"სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე," - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, სადაც საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ იყო საუბარი.
ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა წერილებით 8 მაისს მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ევროპარლამენტარებს სჭირდებათ მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება შესრულდება და 2020 წლის არჩევნები თავისუფალ სამართლიან გარემოში ჩატარდება.
წერილში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, ლიტველი პარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აღნიშნავს, რომ 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილისადმი გამოტანილი ხუთწლიანი პატიმრობის განაჩენი მხარეთა შორის უნდობლობის ზრდის გამოხატულებაა. აქვე იგი აღნიშნავს, რომ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნს ქვეშ აყენებს შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს.
ამ წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად გიორგი გახარიამ უარყო საქართველოში პოლიტიკური პატიმრობის არსებობა.
"მოდით ასე შევთანხმდეთ, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე“, - თქვა გიორგი გახარიამ 9 მაისს, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან.
ევროპარლამენტარის წერილს 8 მაისს გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოს მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.