12 ივნისს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელმაც ქვეყანაში კრემაციის მომსახურების საკითხები უნდა დაარეგულიროს. კანონპროექტის ინიციატორია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში. კანონის 140-ე მუხლს ემატება ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს „ნეშტის დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენციის გაცემას“.
მიუხედავად იმისა, რომ წლებია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში, კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი და ეს საქმიანობები მოიცავს „გვამის მომზადებას დაკრძალვის ან კრემაციისათვის და დაკრძალვის ან კრემაციის მომსახურებას“ და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს მიცვალებულთა კრემაციას, ქვეყნაში ასეთი სერვისების მიღება შეუძლებელია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც მსგავსი ტიპის საქმიანობას დაარეგულირებს.
კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებამდე, UNDP-ის მხარდაჭერით, მომზადდა ვრცელი კვლევა საქართველოში კრემაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ. გამოკვლევის მიზანი იყო როგორც სერვისზე მოთხოვნის შესწავლა, ისე, ამ სერვისის არსებობის ხელისშემშლელი ფაქტორების, კრემაციის სერვისის დანერგვის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი და რაც მთავარია, არჩევანის უფლების შესახებ აქცენტების დასმა.
ხათუნა სამნიძე, კანონპროექტის ინიციატორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ არჩევანის უფლების გაჩენაა - თუკი ადამიანს სურს, რომ გარდაცვალების შემდეგ მის ნეშტს გაუკეთდეს კრემაცია, მას საკუთარ ქვეყანაში უნდა ჰქონდეს ამ სერვისის მიღების შესაძლებლობა და ამისათვის ოჯახის წევრებს ნეშტის სხვა ქვეყნებში გაგზავნა არ უნდა უწევდეთ, რაც გარდა ემოციური სირთულისა, დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
დედამ დაგვიბარა, რომ მას კრემაცია სურდა...
კრემაციის შესახებ ფიქრი ხათუნა სამნიძემ ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო. დედამისის სურვილი იყო, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი ნეშტისთვის კრემაცია გაეკეთებინათ. 2019 წელს, მაშინ, როდესაც ხათუნა სამნიძის დედა მძიმე სენით დაავადდა, შვილებს კიდევ ერთხელ სთხოვა, რომ გარდაცვალების შემთხვევაში, მისი სურვილი აუცილებლად შეესრულებინათ. ამ პირობით გაემგზავრა ის შვილთან, ამერიკაში:
„როდესაც საქართველოში მკურნალობის ყველა რესურსი ამოვწურეთ, გადავწყვიტეთ, დედა ჩემს დასთან, ამერიკაში გაგვეშვა სამკურნალოდ. დედა იმ პირობით დათანხმდა წასვლას, რომ თუკი ვერ გამოჯანმრთელდებოდა, მისი ნეშტი დაგვეწვა, ფერფლი კი ბათუმში, ზღვაზე გაგვეფანტა“.
ხათუნა სამნიძის დედა 2020 წელს გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სურვილი აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა ოჯახის სხვა წევრებისთვის, და-ძმებისთვის. თუმცა, შვილებმა მაინც გადაწყვიტეს დედის ანდერძის შესრულება:
„როდესაც დედას გადმოსვენებაზე დაიწყო ლაპარაკი, მე და ჩემმა ძმამ ვთქვით, რომ დედას სურდა კრემაცია. ამ ამბავს ახლობლების მხრიდან ძალიან მძიმე ემოციური რეაქცია მოჰყვა. მისი და-ძმები, მამაჩემის ნათესავები, ახლობლები, გარდა იმისა, რომ გაოცდნენ, რადგან მსგავსი შემთხვევის შესახებ, მაგალითად, აჭარაში, არაფერი სმენოდათ, ასევე შეეცადნენ წინააღმდეგობის გაეწიათ. იმ დღეების განმავლობაში მოვისმინეთ უამრავი მითი, რომ გარდაცვლილი იგრძნობს ტკივილს, მისი სული შეწუხდება, რომ წესს აღარ აუგებენ და ა.შ. მოგვიწია დაკავშირება სასულიერო პირებთანაც. დედას წესი აუგეს ამერიკაშიც და მისი ფერფლის ჩამოტანის შემდეგ, საქართველოშიც“.
