Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუძლებს თბილისი მიწისძვრას?


თბილისის ხედი
თბილისის ხედი

თურქეთში ჩამონგრეული სახლები მიწისძვრის გარდა უხარისხო მშენებლობასაც ბრალდება. რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში, სადაც სეისმური საფრთხეები დღესაც 1999 წელს შედგენილი რუკებით განისაზღვრება? გაუძლებს თუ არა ძველი ან ახალაშენებული კორპუსები სტიქიას?

6 თებერვალს მომხდარმა მიწისძვრებმა, რომელთა მაგნიტუდა 7.7 და 7.6 იყო, თურქეთის რამდენიმე პროვინცია დაანგრია. დაღუპულთა რიცხვი 29 600-ს აჭარბებს. შენობები დაინგრა სირიაშიც, სადაც 4 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. მაშველები მუშაობას განაგრძობენ, მაგრამ იმის ალბათობა, რომ ნანგრევებიდან ცოცხლები ამოიყვანონ, სულ უფრო კლებულობს.

7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მართლაც ძლიერი და დამანგრეველია. შედარებისთვის, რაჭის მიწისძვრა, რომელიც საქართველოში მომხდარ ყველაზე ძლიერ მიწისძვრად მიიჩნევა, 6.7 მაგნიტუდის იყო. ამასთან, თურქეთის მიწისძვრა შეეხო ქალაქებს, დაინგრა მაღალსართულიანი კორპუსები, რამაც მსხვერპლი ერთიორად გაზარდა.

მიწისძვრა თურქეთში
მიწისძვრა თურქეთში

სამშენებლო ამნისტიის გვერდითი მოვლენები

ბი-ბი-სიმ თურქეთის რამდენიმე სამშენებლო კომპანიის სარეკლამო განცხადებები მოიძია. კომპანიები ირწმუნებოდნენ, რომ მათ მიერ აგებული კორპუსები მიწისძვრას გაუძლებდა, მაგრამ დღეს ისინი მიწასთანაა გასწორებული.

თურქეთმა მშენებლობის ნორმები მას შემდეგ გაამკაცრა, რაც 1999 წელს იზმირის მიწისძვრამ 17 ათასი ადამიანი შეიწირა. გამკაცრებული ნორმები გულისხმობს, რომ მშენებლებმა უნდა გამოიყენონ მაღალი ხარისხის რკინაბეტონის კონსტრუქცია, სვეტები კი განალაგონ ისე, რომ კედლებმა რყევებს გაუძლონ.

მიწისძვრა თურქეთში
მიწისძვრა თურქეთში

მეორე საკითხია, ამ წესებს რამდენად იცავდნენ. ბი-ბი-სი წერს, რომ თურქეთის მთავრობა 1960 წლიდან შიგადაშიგ სამშენებლო ამნისტიებს აცხადებს ანუ ჯარიმის გადახდისგან ათავისუფლებს იმ კომპანიებს, რომლებსაც უსაფრთხოების ზომების დაცვის სერტიფიკატი არ აქვთ. თურქეთის საინჟინრო პალატების კავშირის სტამბოლის ფილიალის ხელმძღვანელი ფელინ ფინარ გირითლიოღლუ ტვიტერზე წერს, რომ ასეთი ამნისტია მიიღეს კომპანიებმა, რომლებსაც იმ ქალაქებში, სადაც მიწისძვრა მოხდა, ათიათასობით შენობა ჰქონდათ აშენებული.

რამდენად მყარია სახლები თბილისში?

2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდა არცთუ ისე ძლიერი იყო, სულ - 4.5, მაგრამ თბილისს ესეც ეყო. მაშინ სწორედ ის უბნები დაზიანდა, სადაც ავარიული სახლები იდგა. ნგრევამ 4 ადამიანი შეიწირა, 2 კი, მიწისძვრის გამო, გულის სტენოკარდიული შეტევით გარდაიცვალა. ზარალმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.

ავარიული სახლები დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა. 2021 წელს ასეთი თბილისში 10 ათასამდე იყო.

რაც შეეხება ახალ კორპუსებს, სამშენებლო ამნისტია არც საქართველოსთვის არის უცხო. 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სამშენებლო ამნისტიის შესახებ. თბილისში 2020 წლის 18 აგვისტომდე აშენდა და სხვადასხვა დარღვევის გამო ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული.

ამნისტია ეხება ყველა იმ სახლს, სადაც შეიძლება დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი.

თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ მართალია, სამშენებლო ამნისტია კომპანიებს სხვადასხვა გადაცდომას აპატიებს, მაგრამ ობიექტი უსაფრთხოების ნორმებს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა კონსტრუქციულ მდგრადობასა და სეისმომედეგობაზე.

ძველი სეისმური რუკა

თბილისის არქიტექტურის სამსახური მშენებლობის ნებართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს, თუ სამსახურს წარმოუდგენენ ექსპერტის დასკვნას, რომ შენობა აკმაყოფილებს სეისმური სიმტკიცის, ასევე მდგრადობისა და დეფორმაციის შესახებ ნორმატიული კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

რაც შეეხება ამ მოთხოვნებს, სეისმურ ნორმებზე საუბრისას სეისმოლოგები მაგნიტუდაზე მეტად გრუნტის აჩქარების სიდიდეს ანიჭებენ მნიშვნელობას, ეს სიდიდე კი ბოლოს 1999 წელს გამოთვალეს.

„ინჟინერისთვის ის არის საინტერესო, მიწისძვრისას როგორ იმოძრავებს გრუნტი, რომელზეც შენობა დგას. ძველად ამის განსასაზღვრად ბალებს იყენებდნენ, თორმეტბალიანი სკალა იყო, ახლა მიღებულია გრუნტის მაქსიმალური აჩქარებით გაზომონ. ეს რუკა, რომელიც აჩვენებს, სად რა აჩქარებაა და ახლა ნორმატიულ აქტად არის მიღებული, 1999 წელს გაკეთდა. ერთ-ერთი თანაავტორი მეც ვარ. მაშინვე მოვითხოვეთ, რომ მონაცემები ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც განახლებულიყო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და დღემდე ეს რუკა გვაქვს. მაგრამ მალე ევროპული ნორმები უნდა შემოვიდეს. თუ არ ვცდები, 2024 წელია ბოლო ვადა და ეს რუკაც შეიცვლება, - ამბობს სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი, - 1992 წლამდე თბილისი შვიდბალიან ზონაში იყო, 1992 წელს რვაბალიანში გადავიდა და დღემდე ასე ითვლება. მომდევნო რუკებზე ეს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს კიდეც, თუმცა, აქედანვე ცხადია, რომ 1992 წლამდე აშენებული სახლები შვიდბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი და არა რვაბალიანზე“.

მეზობელ ქვეყანაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაჩნდა შიში, რომ შეიძლება ძლიერი მიწისძვრა საქართველოშიც მოხდეს. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ მიწისძვრის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიოში არცერთ სამეცნიერო ცენტრს არ შეუძლია, ამის გამო მიწისძვრის შედეგების პრევენციისთვის მთავარი გამართული ინფრასტრუქტურა და სეისმომედეგი მშენებლობაა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG