თითქმის 23 თვის წინ, როდესაც კრემლი უკრაინაში შეიჭრა, ათობით ათასი სხვა რუსის მსგავსად, ისინიც თბილისში ჩამოვიდნენ. დისტანციურად მუშაობდნენ რუსულ ტექ. კომპანიებზე და, სამაგიდო თამაშების სიყვარულის წყალობით, ქართველი მეგობრებიც გაიჩინეს.
სამეზობლოში დენისა და წყლის ხშირი გათიშვა დამღლელი იყო. ინტერნეტი - იმაზე ნელი და გაცილებით ძვირი, ვიდრე მოსკოვში. მაგრამ ბევრად რთული გადასატანი იყო მუდმივ არამეგობრულ განწყობასთან შეგუება, რომელსაც ქართველებისგან გრძნობდნენ. მათ ადანაშაულებდნენ უკრაინაში ომის გამო.
“ისინი მხარს უჭერენ უკრაინას, იმიტომ, რომ ამ სიტუაციაში საკუთარ თავს ხედავენ და მე მათი სრულიად მესმის”, - თქვა ეკატერინამ, რომელსაც საკუთარი გვარის გამჟღავნება უსაფრთხოების მიზეზით არ უნდა. მაგრამ, ამავდროულად, “არავის უნდა ყოველდღე იმის მტკიცება, რომ ‘კარგი რუსია’”.
2022 წლის დასაწყისში ათობით ათასი რუსის ჩამოსვლამ შოკში ჩააგდო საქართველო, რომელიც ისედაც გაბრუებული იყო უკრაინაზე თავდასხმით. ბევრი ქართველი უკრაინასთან თავს აიგივებს, რუსეთს კი მტრად და მტარვალად ხედავს.
ქართველები ასევე გააბრაზათ მათი მთავრობის პასიურმა რეაქციამ უკრაინაში ომზე. ამიტომაც ამდენი რუსის ჩამოსვლამ - იმისდა მიუხედავად, რომ ბევრი საკუთარ ხელისუფლებასა და ომს გმობდა - ვითარება კიდევ უფრო დაძაბა.
ახლა კი ბევრი რუსი, ზედმეტი ხმაურის გარეშე, საქართველოს ტოვებს.
ბოლო წვეთი იყო შემთხვევა, რომელიც ზაფხულში მოხდა, როდესაც ეკატერინასთან მისი ქმრის მშობლები ჩამოვიდნენ. ისინი რუსეთის სამხრეთით, პატარა ქალაქში ცხოვრობენ და ეს მათთვის პირველი მოგზაურობა იყო საზღვარგარეთ. “აღტაცებულები იყვნენ, სულ იმას გაიძახოდნენ, რა ლამაზიაო”, - იხსენებს ის.
მაგრამ ერთ დღესაც, როცა მთელი ოჯახში ტაქსიში ჩაჯდა, მათ დახვდათ მძღოლის მიერ გამოკრული ნიშანი, რომელზეც ინგლისურად ეწერა “Russians go home” (რუსებო, სახლში წადით).
“ძალიან გამიხარდა, ინგლისურად რომ ვერ კითხულობდნენ”, - იხსენებს ეკატერინა. “როდესაც ეს შეტყობინება წავიკითხე, ღმერთო, კინაღამ ვიტირე. ვიჯექი და ვფიქრობდი, არა, აქედან უეჭველად უნდა წავიდეთ-მეთქი. მართლა ძალიან სევდიანი მომენტი იყო”.
მალევე წავიდნენ - სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქში, ნოვი სადში, რომელიც მდინარე დუნაის ნაპირზეა განლაგებული. მათ იქირავეს დიდი ბინა, იმავე ფასად, რა ფასშიც თბილისის გარეუბანში პატარა ბინა მოსდიოდათ. სერბები გაცილებით ნაკლებად აგრესიული არიან რუსების მიმართ. თანაც სერბეთში მზარდი რუსული ტექ-საზოგადოებაა, რომელშიც სწრაფად ინტეგრირდნენ.
“ყველაზე მნიშვნელოვანი შენი სათვისტომოს პოვნაა”, - თქვა ეკატერინამ.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს საქართველო 30 ათასზე მეტმა რუსმა დატოვა. მათმა უმრავლესობამ ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე გააკეთა, რითაც ომის გამო ჩამოსული მიგრანტების რაოდენობა თითქმის ერთი მესამედით შემცირდა.
ოდესღაც საქართველო მათთვის მიმზიდველი და სტუმართმოყვარე თავშესაფარი ჩანდა. მაგრამ ამ ბოლოს სულ უფრო მეტი რუსი გამოთქვამს უკმაყოფილებას ქართველების მხრიდან მტრული დამოკიდებულებისა და ბიუროკრატიული წინაღობების გამო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უქმნით.
კატია ჩიგალეიჩიკი, ანთროპოლოგი, რომელიც რუსულ მიგრაციას სწავლობს, ამბობს - ბოლო თვეებში რუსების კრიტიკულმა მასამ გადაწყვიტა, რომ საქართველოში ცხოვრება არ უღირს. მისი თქმით, სპეციფიური ტრიგერი არ არსებობს, უბრალოდ ბევრმა გაიაზრა, რომ საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
“ადამიანებმა გაიაზრეს, რომ არაფერი იცვლება”, - თქვა მან. “ზუსტად ამაშია საქმე: არაფერი არ მომხდარა”.
შემოდინება
რუსებმა საკუთარი სამშობლოდან გადინება უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში დაიწყეს, 2022 წლის თებერვალში.
ბევრი წავიდა ომის მიუღებლობის გამო, სხვებს ეშინოდათ, რომ რეპრესიები მათ ცხოვრებას გაუსაძლისს გახდიდა, ან რომ საერთაშორისო სანქციების გამო მუშაობას ვეღარ გააგრძელებდნენ. რუსების კიდევ ერთმა ტალღამ ქვეყანა იმავე წლის სექტემბერში დატოვა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია.
ემიგრაციის ორივე ტალღისთვის საქართველო ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი იყო. საქართველო ესაზღვრება რუსეთს, მასში ჩამოსვლა შედარებით იაფია და ის არ სთხოვს რუსებს ვიზებს.
რუსების სხვადასხვა თაობისთვის საქართველო ოდითგანვე საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. ბოლო წლებში კი ის პოპულარული გახდა ახალგაზრდა, ლიბერალურად განწყობილ რუსებს შორის, როგორც მათ სამშობლოზე უფრო თავისუფალი ქვეყანა.
2022 წლის ბოლოს, საქართველოში დაახლოებით 110 ათასი რუსი გადაბარგდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად. მიგრანტები ძირითად ორ ქალაქში დაბანაკდნენ - თბილისსა და ბათუმში. ორივე ქალაქის ზოგ უბანში რუსული ენა უფრო ხშირად ისმის, ვიდრე ქართული.
ქირის ფასები ზემოთ ავარდა, საშუალო კლასის ამდენი წარმომადგენლის ჩამოსვლამ კი ეკონომიკა გამოაცოცხლა: 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 10 პროცენტზე მეტად გაიზარდა. აქედან 2 პროცენტი მაინც რუსების შემოდინების დამსახურებაა, - ამბობს ეკონომისტი დავით კეშელავა, რომელმაც მიგრაციის ეკონომიკური ზეგავლენა შეისწავლა.
მიგრაციამ საზოგადოებაში დაძაბულობაც გაზარდა. საზოგადოებრივი აზრი ცალსახად უკრაინის მხარესაა. იმისდა მიუხედავად, რომ რუსი მიგრანტების უმრავლესობა ამბობს, რომ ომისა და პუტინის წინააღმდეგია, ბევრი ქართველი კონფლიქტზე პასუხისმგებლობას მაინც მათ აკისრებს. გარდა ამისა, რუსებს ადანაშაულებენ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველოს დევნისთვის. ეს დევნა განსაკუთრებით თვალშისაცემია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოპოვა.
2008 წლის ხუთდღიანი ომის დროს, რუსული ჯარი საქართველოში შეიჭრა. იქიდან მოყოლებული, მოსკოვი, როგორც სამხედრო ხერხებით, ისე დიპლომატიურადაც, ზურგს უმაგრებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ქართველები ამას თავიანთი ტერიტორიის ოკუპაციას ეძახიან.
რუსებს განსაკუთრებით აქტიურად ადანაშაულებენ ახალგაზრდა, ლიბერალი ქართველები. უმეტესწილად, რუსი მიგრანტების თანატოლები. თბილისის ცენტრალური უბნები ანტირუსული გრაფიტებით დაიფარა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქულებს იწერენ იმით, რომ რუსებისთვის საქართველოში ცხოვრების გართულების პირობას დებენ.
გადინება
საქართველოში ეს ბევრს არ შეუმჩნევია, მაგრამ მონაცემები მყარად მიუთითებს რუსების გადინებაზე.
წინა წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნიდან გასული რუსების რაოდენობა 6 ათასით მეტი იყო შემოსულებზე. წლის მესამე მეოთხედში გასვლის სიჩქარე გაიზარდა: სხვაობა 14 ათასი გახდა. წლის ბოლო მეოთხედში ის 11 ათასს უდრიდა.
იმავეზე მიუთითებს ფინანსური მონაცემებიც. 2022 წლის დეკემბერში, რუსეთიდან საქართველოში 317 მილიონი დოლარი ჩაირიცხა. სავარაუდოდ, ამ თანხის დიდი ნაწილი იყო ხელფასები, რომელსაც რუსული კომპანიები საკუთარ თანამშრომლებს უხდიდნენ. 2023 წლის დეკემბერში, ეს თანხა 71 მილიონამდე შემცირდა.
თბილისში მყოფი რუსები ამბობენ, რომ გადინება ზაფხულში შეამჩნიეს. “თითქოს ყოველ ორ კვირაში, ჩემი რომელიმე მეგობარი ან ნაცნობი ქვეყნიდან მიდის”, - ამბობს ჩიგალიჩეიკი, რომელიც თბილისში სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდა, ომის დაწყებიდან ცოტა ხანში.
რუსეთიდან ჩამოსულ კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად, მან შექმნა არაფორმალური ჯგუფი, რომელიც რუსულ მიგრაციას იკვლევს.
მათ შესახებ, რადიო თავისუფლება შარშან აპრილშიც გიყვებოდათ:
ამ ჯგუფის ერთადერთი წევრი ვარ, რომელიც ჯერაც საქართველოშია, - ამბობს ჩიგალეჩიკი. დანარჩენები ევროპაში ან ამერიკაში წავიდნენ სასწავლებლად.
რუსების წასვლას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, - განმარტავს ის. მაგრამ ორი მთავარი მიზეზი ბიუროკრატიული გაურკვევლობა და გამოკვეთილად ანტირუსული განწყობებია. “ბინადრობის უფლებას ვერ მიიღებ, და ადამიანებიც დაიღალნენ იმით, რომ მათი აქ ყოფნა არავის უხარია”.
რუსების მიუღებლობა განსაკუთრებით ძლიერი იყო ომის დასაწყისში. ვრცელდებოდა ცნობები ქართველებსა და რუსებს შორის ბარებში მომხდარი ჩხუბების შესახებ. ზოგი ქართული რესტორანი არ ემსახურებოდა რუსებს.
დროთა განმავლობაში, ბრაზი თითქოს მიყუჩდა. მაგრამ რუსების მიღების მზაობა ქართველების უმრავლესობას მაინც არ აქვს. რუსები ხშირად ჰყვებიან, რომ ქართველები გულგრილად ელაპარაკებიან.
“ადამიანები გრძნობენ ერთგვარ ზიზღს, რომელიც გაცილებით უფრო ტრავმატულია, ვიდრე, ვთქვათ, ვინმე მთვრალმა ტიპმა რომ გლეწოს”, - ამბობს ჩიგალეიჩიკი.
პრობლემები საზღვარზე
რუსებს საქართველოში ცხოვრებას ბიუროკრატიული წინაღობებიც ურთულებს.
ბევრი საქართველოში ქვეყნის ლიბერალურმა საემიგრაციო პოლიტიკამაც ჩამოიყვანა. 95 ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის რუსებსაც, შეუძლიათ ერთი წლით გაჩერდნენ ქვეყანაში უვიზოდ. ანუ საქართველოს წელიწადში ერთხელ მაინც თუ დატოვებენ, აქ ცხოვრება მუდმივად შეუძლიათ. ამიტომ ბევრი უბრალოდ გადადიოდა ცოტა ხნით მეზობელ სომხეთში და ისევ უკან ბრუნდებოდა.
მაგრამ ბევრ რუსს საქართველოში დაბრუნებაზე უარი უთხრეს. ხშირად უარს ეუბნებოდნენ მათ, ვინც კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ოპოზიციასთან. მათ შორის, ამის შემდეგაც საქართველოში ალაპარაკდნენ, რომ ქვეყანამ ავტორიტარული გზა აირჩია, რუსეთთან მეგობრობს და ოპოზიციონერებსაც იმიტომ არ უშვებს, რომ კრემლი არ გააღიზიანოს.
მაგრამ ოპოზიციონერების არშემოშვება მხოლოდ აისბერგის მწვერვალია.
“უარს ეუბნებიან არა მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ რუსებს, ხშირად უკან აბრუნებენ ტურისტებს და საქმიან ადამიანებსაც. ეს შემთხვევითად ხდება”, - ამბობს ანტონ მიხალიჩუკი, რომელიც თბილისში Free Russia Foundation-ის, რუსეთიდან გაქცეული ოპოზიციური ჯგუფის, ოფისს მართავს.
მიხალჩუკი ამბობს, რომ სასაზღვრო პოლიტიკა საქართველოს მთავრობის შიდა და გარე პოლიტიკური იარაღია. მაგალითად, თუკი ბევრი რუსი მხარს დაუჭერს ქართულ ოპოზიციას, მთავრობამ შეიძლება გაამკაცროს რუსების შემოშვება, რუსულ თემზე წნეხის გასაზრდელად.
“თითქოს ამბობენ, სამას ადამიანს უნდა ავუკრძალოთ საქართველოში შემოსვლაო”, - ამბობს ის. ანდაც, თუკი რუსები თბილისში გააპროტესტებენ უკრაინის ომს, ან რაიმე პოლიტიკურ საქმიანობას წამოიწყებენ, კრემლმაც შეიძლება მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას რუსულ თემზე ზეწოლა.
“დღეს საქართველოს უწევს მანევრირება ყურის ძირში მყოფ მტერსა და დასავლეთთან ურთიერთობებს შორის”, - ამბობს მიხალჩუკი. “ამის შედეგია ერთგვარი არათანმიმდევრული პოლიტიკა რუსული თემის მიმართ".
ამავდროულად, ზოგმა რუსმა ქვეყანაში დარჩენის არაფორმალურ გზებსაც მიაგნო. თეორიულად, ბინადრობის უფლების მოთხოვნა შეუძლია ყველა უცხოელს, ვინც იყიდის უძრავ ქონებას, რომელიც 100 ათას დოლარზე მეტი ღირს, ან ჩადებს ქვეყანაში 300 ათას დოლარს, ანდაც ექნება ბიზნესი, რომლის ბრუნვაც წელიწადში 190 ათას დოლარს აღემატება.
მაგრამ ბევრ რუსს უარს ეუბნებიან, იმისდა მიუხედავად, რომ ყველა პირობას აკმაყოფილებენ. ნინა ალექსა, რომელიც Free Russia Foundation-ში მუშაობს, ამბობს, რომ ახლა ბინადრობის უფლებას მსურველი რუსების მხოლოდ 60% იღებს. აი, ომამდე კი 90% იღებდა.
რადიო თავისუფლებამ ამ საკითხზე შსს-ს მიმართა, რომელმაც კომენტარის თხოვნა უპასუხოდ დატოვა.
ხანდახან Free Russia Foundation-ი ახერხებს საქართველოს უშიშროებასთან მოლაპარაკებას და ზოგიერთ ოპოზიციონერს საქართველოში უშვებენ. მაგრამ ბევრს მსგავსი კავშირები არ აქვს და მათთვის გაურკვევლობა ძალიან შემაშინებელია. სწორედ ეს გაურკვევლობა უშლით ხელს საქართველოში დამკვიდრებაში.
“ბევრს აქვს ბინა, ჰყავს მეწყვილე, კატა”, - ამბობს ალექსა. “ძალიან დამთრგუნველია, როდესაც ქვეყნიდან გამოსვლა და შემდეგ უკან დაბრუნება გიწევს”.
ცხოვრება გრძელდება
ომის დაწყების შემდეგ არტიომ გრინევიჩმა თბილისში ორი ბარი გახსნა, რომელთა სამიზნე აუდიტორიაც რუსი მიგრანტები იყვნენ. ის ბარების რამდენიმე რუს მეპატრონეს იცნობს. ბინადრობის უფლება მიიღეს მხოლოდ მათ, ვინც განაცხადი ომამდე შეიტანა. ყველამ, ვინც ბედი ომის დაწყების შემდეგ სცადა, უარი მიიღო.
მას ჰყავს ორი მეგობარი, ვინც საქართველოში აღარ შემოუშვეს. ამიტომაც გრინევიჩს გარისკვა არ უნდა. ის საქართველოში უკვე წელიწადზე მეტხანს რჩება და ფიქრობს, რომ როდესაც საქართველოდან წასვლას გადაწყვეტს, საზღვარზე უბრალოდ სტანდარტულ ჯარიმას გადაიხდის. “აქ ორი პროექტი მაქვს, ამიტომ აქ უნდა ვიყო”, - ამბობს ის.
გრინევიჩი ვარაუდობს, რომ თბილისში რუსმა მიგრანტებმა ომის შემდეგ ორასამდე ბარი გახსნეს. რამდენიმე დღეში ერთხელ, დახურულ ჯგუფში გრინევიჩი ნახულობს პოსტებს, რომ ვიღაცა ბარს ყიდის.
რთულია იმის განზოგადება, თუ სად მიდიან რუსები საქართველოდან, - ამბობს ანთროპოლოგი ჩიგალეიჩიკი, მაგრამ რაღაც უხეში პატერნები მაინც შეინიშნება.
ბევრი ოპოზიციონერი და ჟურნალისტი გერმანიაში მიდის, სადაც მათ ე.წ. ჰუმანიტარულ ვიზებს აძლევენ. ისინი, ვინც საქართველოში უმუშევარი ჩამოვიდა, იძულებული გახდა, რუსეთში დაბრუნებულიყო, რადგანაც დანაზოგი ამოეწურა. დისტანციურად მომუშავეები (თბილისში ჩამოსულებს შორის ყველაზე დიდი ჯგუფი) სერბეთში, ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში წავიდნენ, სადაც გაცილებით დაბალი ფასებია.
მაგრამ სერბეთში სხვა სირთულეები ხვდებათ. ემიგრანტების უმრავლესობა პუტინის მოწინააღმდეგეეა. სერბებს კი არა მხოლოდ რუსები მოსწონთ, არამედ თავად პუტინიც.
“ეუბნებიან, რუსი თუ ხარმ ოქეია, იმიტომ, რომ პუტინი მაგარია. ეს თუ არ გაწუხებთ, სერბეთში მარტივად იცხოვრებთ”, - იცინის ჩიგალეიჩიკი.
პოლიტიზებული პრობლემა
რუსული სათვისტომო საქართველოში კი მცირდება, მაგრამ მის შესახებ პოლიტიკური დისკუსიები მაინც გრძელდება.
როდესაც რუსებმა ჩამოსვლა დაიწყეს, ოპოზიციური პარტიები ამის გამო “ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და ადანაშაულებდნენ, რომ ის რუსების მიმართ მეტისმეტად მეგობრულია.
ოპოზიცია იმასაც ითხოვდა, რომ საქართველოს რუსებისთვის სავიზო რეჟიმი დაეწესებინა და შეეზღუდა მათთვის უძრავის ქონების ყიდვის უფლება. ხელისუფლება კი თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ ჩამოსულთა შორის ბევრია ეთნიკური ქართველი, ვისაც უბრალოდ რუსული პასპორტი აქვს, რომ მიგრაცია ეხმარება ეკონომიკას და, რომ ბევრი მიგრანტი საქართველოში დიდი ხნით მაინც არ გაჩერდება.
რუსებისთვის შეზღუდვების დაწესება პოლიტიკურად მომგებიანი ნაბიჯი იქნებოდა. ბოლო კვლევის თანახმად, სავიზო რეჟიმის შემოღებას და უძრავი ქონების ყიდვის შეზღუდვას გამოკითხულთა 73% ემხრობა.
“საზოგადოება მეტ ქმედებას ითხოვს”, - ამბობს სალომე სამადაშვილი, რომელიც პარლამენტში ოპოზიციურ პარტია “ლელოს” წარმოადგენს. “ეს წინასაარჩევნოდ ჩვენი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანია ქართველებისთვისაც”.
ნოემბერში "ლელომ" წარმოადგინა კანონპროექტი, რომელსაც “საქართველოს დაცვის აქტი” დაარქვა და რომელიც რუსებს რიგ შეზღუდვებს უწესებდა: უზღუდავდა მუშაობის და მიწის შეძენის უფლებას, აწესებდა “საოკუპაციო გადასახადს” რუსული ბიზნესისთვის. ეს გადასახადები მოხმარდებოდა ქართველ დევნილებს.
სამადაშვილი ამბობს, რომ სანამ “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, პარლამენტი ამ კანონპროექტს არ მიიღებს. ის დარწმუნებულია, რომ რუსები კი მიდიან, მაგრამ ეს კანონპროექტი მაინც საჭიროა.
“შეიძლება კიდევ რამე მოხდეს და შემდეგ ეს [მიგრაცია] განმეორდება. ხალხი უნდა გრძნობდეს, რომ ვატარებთ თანმიმდევრულ პოლიტიკას რუსეთისგან საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად”.
ბევრი დარჩება
კი, რუსული თემი მცირდება, მაგრამ ის სრულად არ გაუჩინარდება, - ამბობს ჩიგალეიჩიკი. რუსული თემი ჯერჯერობით ოთხ ქალაქში იკიდებს ფეხს: ერევანში, ბერლინში, ბელგრადსა და თბილისში. თანაც ბევრი ემიგრანტი საქართველოში ყაზახეთიდან და თურქეთიდან ჩამოდის, - თქვა მან.
საქართველოში დარჩენილ რუსებს ალბათ რუსულ თემთან დაკავშირებული სამსახური ექნებათ. დარჩენილებს მოუწევთ, მოერგონ საქართველოში არსებულ რეალობას, ამბობს ჩიგალეიჩიკი. “ან შეეგუები თამაშის წესებს, ან მოგიწევს სხვაგან წასვლა”.