საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი, გიორგი რუხაძე თვლის, რომ 12-13 თებერვალს სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ იქნება მორიგი „შტურმი“ ევროპარლამენტარებისგან:
„ხვალ და ზეგ იქნება მორიგი „შტურმი“ საქართველოს ხელისუფლებაზე სტრასბურგში. ეს საბოლოოდ სად წავა და რად გადაითარგმნება, ჩემთვის ძალიან ძნელი სათქმელია, რადგან სამი კვირის წინანდელ „შტურმს“ ჰქონდა ამოცანა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაეთმო, უკან დაეხია, საარჩევნო რეფორმა განეხორციელებინა, რომელიც მეტნაკლებად ყველასთვის მისაღები იქნებოდა და ამას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. დღეს უკვე ასეთი ამოცანის დასახვა ევროპარლამენტარების მხრიდან ცოტა ინფანტილური მგონია, მაგრამ კრიტიკის ქარცეცხლი კვლავ იქნება“.
ევროპარლამენტში შეხვედრების წინ გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯას გიორგი რუხაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ მისივე თანაგუნდელებისთვის გაკეთებულ „ცუდ საჩუქრად“ აფასებს:
„ისედაც ძალიან კრიტიკულად იყვნენ განწყობილი ევროპარლამენტარები და ჩვენ ვნახეთ სამი კვირის წინ ბრიუსელის სესიაზე რა ისმოდა საქართველოს დელეგაციასთან მიმართებით - ისმოდა, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ეს ყველაფერი გაამყარა ახლა გუშინდელი გადაწყვეტილებით ივანიშვილმა. ისინი ამბობდნენ, რომ დემოკრატია მიდის უკან, რომ სასამართლო არ არის, რომ ხელისუფლებამ ძალაუფლების მიტაცებისთვის ჩააგდო საარჩევნო რეფორმა და ამის გაყიდვას ცდილობს შიდაპარტიულ დემოკრატიად.
ყველა სხდომას, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს პოლიტიკას ეხება, ან ვუსმენ, ან იქ ვარ: სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რიტორიკა საქართველოსთან მიმართებით არასდროს მომისმენია“.
მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მოსაზრებას, რომ დასავლელი პარტნიორები არასათანადოდ არიან ინფორმირებული და მიკერძოებული ცნობების ტყვეობაში იმყოფებიან, პოლიტოლოგი ასე პასუხობს:
„ის ადამიანები, ვისგანაც ეს კრიტიკა ისმის, გასული ათი წლის და ზოგიერთი უფრო დიდი ხნის განმავლობაში, პირდაპირ არის ჩართული საქართველოს საქმეებში. [ანდრიუს] კუბილიუსი, ანა ფოტიგა და ბევრი სხვა ტრადიციულად არიან საქართველოს მეგობრები და მერწმუნეთ, საქართველოს შესახებ ინფორმაცია აქვთ ძალიან კარგად, მრავალი მხრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ მოლაპარაკებებში ჩართულია ევროკავშირის ელჩი. ის არის ერთ-ერთი მთავარი მოდერატორი და ელჩის მოვალეობაა, რომ მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე [ევროკავშირის] დედაქალაქებს. სრული სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ ოპოზიცია აწვდის ინფორმაციას და ხელისუფლება ვერ აწვდის. ჯერ ეს რა სასაცილოა.
...იმის თქმა, რომ იდიოტები არიან და ინფორმაციას ვერ არჩევენ ერთმანეთისგან - მართალი რა არის, ტყუილი რა არის, ეს გზავნილი არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას“.
გიორგი რუხაძის თქმით, უგულავას დაკავებით ივანიშვილმა არაერთი გზა ჩახერგა:
„ამ სიტუაციაში, როცა მთელი დასავლეთი ელოდა რაღაც საქმეს, მინიმუმ რაღაც ნაბიჯს, რომ საქართველოში ეს კრიზისი განმუხტულიყო და შემდეგი არჩევნები, რომელიც მთავარი მოვლენაა და მასთან მიმართებაში ხდება ყველაფერი, ჩატარებულიყო შედარებით უკეთეს გარემოში და ისეთ სივრცეში, რომელიც მინიმუმ შესაძლებლობას მისცემდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, რომ დაემტკიცებინა, რომ სწორ გზაზე დგას და დემოკრატიის განვითარების შანსი აქვს. რეალურად ამ ნაბიჯით, რასაც ჰქვია გიგი უგულავას ციხეში ჩამწყვდევა, ივანიშვილმა ფაქტობრივად ჩახერგა ეს გზა. მან აღარ დატოვა ოპოზიციასთან მოლაპარაკების სივრცე და თუ ოპოზიცია მაინც წავა მოლაპარაკებაზე ხელისუფლებასთან, ეს ნიშნავს, რომ მისი პოზიციები ბევრად უფრო სუსტი იქნება ხვალ.