როგორც ხათუნა სამნიძე უყვება რადიო თავისუფლებას, განსაკუთრებული კითხვები ჰქონდათ ახლობლებს ერთ-ერთ მთავარ რიტუალთან, პანაშვიდთან დაკავშირებით:
„როგორ დავარტყათ წრე მიცვალებულს? ასე ხომ ყველაფერი აირ-დაირევა... გვესმოდა ყველა მხრიდან. დედაჩემის ფერფლი, ნატახტრის აეროპორტიდან ბათუმამდე, მე, ჩემმა ძმამ და ჩემმა შვილმა, გულში ჩახუტებულებმა ჩავიტანეთ - ეს არც გოდება იყო, არც უსაშველო ტკივილი, საყვარელი ადამიანის გარდაცვალების გამო გამოწვეული. სულ სხვა ემოცია იყო, სულ სხვა სიყვარულის და უშუალობის განცდა“.
დედის პანაშვიდის დღეებს კი ასე აღწერს ხათუნა სამნიძე:
„დედას ფერფლი, ულამაზესი ვერცხლის ჭურჭლით დავდგით ოთახის კუთხეში, ეზოში დავკრიფეთ დედას საყვარელი ყვავილები და გარშემო შემოვუწყვეთ. იქვე ვისხედით ჭირისუფლებიც. ბათუმში, რა თქმა უნდა, მალევე გავარდა ხმა, რომ დედას კრემაცია გავუკეთეთ - „დაწვეს მზევინარიო“, - ასე იძახდნენ. სამძიმარზე მოსული ახლობლები ოთახში რომ შემოდიოდნენ, იბნეოდნენ, ვერ ხვდებოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. ცოტა ხანში, ნათესავებმა დამიძახეს, იქნებ, ოთახის შუაში დავდგათ ჭურჭელი, რომ ფერფლს წრე დაარტყანო, თუმცა, მე უარი ვთქვი. ერთი წლით ადრე მამა გარდაგვეცვალა. აბსოლუტურად სხვა სიმძიმე და განცდა გვქონდა მაშინ, როდესაც მამის გაყინული ნეშტის გარშემო ვისხედით და სხვა განცდა გვქონდა დედას შემთხვევაში. ზოგი ოთახში ვისხედით, ზოგი აივანზე, ყველა ლაპარაკობდა დედაზე როგორც ცოცხალზე. თითქმის ყველა ნათესავი, რომელიც მანამდე ათას მითს გვიყვებოდა კრემაციაზე, მოვიდნენ, და გვითხრეს, რომ სრულიად შეეცვალათ წარმოდგენა იმ რიტუალზე, რისიც ასე ეშინოდათ და ეუცხოებოდათ“.
ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ დედის კიდევ ერთი სურვილი, ზღვაზე გაეფანტათ მისი ფერფლი, ვერ შეასრულა:
„ვერც მის და-ძმებს გავუწიე წინააღმდეგობა და მეც მინდოდა, რომ ყოფილიყო ადგილი, სადაც დედასთან მისვლას შევძლებდი. ამიტომ დედას ფერფლი მამის გვერდით დავკრძალეთ. ახლაც მახსოვს მესაფლავის გაოგნებული სახე, როცა ვთხოვეთ მცირე ზომის მიწის გაჭრა“.
ხათუნა სამნიძის თქმით, მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მთავარი მიზანი არ არის ის, რომ „ქვეყანაში ხვალვე აშენდეს კრემატორიუმი“, მისი კანონპროექტის მიზანია, ქვეყანაში გაჩნდეს კრემატორიუმის არსებობის რეალური პერსპექტივა:
„ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის, მართლმადიდებლურ ქვეყნებში, წლებია არსებობს მომსახურების ეს სფერო, საქართველოშიც უნდა არსებობდეს ამის შესაძლებლობა. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჯერი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მიდგება, რომლის როლიც ძალიან დიდია ამ საქმეში. კონკრეტული ნორმებია შესამუშავებელი, სად უნდა აშენდეს კრემატორიუმი, როგორი უნდა იყოს დაშორება დასახლებულ პუნქტებთან, ვინ აიღებს კრემატორიუმის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას და ა.შ. მესმის, რომ ეს შესაძლოა, ემოციურად მძიმე თემა იყოს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის უტოპია. ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევაშიც ჩანს, რომ არის ქვეყნები, სადაც, პირველ წლებში, მას შემდეგ, რაც მათთან კრემაციის მომსახურება გაჩნდა, ამ მომსახურებით ძალიან ცოტა ადამიანმა ისარგებლა, თუმცა, მომდევნო წლებში და ახლა, ათასობით ნეშტს უტარდება კრემაცია“.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ახლა მისი მიზანია კანონპროექტის მთავარი არსის მოსახლეობისთვის სწორად მიწოდება:
„არანაირად არ უნდა გავიგოთ ეს საკითხი ისე, რომ კრემაცია უნდა გახდეს სავალდებულო. პირველი კითხვა სწორედ ეს აქვთ ხოლმე. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ არჩევანის უფლებაზე. რომ თუკი ადამიანს სურს, რომ გარდაცვალების შემდეგ მის სხეულს ჩაუტარდეს კრემაცია, მას ამის უფლება უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, არ არსებობს არც იმის გარანტია, რომ ეს საქმიანობა იმუშავებს, ამას აჩვენებს დრო, მაგრამ არჩევანის თავისუფლება უნდა არსებობდეს. ვფიქრობ, რომ ამ იდეას განვითარების პერსპექტივა აქვს, თუნდაც შორეულ პერსპექტივაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევანი არსებობდეს და ამას გამოიყენებს თუ არა ჩვენი საზოგადოება, დაინტერესდება თუ არა ამ ეკონომიკური საქმიანობით, მაგალითად, ბიზნეს-სექტორი, ეს მათი არჩევანია“.
ხათუნა სამნიძე იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთათვისაც გარდაცვალების შემდეგ, კრემაცია არა არჩევანის საგანი, არამედ რელიგიური წეს-ჩვეულებების განუყოფელი ნაწილია და ამ უფლების განხორციელების საშუალება მათ სწორედ საქართველოში უნდა ჰქონდეთ.
სასაფლაოებისთვის განკუთვნილი მიწის მწირე რესურსი
გარდა არჩევანის უფლებისა, კანონპროექტის ინიციატივას სხვა საფუძვლებიც აქვს. მათ შორის, ეს არის გარდაცვალების შემდეგ რიტუალთან დაკავშირებული გაძვირებული ხარჯები, ასევე საფლავებისთვის განკუთვნილი შეზღუდული მიწის რესურსი.
საქართველოში კრემაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ჩატარებულმა გამოკვლევამ, რომელიც მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, აჩვენა, რომ სასაფლაოებისთვის გამოყოფილი მიწის ფართობის უმეტესი ნაწილი უკვე ათვისებულია.
2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით ლიდერობს გორი, რომელსაც სასაფლაოებისთვის გამოყოფილი ტერიტორიების 97% აქვს ათვისებული, შემდეგი არის თბილისი 74%-ით, რომელსაც მოსდევს ზესტაფონი და ზუგდიდი 72% და 70%-ით. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი თვლის, რომ კრემაციის სერვისის განვითარებას მოჰყვება სასაფლაოების მიწის რესურსის დაზოგვაც.
ისარგებლებს თუ არა ვინმე კრემატორიუმის მომსახურებით?
გამოკვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ გლობალური ტენდენციის მსგავსად, კრემაციის სერვისებზე მოთხოვნა "დემონსტრირებულად იზრდება საქართველოშიც". 2022 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 6% ნამდვილად გამოიყენებდა კრემაციას, 9% %-ისთვის კი უფრო მისაღებია, ვიდრე მიუღებელი.
გამოკითხული მოსახლეობის 60%-ისთვის სრულიად მიუღებელია კრემაცია.
ამავე გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ 2022 წლამდე, საქართველოში კრემაციის სერვისის იმპორტი ძირითადად ხდებოდა რუსეთისა და უკრაინის კრემატორიუმების მეშვეობით. სერვისის საერთო ღირებულება კი შეადგენდა 6 000-დან და 10 000 ლარამდე, ტრანსპორტირებისა და საჭირო დოკუმენტების მომზადების ჩათვლით.
გამოკვლევის თანახმადვე, ყოველთვიურად საქართველოში კრემაციის სერვისის იმპორტის 2-3 შემთხვევა ფიქსირდება.
კრემაციის საერთაშორისო გამოცდილება
თუკი საერთაშორისო გამოცდილებას ჩავხედავთ, ბევრ ქვეყანაში კრემაციის სერვისზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება, განსაკუთრებით პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში, როცა გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და გამოიკვეთა ტრადიციული დაკრძალვისთვის საჭირო ფართის სიმცირე. ზოგიერთმა ქვეყანამ, სადაც რელიგიური ტრადიცია კრძალავს კრემაციას, ბოლო წლებში დაიწყო მისი დაშვება მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის, მისი მზარდი პოპულარობის გამო.
ევროსაბჭოს ბევრ ქვეყანაში, დაკრძალვასთან დაკავშირებულ მომსახურებას საზოგადოებას ძირითადად კერძო ფირმები სთავაზობენ. არსებობს გამონაკლისებიც, სადაც მსგავს მომსახურებას საჯარო დაწესებულებები ახორციელებენ, თუმცა, ამ შემთხვევაში, მათ კერძო მეწარმეებისთვის უწევთ კონკურენციის გაწევა.
საინტერესოა საბერძნეთის გამოცდილება, სადაც საკანონმდებლო ჩარჩო კრემაციის შესახებ 2006 წელს შევიდა ძალაში. კანონის თანახმად, საბერძნეთში ნებადართული გახდა იმ პირების კრემაცია, რომელთა რელიგიური მრწამსიც ამის უფლებას იძლეოდა. კრემაციისთვის აუცილებელი იყო გარდაცვლილის მიერ წინასწარ შედგენილი ან ნათესავების მიერ წარმოდგენილი შესაბამისი განაცხადი.
2010 წელს ძალაში შევიდა დოკუმენტი საჯარო კრემატორიუმების ტექნიკური სტანდარტების შესახებ. კერძოდ, ლიცენზირების, ტექნიკური აღჭურვილობის, უსაფრთხოებისა და ნარჩენების მართვის შესახებ. რაც შეეხება კერძო კრემატორიუმებს, მათი ოპერირება ლეგალური გახდა 2017 წლიდან, ხოლო სტანდარტები განისაზღვრა მომდევნო, 2018 წელს.
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საბერძნეთში კრემაცია 2006 წლიდან ლეგალურია და არსებობს შესაბამისი სტანდარტებიც, საჯარო კრემატორიუმი დღემდე არ არსებობს. ამის მიზეზად სახელდება მუნიციპალური ფართის სიმცირე. ასევე, წინააღმდეგობა და წნეხი მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან.
საბერძნეთში არსებული ერთადერთი კრემატორიუმი კერძოა, რომელიც მოქმედებს 2019 წლიდან. რაც შეეხება კრემაციის წილს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაში, 2019 წელს, ეს იყო 0.39 %, 2020 წელს - 2.3%, ხოლო 2021 წელს - 3.77% (447, 2864 და 3971 რიტუალი).
კრემაციის რელიგიური ასპექტი
რამდენიმე წლის წინ, პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა კრემაციის შესახებ საუბრისას თქვა:
„იმ მართლმადიდებლების მიმართ, ვინც კრემაციას მიმართვას, ეკლესია არ მოკვეთს, ანუ გარდაცვლილს ჩვეულებისამებრ აუგებენ წესს და ყველა საჭირო რიტუალს, ვინაიდან ჩვენ ვლოცულობთ ადამიანის სულისათვის და არა სხეულისათვის, თუმცა, ჩვენი ეკლესია ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სხეულის დაწვას“.
„ბიბლიაში დაკრძალვის წესი არსადაა დადგენილი. მასში არაფერია ნათქვამი ცხედარი უნდა დაიმარხოს თუ უნდა დაიწვას“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დავით თინიკაშვილი, მართლმადიდებელი თეოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი.
მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი საეკლესიო კანონი, მსოფლიო თუ ადგილობრივ კრებაზე მიღებული, რომელიც კრძალავს კრემაციას.
როდის იგეგმებოდა პირველი კრემატორიუმის აშენება საქართველოში?
თბილისში კრემატორიუმის აშენების იდეა მიწის რესურსის დაზოგვისა და სანიტარულ-ჰიგიენური მიზნებით, დედაქალაქის მთავრობას გაცილებით ადრე, მეოცე საუკუნის დასაწყისში გაუჩნდა, თან არაერთხელ.
როგორც გასული საუკუნის 20-იანი წლების გამოცემები იტყობინებიან, კრემატორიუმის მოწყობა საქართველოში სწორედ იმ პერიოდიდან იგეგმებოდა. 1925 წლის 12 ივლისის „კომუნისტი“ აქვეყნებს მცირე სტატიას სახელწოდებით „კრემატორიუმის (გვამების საწვავი სადგური) მოწყობა თბილისში“. სტატიიდან ირკვევა, რომ იდეის დასახვეწად, საქართველოდან გერმანიაში ჩავიდა ინჟინერი ქურდიანი. კრემატორიუმისთვის საჭირო მოწყობილობას სწორედ გერმანიიდან უნდა ჩამოეტანათ. დედაქალაქის მთავრობას განზრახული ჰქონდა „სიმენსის“ ფირმის კრემატორიუმის შეკვეთა.
10 წლის შემდეგ, 1935 წელს, გაზეთ „კომუნისტი“ ისევ წერს ამ თემაზე და ირკვევა, რომ დედაქალაქის მთავრობამ კრემატორიუმის აშენებას ათი წლის განმავლობაში თავი ვერ მოაბა.
კრემატორიუმისთვის განკუთვნილი შენობა გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს აშენდა მუხათგვერდის სასაფლაოზე. მისი პროექტი არქიტექტორ ვიქტორ ჯორბენაძეს ეკუთვნის, თუმცა, კრემატორიუმის შენობას თავისი ფუნქცია არასდროს შეუსრულებია. 80-იან წლებში იქ ძირითადად ქელეხის სუფრები იშლებოდა. იმავე შენობაში იყო სასაფლაოს გამგეობაც (კრემატორიუმის კარზე, თეთრი საღებავით მიწერილი წარწერა ისევ იკითხება), ახლა კი წლებია შენობა დაკეტილია.
ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე, სავარაუდოდ, ოთხშაბათს ან პარასკევს გავა. საკომიტეტო მოსმენები შემოდგომაზე გაიმართება. რაც შეეხება კენჭისყრას, არ არის გამორიცხული, რომ კანონპროექტს საშემოდგომო სესიის დასრულებამდე ეყაროს კენჭი. კანონპროექტის მისაღებად დეპუტატთა 50 ხმაა საკმარისი.