კვიპროსში სამწლიანი მუშაობის შემდეგ არქეოლოგებმა იპოვეს ნივთები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ქართული ეკლესია-მონასტრების არსებობას ადასტურებს.
ინფორმაცია კვიპროსში ქართული კვალის შესახებ 400 წლის წინანდელია. 1580 წელს პარიზში გამოვიდა კვიპროსის აღწერილობა, სადაც აღნიშნულია, რომ კვიპროსის სოფელ ალამინოსში ქართველებს ეკლესია-მონასტრები აქვთ.
ამ საკითხის შესასწავლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიცია 3 წელი კვიპროსში გათხრებზე მუშაობდა. თსუ-ის არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ამბობს, რომ ალამინოსის ტერიტორიაზე ექსპედიციამ ნაეკლესიარს მიაკვლია. გაითხარა იქვე არსებული სამარხებიც. ეკლესიის ნაშთები აღმოჩნდა ნასოფლარ სოფტადესშიც. გათხრების შედეგად იპოვეს კერამიკული ნივთები, ჯვრები, ადამიანის ჩონჩხი და ა.შ.
„მე-6 საუკუნეში აქ სამნავიანი ბაზილიკა აუგიათ. ეკლესია რამდენჯერმე გადაკეთდა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო გადაკეთების კვალი, რადგან ის ქართველი სასულიერო პირების მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. საინტერესოა, რომ კვიპროსში არსებობს გადმოცემა, რომ ორივე ეკლესია, ალამინოსშიც და სოფტადესშიც, ეკუთვნოდათ ქართველებს“, - ამბობს ვახტან ლიჩელი და განმარტავს, თუ როგორ მოხვდნენ ქართველები კვიპროსზე.
მე-10 საუკუნეში ჩრდილო-დასავლეთ კვიპროსის მთებში ქართველებმა ღალიას მონასტერი დააარსეს. თითქმის ყველა მეფე და სასულიერო პირი თავს ვალდებულად თვლიდა ამ მონასტერს დახმარებოდა. მისი შემოსავალი 300 დუკატი გახლდათ, რაც მაშინდელი ფულით ძალიან დიდი თანხა იყო. მონასტერმა, თავის მხრივ, დააარსა მეტოქიონები (მონასტრის მცირე განშტოებები) კვიპროსის სამხრეთ ნაწილში.
სოფტადესის გათხრებისას გამოჩნდა, რომ შუა საუკუნეების ნაეკლესიარის ქვეშ გაცილებით ძველი ნამარხებია, კერძოდ: ბრინჯაოს ხანის პერიოდის, ძვ.წ.აღ-ის მე-11- მე-10 საუკუნის, ნივთები; ფინიკიელების კვიპროსზე მოღვაწეობის ამსახველი მატერიალური კულტურა, უფრო გვიან კი რომაული ხანის ნაშთები.
„ცნობა, რომელიც მე-16 საუკუნეში არის დაწერილი, ზუსტად შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ მივაკვლიეთ. არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ალამინოსისა და სოფტადესის ეკლესიებში ქართველი სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ“, - ამბობს ვახტანგ ლიჩელი.
მისივე თქმით, გარდა ამისა, არის რომის პაპის, კლიმენტი მეხუთის, წერილი, რომელიც 1306 წლით თარიღდება. მასში ნათქვამია, რომ ქართველი ბერები კვიპროსზე ლაკრონასა და წმინდა საბას მონასტრებშიც მოღვაწეობდნენ.
„ლაკრონას მონასტერი, სამწუხაროდ, თანამედროვე განახლებით ისე არის დაზიანებული, რომ იქ ვერავითარ კვალს ვეღარ იპოვი, მაგრამ წმინდა საბას მონასტერი ხელუხლებელია“, - ამბობს ვახტანგ ლიჩელი. მისი თქმით, თუ ფინანსური მხარდაჭერა იქნება, აპირებენ წმინდა საბას მონასტერიც შეისწავლონ.
ნივთები, რომლებიც გათხრებისას აღმოჩნდა, კვიპრისის ქალაქ ლარნაკას მუზეუმში ინახება.