Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ქალი ყოველ ერთ დოლარს იმდენად ყოფს, რამდენი ბავშვიც ჰყავს"


გვანცა ხონელიძე, "ქალთა მოძრაობის" წევრი
გვანცა ხონელიძე, "ქალთა მოძრაობის" წევრი

„ქალი კაცზე ბევრად ღარიბია“, - წერია „ქალთა მოძრაობის“ მანიფესტში, რომელიც საქართველოში ქალისა და მამაკაცის საშუალო ხელფასებს შორის მკვეთრი სხვაობის მიმართ პროტესტს გამოხატავს. „ქალთა მოძრაობის“ წევრი, „ქალთა მზერის“ წარმომადგენელი, გვანცა ხონელიძე „დილის საუბრებში“ ლაპარაკობს ამ სხვაობის საფუძვლებსა და გამოსავალზე, რომელიც მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გამონახა:

“ვხედავთ კრიზისებს და სიღარიბეს, რაც არის საზოგადოებაში და ვხედავთ ერთ მთავარ კომპონენტს: სიღარიბეს აქვს ჩვენს ქვეყანაში სქესი და ქალები უფრო მეტად არიან ღარიბი მოსახლეობის ნაწილში წარმოდგენილები, ვიდრე მამაკაცები”.

„ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ქალისა და კაცის ხელფასებს შორის 36%-იანი განსხვავება მხოლოდ ზოგად სურათს აჩვენებს.

„იმიტომ, რომ არ არსებობს კონკრეტული მეთოდოლოგია, რასაც ბოლო ათი წელია ეხვეწება „შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია“ (ILO), რათა დანერგოს ჩვენმა ქვეყანამ კონკრეტული მეთოდოლოგია, დათვალოს კონკრეტულ სექტორზე - რამდენს გამოიმუშავებს კაცი და რამდენს ქალი? სწორედ ამიტომ ვერ ვლაპარაკობთ - უშუალოდ პოზიციეზე როგორ ხდება ხელფასების გადანაწილება. მაგრამ ვიცით სექტორებში არსებული პრობლემები - საფინანსო სექტორი სრულად არის გაჯერებული კაცებით. 2300 ლარით აღემატება კაცის საშუალო თვიური ხელფასი ქალისას. განათლების სექტორს შევხედოთ, რომელიც სრულად ქალებით არის დაკომპლექტებული. 57 ათასი პედაგოგი ქალი გვყავს და 9 ათასი პედაგოგი კაცი, მაგრამ 630 ლარამდეა მამაკაცის საშუალო ანაზღაურება და ქალების დაახლოებით 100 ლარით ნაკლები“.

გვანცა ხონელიძე ლაპარაკობს აგრეთვე სხვა ე.წ. „ქალურ სექტორებზეც“, როგორიცაა ექთნობა, მზრუნველობითი სამუშაო (ძიძა, მომვლელი). „იქ, სადაც ფული ტრიალებს, კაცები არიან“, - ამბობს ის.

„დილის საუბრების“ სტუმარი შეგვახსენებს ე.წ. „შუშის ჭერის“ არსებობასაც ქალებისთვის, როცა მათ ერთსა და იმავე რგოლში მრავალი წელი უწევთ მუშაობა და მათ ხელს უშლიან დაიკაონ მაღალი პოზიციები:

„გადაწყვეტილების მიმღებ ზედა რგოლში კერძო და საჯარო სექტორში 18% ქალს ვხედავთ მხოლოდ. რატომ? ეს ქალები განათლებას არ იღებენ? სკოლებსა და საუნივერსიტეტო სივრცეებში ეს ქალები მოწინავეები არიან - სწავლის გაგრძელებით, ხარისხების მოპოვებით“.

გვანცა ხონელიძე მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებს ქვეყანაში ზრუნვის სერვისების განუვითარებლობას, რაც ბევრი ქალისთვის არის სახლიდან გაუსვლელობის მთავარი მიზეზი. თუკი ოჯახში ვინმე მოვლას საჭიროებს, ეს უპირველესად ოჯახის წევრი ქალის მოვალეობად ითვლება. ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებებმა ზრუნვის სერვისების განვითარებას შეუწყვეს ხელი, ბევრი ქალი გამოვიდა სახლიდან და ამან თავის მხრივ დადებითი ეფექტი მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე.

„ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაპარაკობს პირდაპირ კავშირზე ქალის სიღარიბესა და ბავშვების სიღარიბეს შორის:

„სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ქალი ყოველ ერთ დოლარს იმდენად ყოფს, რამდენი ბავშვიც ჰყავს. კაცის შემთხვევაში ასეთი მაჩვენებელი არ გვაქვს. ჩვენ ქალების სიღარიბეზე არ ვლაპარაკობთ გამოგონილი საფუძვლებით. ვლაპარაკობთ მათ შორის - ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად“.

გვანცა ხონელიძე შენიშნავს, რომ ვერც ერთიხელისუფლების სტრატეგიაში ვერ დაინახა კონკრეტული მეთოდი - რას უპირებენ ემიგრაციაში მყოფ ქალებს, რომლებიც მრავალი წელია თავიანთი შრომით საქართველოში დარჩენილ ოჯახებს ინახავენ და მათ გადმორიცხვებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში:

„იმ ქალებს, რომლებიც 15 და 20 წელია საბერძნეთში და იტალიაში არიან წასულები, ფაქტობრივად ვეუბნებით, რომ თქვენ, როგორც მოქალაქეებს, აქ არაფერი გესაქმებათ. სახელმწიფო - ყველა მმართველი ძალა ქალს უყურებს როგორც ამომრჩეველს. აბსტრაგირებული დაპირებებიდან ვერ გამოვედით“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG