდოს ეს ჩამოთვლილი უფლებები. ამაზე კონტროლი არ არსებობს. მოქალაქეს შეიძლება ხშირ შემთხვევაში არც ჰქონდეს ინფორმაცია ამის თაობაზე არც მოგვიანებით, არასდროს“.
გურამ იმნაძე ვრცელი გამოკვლევიდან გამოკვეთს კიდევ ერთ საკითხს - კონფიდენტის (საიდუმლო თანამშრომლის, ინფორმანტის) საქმიანობის რეგულაციას:
„ხშირად გამოძიებაში გვაქვს ხოლმე ასეთი შაბლონური ტექსტი „გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია“. ასეთი ინფორმაციის ავტორები არიან სწორედ ეს ინფორმანტები [კონფიდენტები], რომელთა არსებობაც კი შეიძლება ვერ შემოწმდეს, არათუ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ამაზე არათუ გარე საპროკურორო კონტროლი არ არსებობს - ვინ არის ეს ინფორმანტი, რა ფუნქციას ასრულებს, რამდენად ნებაყოფლობით იყო ჩართული საქმიანობაში (შეიძლება გამომძიებელმა ვიღაცას აიძულოს თანამშრომლობა), ამაზე უწყების, მაგალითად, შსს რომ ავიღოთ - სამინისტროს შიგნითაც კი, სამინისტროს მაღალ ხელმძღვანელობას ხშირად არ მიუწვდება ხელი ამ კონფიდენტებზე. ხშირად თვითონ თანამშრომლის დონეზევე რჩება ამ ადამიანების სახელები, გვარები და მათი თანამშრომლობის ფორმები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, ეს ადამიანები რამდენად ობიექტურები არიან შესაძლო დამნაშავის მიმართ, ვისზეც იძლევიან ინფორმაციას. ამ ყველაფრის საშუალებას, სამწუხაროდ, თვითონ კანონმდებლობა იძლევა“.
კიდევ არაერთ საკითხზე მოისმენთ და ნახავთ ინტერვიუში გურამ იმნაძესთან: