1 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ჩიტიძე, "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა 31 მაისის შემდგომ რეალობაში ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების პერსპექტივაზე. 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი, რომლის თანახმად, ერთი არასრულწლოვანი დამნაშავდე სცნეს წინასწარი შეცნობით დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო მეორე არასრულწლოვანი წინასწარი შეცნობით დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე დღეს პარლამენტმა მხარი დაუჭირა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას. საღამოს კი, მთავარი პროკურორი გადადგა თანამებობიდან. გიორგი ჩიტიძე განმარტა რა უფლებამოსილება აქვს საგამოძიებო კომისიას და რა არის სამართალდამცავთა კომპეტენცია შექმნილ ვითარებაში. გიორგი ჩიტიძე აფასებს იმ შეთავაზებებსაც, რომლებზეც 31 მაისს ჯერ კიდევ მთავარი პროკურორის პოსტზე მყოფმა ირაკლი შოთაძემ და მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადეს. გიორგი ჩიტიძისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს უკეთესი გამოძიების მოლოდინი შსს-ს მიმართ, ვიდრე პროკურატურის მიმართ იყო. თავის დროზე ხორავას ქუჩის საქმე პროკურტურამ სწორედ იმის გამო გადაიბარა, რომ ის უფრო კომპეტენტურ უწყებად ითვლება. გიორგი ჩიტიძე ამბობს, რომ დაზარალებულ მხარეს აღარ აინტერესებს საქმე, რომელსაც აქამდე იძიებდა პროკურატურა და რომელზეც სასამართლოს პირველმა ინსტანციამ განაჩენი გამოაცხადა. საჭიროა ახალი გამოძიების დაწყება დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე და აქაც არის გამოწვევები რეალური გარემოებების დადგენის კუთხით, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც დღემდე მოხდა. "დილის საუბრების" სტუმარი ლაპარაკობს საგამოძიებო კომისიის ამოცანაზეც: "მისი ერთადერთი ფუნქცია იქნება დაადგინოს შესაბამისმა უწყებებმა - ამ შემთხვევაში, პროკურატურამ - სწორად გამოიძია, თუ არა და კანონიერი იყო, თუ არა მისი ქმედებები ამ გამოძიების პროცესში".