Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განიხილეთ ახალი არჩევნების შესაძლებლობა - ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას


კასპარ ველდკამპი: „მივესალმები სალომე ზურაბიშვილს ... ევროპული კურსისადმი ურყევი ერთგულებისთვის“.
კასპარ ველდკამპი: „მივესალმები სალომე ზურაბიშვილს ... ევროპული კურსისადმი ურყევი ერთგულებისთვის“.

ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ნორდიკულ-ბალტიკური ქვეყნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას ნიდერლანდიც მოუწოდებს, განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა.

„მივესალმები სალომე ზურაბიშვილს სასიცოცხლოდ აუცილებელი ლიდერობისა და საქართველოს ევროპული კურსისადმი ურყევი ერთგულების გამო“, - დაწერა ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა 29 დეკემბერს, - მიხეილ ყაველაშვილის მეექვსე პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, - პლატფორმა X-ზე.

„უკვე ერთი თვეა, ქართველი ხალხი ქუჩებში მშვიდობიანად იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს, - ძალადობისა და დაშინების მიუხედავად. შეუძლებელია, მთავრობამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინოს“, - წერს იგი.

ნიდერლანდის საგარეო მინისტრი ასევე წერს, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR-მა) „დაადასატურა სერიოზული საარჩევნო დარღვევები და სავარაუდო გაყალბების გამოძიების არარსებობა“.

„უკვე დიდი ხანია, დადგა დრო, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა, განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განიხილოს შესაძლო ახალი არჩევნები“, - აცხადებს კასპარ ველდკამპი.

რამდენიმე საათით ადრე, ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის წევრებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ხელისუფლებას მოუწოდეს, განიხილოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა.

ბალტიისა და ნორდიკული სახელმწიფოები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით“.

უკვე 32 დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG