ბელარუსის პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა მესამედ ცვლის კონსტიტუციას - ცვლილებები, რომლებსაც მისი რეჟიმი 27 თებერვალს უყრის კენჭს, არამარტო ავტორიტარულ მმართველობას გააძლიერებს, არამედ, სავარაუდოდ, დაასრულებს ბელარუსის ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსს.
67 წლის ლუკაშენკას, რომელიც 1994 წლიდან არის ხელისუფლებაში, კონსტიტუციის ახალი ცვლილებები საშუალებას მისცემს ქვეყანა 2035 წლამდე მართოს. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, მის ხელთ იქნება ახალი ბერკეტი, გააუქმოს დოკუმენტების ის ნაწილი, რომელიც ბელარუსის, როგორც "ბირთვული თავისუფალი ზონის" - სტატუსს განსაზღვრავს. ამის შემდეგ, შესაძლოა გზა გაეხსნას რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში დაბრუნებას.
რეფერენდუმი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ტარდება. ათასობით რუსი ჯარისკაცი უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდანაც შეიჭრა.
უკრაინაში სამხედრო ინტერვენციამდე დაახლოებით 30 000 რუსი ჯარისკაცი ბელარუსის ძალებთან ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობდა, მაგრამ 20 თებერვალს როდესაც წვრთნები უნდა დასრულებულიყო, თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები ბელარუსში განუსაზღვრელი ვადით დარჩებოდნენ.
ლუკაშენკამ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა 2020 წლის აგვისტოს სადავო, და ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებით, გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ზედიზედ მეექვსედ გამოაცხადა თავი პრეზიდენტად.
დასავლეთის დიდი ნაწილის მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებული, ლუკაშენკა ახლა სრულად დამოკიდებულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერაზე. პუტინისთვის ლუკაშენკას სისუსტე, რუსეთ-ბელარუსის გაერთიანების გეგმის შესასრულებლად მნიშვნელოვანი კომპონენტია.
რატომ ცვლის (ახლა) კონსტიტუციას?
ლუკაშენკას, კომუნისტების ეპოქის ყოფილ კოლმეურნეობის მენეჯერს, ბელარუსის კონსტიტუციის ხელყოფის მდიდარი გამოცდილება აქვს.
1996 წელს მან მნიშვნელოვნად გააფართოვა პრეზიდენტის უფლებამოსილება და შეამცირა პარლამენტის უფლებამოსილებები;
ხოლო 2004 წელს მან გააუქმა შეზღუდვები საპრეზიდენტო ვადების რაოდენობაზე.
2016 წელს ლუკაშენკამ პირველად ახსენა საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლო მესამე რაუნდი და გამოაცხადა, რომ აპირებდა „იურისტების- „ბრძენთა ჯგუფის“- შექმნას“ ქვეყნის ფუძემდებლური კანონის ხელახლა გასაანალიზებლად.
2020 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ბელორუსის პოსტსაბჭოთა ისტორიაში ყველაზე დიდ საპროტესტო აქციებში, ლუკაშენკას გეგმები შეფერხდა.
მაგრამ ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა წელში გატეხეს საპროტესტო მოძრაობა, ქვეყნიდან გადევნეს ან დაიჭირეს ოპოზიციის ლიდერები, ლუკაშენკამ ძალაუფლება შეინარჩუნა.
2020 წლის 17 აგვისტოს, მაშინ როდესაც ლუკაშენკა მინსკის ტრაქტორების ქარხანაში მუშებმა, რომელიც თითქოს მისი მხარდაჭერის ხერხემალი უნდა ყოფილიყო, მასხრად აიგდეს, მოგვიანებით, იმავე დღეს, მან შესაძლო ახალ კონსტიტუციაზე და ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიწყო საუბარი.
2021 წლის თებერვლისთვის ლუკაშენკამ გამოაქვეყნა გეგმები და რომლის მიხედვით, ცხადი გახდა, რომ აპირებდა მისი ერთგული სახალხო კრებისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭებას. ამჟამად ამ ორგანოს, კანონის მიხედვით მმართველობითი სტატუსი არ აქვს. ლუკაშენკა "უსაფრთხოების ბადე"-ზე ალაპარაკდა იმ შემთხვევებისთვის, თუ "განსხვავებული შეხედულებების არასწორი ხალხი მოვა ხელისუფლებაში".
27 დეკემბერს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი გამოქვეყნდა საჯარო განხილვისთვის და ნათელი გახდა, რომ ლუკაშენკა ძალაუფლებას კიდევ უფრო იძლიერებდა.
რა უფლებები ენიჭება სახალხო ასამბლეას, პრეზიდენტს?
ბელარუსის განახლებული სახალხო ასამბლეა, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, გახდება პარლამენტის პარალელური სტრუქტურა, რომელიც ქვეყნის საგარეო, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პოლიტიკის დასამტკიცებლად ფართო უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი. კრებას ასევე უფლება ექნება შესთავაზოს ცვლილებები კონსტიტუციაში, კანონპროექტებში და შეარჩიოს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები და უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეები.
ამ ცვლილებების შემდეგ მოქმედი პრეზიდენტი ავტომატურად გახდება 1200-კაციანი ასამბლეის დელეგატი, და თუ სხვა დელეგატები აირჩევენ, ასამბლეის თავმჯდომარეც.
ცვლილებები, ამოქმედების შემდეგ ლუკაშენკას სისხლისსამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტს მიანიჭებს და დაუწესებს პრეზიდენტობის ლიმიტს ზედიზედ ორი 5-წლიანი ვადით, თუმცა ეს შეზღუდვა სანამ ამოქმედდება, ლუკაშენკას შეუძლია ქვეყანა მართოს, სანამ 81 წლის გახდება.
ცვლილებები ასევე აუკრძალავს ყველას, ვინც დროებით დატოვა ქვეყანა ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქვეყნის პრეზიდენტობას, რაც პირდაპირ ეხება იმ ოპოზიციურ ლიდერებს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მუქარით, რეჟიმმა ქვეყნიდან განდევნა.
მაგალითად, სვიატლანა ციხანოუსკაიას, რომელიც მომხრეების თქმით, 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების რეალური გამარჯვებული იყო.
ახალი სამხედრო დოქტრინა
გარდა სტაბილურობისა, კრემლს შესაძლოა ჰქონდეს იმედი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები - და ახალი სამხედრო დოქტრინა - გზას გაუხსნის ბელარუსში რუსეთის ბირთვული რაკეტების დაბრუნებას -ამტკიცებს უილიამ ალბერკი, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ანალიტიკოსი.
„ეს ახალი სამხედრო დოქტრინა, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, ცნობილია, რომ მოიცავს უფრო მეტ ინტეგრაციას ორ სამხედრო ძალას შორის, რაც, სავარაუდოდ, მოითხოვს ბელორუსის ნეიტრალიტეტისა და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სტატუსის ცვლილებას, რათა შესაძლებელი გახდეს რუსეთის ბირთვული იარაღის პოტენციური განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე“, - ამბობს ალბერკი.
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინა ბიულეტენებისგან განსხვავებით, რეფერენდუმის ფურცლები მხოლოდ რუსულ ენაზე იქნება (ასე იყო ბოლოს 2004 წელს), რაც შესაძლოა სიმბოლური ნიშანიც იყოს ლუკაშენკას კრემლის მიმართ მზარდი ერთგულების ნიშანიც იყოს.