მან ასევე ერთგვარად ჩახერგა გზა დასავლელ პარტნიორებთან იქიდან გამომდინარე, რომ ის ნდობის რესურსი, რომელიც ისედაც ძალიან ცოტაა და მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო პროპორციული საარჩევნო რეფორმა, მისი ნდობის მანდატი შეირყა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ახლა მას ჰქონდა შანსი, რომ რაღაც ფორმით წინ გადაედგა ნაბიჯები. აქაც ფაქტობრივად ბოლომდე ჩახერგა გზა და როგორც მაშინ არავინ დაიჯერა, რომ აჯანყდნენ მაჟორიტარი დეპუტატები, იგივენაირად არავინ დაიჯერებს, რომ უზენაესმა სასამართლომ ობიექტურად გამოიტანა განაჩენი უგულავას წინააღმდეგ.
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ: სამართლებრივი ნაწილი სრულიად უნაკლო რომ ყოფილიყო, მაინც პოლიტიკური ნაწილი იქნებოდა მთავარი, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნებამდე რვა თვით ადრე ციხეში უშვებ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც სულ მინიმუმ, შემდეგი პარლამენტის წევრია“.
„დილის საუბრების“ სტუმარი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური მოთამაშეები კვლავაც შეეცდებიან გამოსავლის ძიებას, თუმცა გიგი უგულავას დაკავების გამო „ვითარება არის ბევრად უარესი, ვიდრე იყო გუშინწინ“:
„ველოდები მეტ პოლარიზაციას, ნაკლებ სივრცეს დიალოგისთვის და საბოლოოდ, ეს ყველაფერი მიდის, როგორც ამერიკელები იტყვიან, showdown-თან, სადღაც არჩევნების დროს, როცა გლადიატორების ბრძოლაში ერთი გლადიატორი კლავს მეორე გლადიატორს. კეისარი, რომელიც ზის და ცერს ზევით აწევს თუ ქვევით დაწევს, ეს უკვე ხდება გეოპოლიტიკის ნაწილი.
...მას [ივანიშვილს] იმედი აქვს, რომ დასავლეთი, მიუხედავად ამ განცხადებებისა, იქნება მაინც შედარებით პასიური და ქმედითს ვერაფერს გააკეთებს მის წინააღმდეგ - ლაპარაკია პირდაპირ სანქციებზე და სერიოზული სიკეთეების უკან წაღებაზე“.
გიორგი რუხაძის შეფასებით, ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში, რუსეთის ინტერესებშია. სადამდე შეიძლება წავიდეს „ქართული ოცნების“ ლიდერი?
„ის შეეცდება გააკეთოს ყველაფერი, რომ ძალაუფლება არ დაკარგოს და ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ. ძალაუფლების წყარო საქართველოშიც და ყველა, მეტნაკლებად დემოკრატიულ სივრცეშიც არის ხალხი. იქამდე წავა ივანიშვილი, სადამდეც გაუშვებს მას საქართველოს მოსახლეობა. ყველასთვის უკეთესი იქნება, მათ შორის ივანიშვილისთვის, რომ ამ გზაზე ძალიან შორს არ წავიდეს, რადგან ვიცით როგორ ამთავრებენ დიქტატორები და ისიც ვიცით, საქართველოში გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლება იცვლება, მიუხედავად იმისა ვის მეტი ფული აქვს, რა სისტემაა ქვეყანაში და ა.შ..
ამ ზღვართან ივანიშვილი არის ძალიან ახლოს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება, ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი და ზოგადად, ის ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის ქვეყანა, გადაწყვეტენ 2020 წლის ბოლოს როგორ უნდა გააგრძელოს საქართველომ არსებობა - ის უნდა იყოს დემოკრატიის გზაზე და საბოლოოდ მივაღწიოთ საერთო მიზანს - რომ შედგეს სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფო, თუ მივდივართ დემოკრატიის უკანდახევით და საქართველო ხდება რაღაც ფეოდალური ტერიტორიული ერთეული, რომელსაც აღარ აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს ნიშნები. ამ ზღვარზე ვართ და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნის გაკეთება მოგვიწევს 2020 წლის ბოლოს“.