Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დღეს თუ ეს შეცდომა დავუშვით, 20-30 წლით ყველანაირ პერსეპქტივას ვსპობთ"


გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პროგრამის მენეჯერი
გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პროგრამის მენეჯერი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს მეორე მოსმენით განიხილევან უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის კრიტერიუმებსა და პროცედურებს შეეხება. პროექტის ოპონენტები - ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება - ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიღებამდე მსჯელობის გადადებას უშედეგოდ ითხოვენ. უმრავლესობა აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლო მოსამართლეთა მწვავე დეფიციტს განიცდის და საკითხის დაჩქარების მიზეზიც ეს არის.

გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი აცხადებს, რომ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტის მეორე მოსმენა წამყვან კომიტეტში ნიშნავს, რომ მომავალ ეტაპებზე მხოლოდ მცირედი ცვლილებები შეიძლება შევიდეს პროექტში. რა არის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოქმედი კოალიციის პოზიციას:

"მთავარი მოთხოვნა იქნება არა მუხლობრივ განხილვაში შესვლა, არამედ მოსმენის გადატანა ვენეციის კომისიის დასკვნის წარმოდგენის შემდგომ. ეუთოს ODIHR-ის მისიაც არის ჩართული - 17-20 რიცხვისთვის წარმოადგენს დასკვნას".

მეორე მხრივ, გია გვილავასთვის გასაგებია უმრავლესობის აჩქარება:

"გასაგებია, რატომ ჩქარობენ - კლანს ეჩქარება უზენაესის დაკომპლექტება და ამას უწყობენ ხელს".

"დილის საუბრებში" "საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენელი ამბობს, რომ არ ელოდება კრიტიკულ დასკვნას ვენეციის კომისიისგან და აი, რატომ?:

"ეს კანონი ტექნიკურად ძალიან ნორმრალურია. ეს რომ გერმანიისთვის იწრებოდეს, ძალიან კარგი იქნებოდა. კი, კონსტიტუცია იციან, მაგრამ, როგორ ჩემმა ერთმა კოლეგამ თქვა, ან ქვეყანა არ უნდა უყვარდეთ, ან ძალიან არ უნდა ესმოდეთ კონტექსტი".

სწორედ ამ კონტექსტის განმარტებას, საკითხის აქტუალურობის გამოკვეთას და იმის ახსნას შეეცადა კოალიცია, რომ პროექტი სუბიექტური ინტერესებით არის ნაკარნახევი, როცა მარტის ბოლოს ვენეციის კომისიასა და ODIHR-ს გაუგზავნა მიმართვა.

"დღეს თუ ეს შეცდომა დავუშვით, 20-30 წლით ყველანაირ პერსეპქტივას ვსპობთ. ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა იმ ხალხის პირობებში, რომელიც წარსულში ცუდ საქმეებს აკეთებდა, დემოკრატიული ვერ გახდება. ისინი კარგ საქმეებს ვერ გააკეთებენ. იმდენი ცუდი აქვთ გაკეთებული, კარგად მუშაობა არც იციან".

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG