Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ამ პროცესს, აღქმული იქნება ანაკლიის პორტის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად"


გიგლა მიქაუტაძე, "გადასახადის გადამხდელთა კავშირის" ვიცეპრეზიდენტი
გიგლა მიქაუტაძე, "გადასახადის გადამხდელთა კავშირის" ვიცეპრეზიდენტი
  • იმედი გვაქვს, რომ მთავრობა გაიაზრებს, რომ ეს პროცესი არ მოუტანს სარგებელს არავის: არც მთავრობას, პირველ რიგში
  • თუ ინტერესი არის ის, რომ ანაკლიის პორტი განვითარდეს და მივიდეს ბოლომდე, მაშინ ასეთი მოქმედებები ყოველად დაუშვებელია
  • ვერავინ დამაჯერებს, რომ პროკურატურა დამოუკიდებლად მოქმედებს
  • დროზე უნდა შეწყდეს ეს საქმე და პროკურატურამ უნდა აღიაროს, თუ, რა თქმა უნდა, მას ფაქტები არ ექნება, რომ ეს ბრალდება იყო თავიდანვე უსაფუძვლო
  • ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობთ იმაზე, ვინ ანგელოზია და ვინ არა, არამედ ვლაპარაკობთ იმაზე, რა სისტემაში ვცხოვრობთ
  • ეს არის ტესტი ამ სისტემის. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ხვალ ეს სისტემა შეგვეხება ჩვენ!
  • ზუსტად იმიტომაც, რომ ჩვენ პრობლემა გვაქვს რუსებთან, ეს პორტი უნდა აშენდეს! რატომ? იმიტომ, რომ რუსებთან მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა გაქვს ზურგი

გიგლა მიქაუტაძე, „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ ვიცეპრეზიდენტი თვლის, რომ „თიბისის“ საქმე არის წყალგამყოფი:

„დამოუკიდებლობის შემდეგ ბიზნესთან დაკავშირებული ამხელა სკანდალი არ გვახსოვს. საქმე გვაქვს არა ორი ბიზნესმენის წინააღმდეგ ბრძოლასთან, არამედ კომპანიების მთელ ჯგუფთან, ვინაიდან ამ ორი ადამიანის უკან დგას ძალიან ბევრი კომპანია და ათასობით ადამიანი. მარტო ბანკს არ ეხება საქმე და რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკია ე.წ. საუკუნის პროექტზე, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს“.

რაც შეეხება „თიბისის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს, გიგლა მიქაუტაძე ჯერჯერობით ვერ ხედავს „პოზიტიურ მდგენელს“ სახელმწიფო უწყებებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებში:

„იმედი გვაქვს, რომ მთავრობა გაიაზრებს, რომ ეს პროცესი არ მოუტანს სარგებელს არავის: არც მთავრობას, პირველ რიგში; ქვეყანას ხომ არ მოუტანს; თუ ასე გაგრძელდა, ბიზნესი დაიწყებს თავის დაზღვევას. აქ იმაზე არაა ლაპარაკი, რომ ხვალ ყველა გაიქცევა, მაგრამ გაჩნდება განწყობა - ვაი და, ხვალ მეც შემეხონ, მოდი, რაღაც ნაწილს ჩემი კაპიტალის სხვაგან შევინახავ“.

გიგლა მიქაუტაძე ესწრებოდა საპარლამენტო კომიტეტის სხდომას, რომელზეც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიეცათ გამოსვლის საშუალება:

„არაფერი დაუჯერებელი მის [ხაზარაძის] ვერსიაში არ არის, სანამ არ მოვისმენთ ალტერნატიულ ვერსიას. მაგრამ, აქ ვერსიებზე და დაჯერებაზე არ არის. ფაქტი არის ერთი, რომ სახელისუფლებო სტრუქტურები უეცრად იწყებენ იერიშს ორ ბიზნესსუბიექტზე და მასთან დაკავშირებულ კომპანიებზე: პროკურატურა, ეროვნული ბანკი. არ არის უმნიშვნელო ფაქტი, რომ ლისის ირგვლივაც გააქტიურდა პროცესები და ეს შემთხვევით არ ხდება. ამის ახსნა იმით, რომ ეს ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესია, არადამაჯერებელია. კანონის ფარგლებში ყველაფრის გაკეთება შეიძლება. აქ მთავარია რა განწყობა აქვს მთავრობას ბიზნესის მიმართ“.

„დილის საუბრების“ ეთერში საუბრისას, „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ ვიცეპრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი ანაკლიის პროექტისა და მასში უცხოელი ინვესტორების ჩართვის მნიშვნელობას:

„ეს მთელი გეოპოლიტიკური პროცესია და შესაბამისად, ასეთი პროექტის მიმართ თამაში და პროკურატურის მხრიდან ასეთი ხისტი მოქმედებები, კითხვის ნიშანს კი არა, ეჭვებსაც ბადებს, რომ ეს არის მიზანმიმართული პროცესი... თუ ინტერესი არის ის, რომ ანაკლიის პორტი განვითარდეს და მივიდეს ბოლომდე, მაშინ ასეთი მოქმედებები ყოველად დაუშვებელია. ვერავინ დამაჯერებს, რომ პროკურატურა დამოუკიდებლად მოქმედებს, არ მოქმედებს შეთანხმებულად და არ იაზრებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებს. ეს კითხვის ნიშნებია, ეს განწყობებია, რაზეც პასუხი უნდა გაგვცეს მთავრობამ და თუ არ დაგვარწმუნეს, რომ ამის უკან არაფერი ცუდი არ იმალება, ეს ეჭვები უფრო გაღრმავდება და კარგ შედეგს არავის მოუტანს“.

გიგლა მიქაუტაძე დღეს ერთ გამოსავალს ხედავს:

„დროზე უნდა შეწყდეს ეს საქმე და პროკურატურამ უნდა აღიაროს, თუ, რა თქმა უნდა, მას ფაქტები არ ექნება (და ჯერჯერობით ამ ფაქტებს ვერ ვხედავთ), რომ ეს ბრალდება იყო თავიდანვე უსაფუძვლო, რომ ამ ბიზნესმენების უცხოელმა პარტნიორებმა გაიგონ, რომ აქ რეალურად ყველაფერი კარგად არის“.

საზოგადოების ნაწილის განწყობა, რომელსაც ზოგადად ბანკებისა და მათი მფლობელების მიმართ განწყობები განაპირობებს, „დილის საუბრების“ სტუმარი ასე პასუხობს:

„ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობთ იმაზე, ვინ ანგელოზია და ვინ არა, არამედ ვლაპარაკობთ იმაზე, რა სისტემაში ვცხოვრობთ. არ ვადარებთ ერთმანეთს ინდივიდებს. ლაპარაკია იმაზე, როგორ იქცევა სახელმწიფო უწყება, როგორია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება, სასამართლოსი, რას ამბობს მინისტრი, რას ამბობს ომბუდსმენი და ა.შ.. ანუ, რა სისტემა გვაქვს და ეს არის ტესტი ამ სისტემის. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ხვალ ეს სისტემა შეგვეხება ჩვენ! ამიტომ არ შეიძლება ამ საკითხის იმ დისკურსში გადატანა, რომ „არც ის არის ანგელოზი“ და ა.შ.“.

ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად ქცევაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორად გიგლა მიქაუტაძე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას ასახელებს:

„პირველ რიგში, უცხოელი ყოველთვის უყურებენ მართლმსაჯულების სისტემას და მერე უყურებენ გადასახადებს და ქვეყნის მდებარეობას. ჩვენ რომ გვგონია, აბრეშუმის გზაზე ვართ, დაბალი გადასახადები გვაქვს და დაბალი ბიუროკრატია გვაქვს, ეს არის მეორეხარისხოვანი მართლმსაჯულებასთან შედარებით... ნებისმიერმა მთავრობამ, ვისაც ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა სურს, უნდა დაიწყოს მართლმსაჯულებით. იმიტომ არ გვქონია და არ გვაქვს ფანტასტიკური ეკონომიკური შედეგები, რომ სასამართლოში გვაქვს პრობლემა და კიდევ ამაზეა დღეს საუბარი“.

და, კვლავ ანაკლიის პორტისა და მომენტის მნიშვნელობაზე:

„ბანკსაც ეშველება, ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ ამ პროექტის მიმართ არ უნდა დაიკარგოს ინტერესი და ჩვენ არ უნდა გავუშვათ მომენტი. თუ ჩვენ 2020 წელს პირველი გემი არ შემოვიყვანეთ, მერე ეს პორტი დაკარგავს თავის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ეს თუ არ გვესმის, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე!“.

„თუ მთავრობას სურს ანაკლიის პორტის აშენება, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს დაწყებული საქმე მივიდეს ბოლომდე. დანარჩენი ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ამ პროცესს, რა თქმა უნდა, აღქმული იქნება ანაკლიის პორტის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. ამ პორტის აშენება ბევრს არც ქვეყნის შიგნით უნდა და თავისთავად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს უკვე არის პოლიტიკური პროცესი, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიზნესმენებს არანაირი სურვილი არ აქვთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისა“.

„ზუსტად იმიტომაც, რომ ჩვენ პრობლემა გვაქვს რუსებთან, ეს პორტი უნდა აშენდეს! რატომ? იმიტომ, რომ რუსებთან მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა გაქვს ზურგი, გაქვს საერთაშორისო მხარდაჭერა. თუ რუსეთთან დარჩები პირისპირ, როგორც მისი ყოფილი პროვინცია, ისე ჩაგყლაპავს, არავინ ხმას არ ამოიღებს. თუ არ გექნება გეოპოლიტიკური მნიშვნელობა რეგიონში, რომელიც თავის დროზე შევიძინეთ ნავთობსადენებით და ახლა შეგვიძლია შევიძინოთ ამ პორტით, მაშინ რუსეთთან მოლაპარაკება ჩვენს სასარგებლოდ არ დამთავდება“.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი დასავლური კომპანია შემოვიყვანოთ საქართველოში, რათა პოლიტიკური ინტერესი გაჩნდეს ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG