ზუსტად ერთი კვირაა, რაც ტაქსების რეფორმას განიხილავენ ყველგან: ქუჩაში, სოციალურ ქსელებში, „ტაქსებში“, „შმაქსებში“.
ოპოზიცია უმუშევრად დარჩენილ 26 000 ადამიანზე მიუთითებს, მერია კი ამ განცხადებებს სპეკულაციას უწოდებს.
რამდენი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე?
1 ოქტომბრის შემდეგ, მერიის მონაცემებით, ქალაქში 6 500-მდე თეთრი ფერის (A კატეგორია) ტაქსი მოძრაობს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, B კატეგორიის 900-მდე ავტომობილია ქალაქში.
თბილისისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ კი განაცხადა, რომ სულ 26 ათასი ტაქსის ლიცენზია გაიცა, თუმცა ლიცენზირებული ავტომობილების 30 %-მა, ანუ 7 800-მა მძღოლმა, ტექდათვალიერება ვერ გაიარა და მუშაობის უფლება ვერ მოიპოვა.
მაგრამ, თუ მერიის საიტის, taxi.tbilisi.gov.ge-ს, მონაცემებს დავეყრდნობით, აქტიურია ტაქსის 16 144 ნებართვა. შესაბამისად, უმუშევარი მძღოლების რაოდენობა 9 851-ია.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი მძღოლების ნაწილმა, 110-მა ადამიანმა, გამოსავალი „შმაქსიში“ იპოვა.
გიორგი მარგალიტაძე სამი წელი ტაქსის მძღოლი იყო. მეოთხე დღეა, „შმაქსის“ წევრია. მგზავრებს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდის.
„დავრჩი უმუშევარი, სამი შვილის მამა ვარ. მივედი ვაუჩერისთვის 5 თვის წინ და უკვე აღარ იყო. 10% გადაიღება, დანარჩენი დარჩა გადაუღებავი და ხალხი კიდე - უმუშევარი. როცა ჯდებიან ჩემთან მანქანაში, მე ყველას ვუხსნი, რომ ჩვენ არ ვართ „ტაქსი“ და ვართ „შმაქსი“, პედაგოგები. ვუხსნი სიტუაციას, ეკრანიც მაქვს და შემიძლია ვიდეოებსაც ვაყურებინო. ისეთი სიტუაცია შეიქნა, რომ ხალხმა არ იცის რა ქნას. მაგალითად, ყიფშიძეზე ჯოხიანი კაცი იდგა, მანქანაზე მიყუდებული. ცალი ხელით ჯოხს ეყრდნობოდა, მეორეთი „ტაქსის“ ტრაფარეტი ეკავა, თუ პატრული ჩამოივლიდა უცებ რომ დაემალა. მივედი და ვუთხარი, რომ „შმაქსში“ დაეხმარებოდნენ, აღარ იქნები მძღოლი და იქნები პედაგოგი-მეთქი. მითხრა, მართლა პედაგოგი ვარ მე და აღარ ვიცი რა ვქნაო“.
უკმაყოფილო მომხმარებლები?
უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი გაზრდილი ტარიფებია, თუმცა ქალაქში არსებულ სატრანსპორტო პრობლემებზე საუბრისას კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს იმას, რომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ტაქსის ფასი გაიზარდა.
"თქვენ არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. პირველ დღეს იყო პრობლემები... მეც მაქვს „ბოლტი“ და შეგვიძლია გადავამოწმოთ და ახლავე დაგარწმუნებთ. ჩემი თხოვნა იქნება, სიცრუეში ნუ შეიყვანთ მოსახლეობას".
დღეს გავრცელდა „ტაქსის“ კომპანია „ბოლტის“ განცხადებაც, რომელიც, ფაქტობრივად, იმას ამბობს, რასაც კახა კალაძე.
„მგზავრობის საშუალო ფასმა 1-2 ოქტომბერს, წინა კვირის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 5%-ით მოიმატა, თუმცა მომატებული ფასის პირობებში უფრო მეტი მძღოლი ჩაერთო აპლიკაციაში და საშუალო ფასი 3-4 ოქტომბერს ისევ წინა კვირის ნიშნულს დაუბრუნდა".- ნათქვამია განცხადებაში
განცხადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ ავტომობილით გადაადგილების სისწრაფემ მოიმატა და შემცირდა პარტნიორი მძღოლების უმგზავროდ გადაადგილება.
„მას შემდეგ, რაც B კატეგორიის ტაქსებს ქუჩაში მგზავრის აყვანა აეკრძალათ, ჩვენი მძღოლების უმეტესობა მგზავრობის დასრულებისთანავე ახდენს პარკირებას შემდგომ გამოძახებამდე".
„ბოლტის“ განცხადებას არ ეთანხმებიან თავად „ტაქსის“ მგზავრები და საგრძნობლად გაზრდილ ტარიფებზე ლაპარაკობენ. ზოგი მათგანი თავის გამოცდილებას ფეისბუკჯგუფებში უზიარებს დანარჩენებს.
მერია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპსაც აანონსებს, თუმცა რა სიახლე ელის საზოგადოებას და როგორ შეცვლის ეს ვითარებას, ამას, როგორც მერი და ვიცე-მერი ამბობენ, მალე გავიგებთ.