"გავრილოვის გამო ხელბორკილები როგორ დამადეს და როგორ მცემეს" - ბესიკ თამლიანი არ აღიარებს, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტში შეჭრას ცდილობდა და ჯგუფური ძალადობის გზით, სახელმწიფო გადატრიალების მიზანი ამოძრავებდა. საპატიმროდან 23 მარტს გათავისუფლებული ბრალდებული დღემდე გაბრაზებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა - ჩამოსულიყო რუსეთის დუმის დეპუტატი და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩამჯდარიყო. სამართლებრივ ბრძოლასა და ყველასთვის თავისი წილი პასუხისმგებლობის დაკისრებას აპირებს.
რადიო თავისუფლება: რატომ და როგორ მოხვდით 2019 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ?
ბესიკ თამლიანი: იმ დღეს ვმუშაობდი წყნარად, მშვიდად, ჩემთვის, ვიყავი ობიექტზე. ტელევიზორში რომ ნახა, რაც ხდებოდა, დედაჩემმა დამირეკა და მკითხა - სადა ხარო. ისეთი აღელვებული იყო, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა... დედაჩემმა იცის ჩემი პატრიოტული განწყობა, საქართველოს სიყვარული და მონატრება (25 წელი არ ვცხოვრობდი მე საქართველოში)... და ამიტომ შეეშინდა, იფიქრა, რომ იქ ვიქნებოდი. არ მოვეშვი - დედა, პირდაპირ მითხარი, რა ხდება-მეთქი. მითხრა - ასე და ასეაო.
სამუშაო ინსტრუმენტები ქაოტურად ჩავყარე მანქანაში... არც დამიკეტია მანქანა, გასაღებიც მანქანაში ჩამრჩა... კი არ წავედი, გავიქეცი. მიუღებელი იყო ჩემთვის ის, რაც მოხდა.
რაღა მაინცდამაინც რუსი დეპუტატი ჩამოგვიყვანეს და ჩაგვისვეს იმ სავარძელში
მე არ მესმის ერთი რაღაც - ასეთი სამეგობრო გვყავს, ევროპელები და ამერიკელები, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან. საქართველო რომ არ არის ბოლომდე დაპყრობილი (რუსეთის მიერ), ეს ამ მეგობროს წყალობით არის. თქვე ოჯახაშენებულებო, ჩვენს ნამდვილ მეგობრებს შორის ვერავინ მოინახა, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რომ ჩაგვესვა სიმბოლურად მაინც?! რაღა მაინცდამაინც რუსი დეპუტატი ჩამოგვიყვანეს და ჩაგვისვეს იმ სავარძელში.
რა პატივი გვცა ასეთი, რომ მაგას ვაღირსეთ ეს? ახლა იქ გავრილოვს თუ ჩავსვამთ (პარლამენტის თავმჯდონარის სავარძელში), აფხაზეთს დაგვიბრუნებს? იმდენი მაგას რა ვუთხარი, ეს რომ მოხდება.
რადიო თავისუფლება: მარტო იყავით? ვინმეს თუ იცნობდით 20 ივნისამდე, შემდგომში დაკავებული პირებიდან?
ბესიკ თამლიანი: კი, მარტო ვიყავი.. არავის ვიცნობდი. მივედი შეგნებულად და მივედი გასაპროტესტებლად იმისა, რაც პირადად მე არ მომეწონა. ეს ათასობით ადამიანმა გააპროტესტა კიდევ და ეს იყო „გავრილოვის ფაქტორი“. არავის მოწოდება მე არ მჭირდებოდა. მივედი ჩემით, შეგნებულად, გააზრებულად, მორჩა და გათავდა.
არავის მოწოდება არ მჭირდებოდა... მივედი ჩემით, შეგნებულად
ბრალდებაში წერია, რომ ჩვენი პროტესტის მიზეზი ყოფილა თურმე პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატის გადაყენება. მე ეს ძალიან გვიან გავიგე... 10 მარტს რომ გაიმართა სასამართლოს სხდომა, მე ვუთხარი მათ - ვაჟკაცობაც არ გეყოთ-მეთქი, რომ აქ, ბრალდებაში, პროტესტის ნამდვილი მიზეზი ჩაგეწერათ-მეთქი... გავრილოვი საერთოდ არ არის ნახსენები. არ წერია, რომ გადაყენების მოთხოვნამდე იყო გავრილოვის ამბები და აქედან დაიწყო ყველაფერი
რადიო თავისუფლება: ბრალს არ აღიარებთ... მოგვიყევით, როგორ მოქმედებდით, რას აკეთებდით კონკრეტულად თქვენ იმ ღამით, რუსთაველის გამზირზე?
ბესიკ თამლიანი: მე მაქვს (პროკურატურის მიერ) ბრალის ერთ-ერთ მტკიცებულებად წარდგენილი ვიდეოდან ფოტოები, სადაც არ ჩანს მოაჯირი {რკინის ბარიერი}, რომელიც იყო ჩემს წინ. სინამდვილეში კი, აი ჩემს ხელთ არსებულ მეორე ფოტოზე - ეს მოაჯირი კარგად ჩანს... ეს მნიშვნელოვანი დეტალია. მათ კადრის ქვედა ნაწილში მოაჯირის დაფარვა მოახერხეს, ვითომ დამალავდნენ.
ეს მოაჯირი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ბრალად მაქვს წაყენებული, რომ მე ვახორციელებდი შეტევას პარლამენტში შეჭრის მიზნით. ვიდეოც ამის დასამტკიცებლად წარადგინეს.
ფარს ვურტყამ ხელს... არც პირველ სასამართლოზე უარვყავი და არც ახლა უარვყოფ ამას
ეს ვიდეოფირი, სადაც მე ფარს ვურტყამ ხელს, არც პირველ სასამართლოზე უარვყავი და არც ახლა უარვყოფ ამას. მაგრამ, ისინი მაბრალებენ, რომ მე მივდიოდი შეტევაზე პარლამენტში... თქვე კაი ხალხო, აქ არის მოაჯირი... აქ ვურტყამ ზუსტად ხელს ფარს. ეკითხათ ჩემთვის - რატომ გავაკეთე ეს.
რადიო თავისუფლება: ... და რატომ გააკეთეთ ეს?
ბესიკ თამლიანი: ქვემოთა მხარეს როცა ვიყავი, იყო იქ ხალხი, რომელიც იგინებოდა და იგინებოდა სამართლიანად. ისინი აუზში იყვნენ ჩაცვენილი... მართალი გითხრათ, ეს (აუზში ჩაცვენის ფაქტი) პირადად არ მინახავს. მე ვნახე, რომ ისინი იყვნენ დასველებული და იგინებოდნენ.
ჩანდა იქ შადრევნის მილები და დომინოს ეფექტი რომ მომხდარიყო, ვერ ავიცილებდით კატასტროფას - სიკვდილს ან დაზიანებას. ეს რომ გავაანალიზე, არ მომეწონა და რომ მივედი, ვანიშნე ხელით - რას აკეთებთ-მეთქი...
აუზზე რატომ მივანიშნებ აბა?! ესე იგი, რაღაცის თქმას ვაპირებდი. ეს არ იყო აგრესია ან ზიზღი. კაცს რომ აულაწუნებ, მოტვინე, რას აკეთებო, ეს იყო შინაარსობრივად... და არა შეტევა.
აუზზე რატომ მივანიშნებ აბა?! ესე იგი, რაღაცის თქმას ვაპირებდი.
რადიო თავისუფლება: მანამდე ადმინისტრაციული წესით იყავით დაკავებული, ბოლოს - სისხლის სამართლის წესით. ბრალი განსხვავებული იყო?
ბესიკ თამლიანი: პირველად 20 ივნისს დამაკავეს ადმინისტრაციული წესით. ახლანდელ ბრალდებაში იმდენი არ წერია, რამდენიც თავიდან ეწერა. იქ წერია სახელმწიფო გადატრიალება - აქ არ წერია; იქ წერია სახელმწიფოს დესტაბილიზაცია, სხვისი ნივთის დაზიანება, გინება და შეურაცხყოფა - აქ არ წერია... ანუ დღევანდელი ბრალდება უფრო მსუბუქია, რომელიც 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობა) წამიყენეს.
ადმინისტრაციული პატიმრობის დროს იყო შემოთავაზება - თუ ვაღიარებდი დანაშაულს, 500-დან 1000-ლარამდე ჯარიმით გამიშვებდნენ. მე ვუთხარი მოსამართლეს ვერ ვაღიარებ და არც ვინანიებ-მეთქი იმას, რაც არ გამიკეთებია...
ვუთხარი, ჩამიწერეთ ის, რაც გავაკეთე-მეთქი... მართალია, ამ მომენტისთვის თქვენ მტკიცებულებები არ გაგაჩნიათ, მაგრამ მე ხომ ვიცი, რაც გავაკეთე, ზღვარს გადავედი და მზად ვარ ვაჟკაცურად ვაგო-მეთქი პასუხი... მაგრამ რასაც თქვენ მაბრალებთ, მაგას ვერ ვაღიარებ-მეთქი... რისი პარლამენტში შეჭრა, რისი სახელმწიფო გადატრიალება, რისი დესტაბილიზაცია?!
4 ივლისს რომ დამაკავეს მეორედ, ვეუბნებოდი მოსამართლეს - ამ საქმეზე მე უკვე ვიყავი დაჭერილი და მოვიხადე-მეთქი სასჯელი. მერე უკვე, კანონები და კონსტიტუცია რომ ვნახე და ძალიან კარად შევისწავლე ყველაფერი, გავიგე, რომ ეს არაკონსტიტუციურია. არ შეიძლება ორჯერ აგებინო პასუხი ადამიანს ერთი და იმავე მტკიცებულებებისა და ინფორმაციის საფუძველზე.
რისი პარლამენტში შეჭრა, რისი სახელმწიფო გადატრიალება, რისი დესტაბილიზაცია?!
ადმინისტრაციული დაკავებისას დაფიქსირებული დროა 23:10 საათი. ბრალდებამ მოიტანა მასალების 7 ტომი, სადაც წერია, იმ ღამეს რა მოხდა - ავტომობილების დაზიანება, ჯიხურების გაძარცვა და რაღაც ასეთები. აზრზე არ ვიყავი მე ამის შესახებ...
მაბრალებენ იმ ფაქტებს, რაც მთელ თბილისში მოხდა 23:10 საათის შემდეგ. რანაირად? მე დაკავებული ვიყავი. შეიძლება, რაღაც რომ ხდებოდა, იმ მომენტში მე მცემდნენ?!
ხელბორკილები მედო... აგერ თვალზე დღემდე მაქვს შრამები. ეს მე გავაპროტესტე - როგორ შეიძლება, რომ გავრილოვის გულისთვის ქართველ კაცს ხელბორკილები დამადო და მცემო?! აი, პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს.
რადიო თავისუფლება: მოელოდით, 23 მარტს რომ გაგათავისუფლებდნენ?
ბესიკ თამლიანი: მართალი გითხრათ, ძალიან გავბრაზდი, რომ გამათავისუფლეს. ჯერ ერთი, 30 000-ლარიან ვალში გადამაგდეს - დაკავებამდე შეკვეთები მქონდა აღებული... გავღატაკდი კაცი.
ხელშეკრულებები მაქვს გაფორმებული და კლიენტები თანხებს რომ მირიცხავდნენ, ფული ბიუჯეტშიც მიდიოდა. გამოვიდა, რომ თანხა წამართვეს და საქმე არ გამაკეთებინეს.
4 ათას ლარად რამდენიმე დღით ადრე რომ მიშვებდნენ, ვინ ეხვეწებოდა?!
ახლა ეს კორონავირუსი, თუ რაღაც ოხრობა... ხალხს უჭირს და სულ ცოტა ხნით ადრე გათავისუფლების სანაცვლოდ კიდევ 4 ათასი ლარის გირაო დამაკისრეს. 4 აპრილს მაინც მიწევდა გათავისუფლება (წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა იწურებოდა) და 4 ათას ლარად რამდენიმე დღით ადრე რომ მიშვებდნენ, ვინ ეხვეწებოდა?!
ხალხს პურის ფული არა აქვს... მე კი დამეხმარებიან, უკვე დამეხმარნენ ბევრ რაღაცაში, მაგრამ რა გაჭირვება იყო, 2 დღით ადრე რომ გაგეშვით?! ქულები გინდოდათ, რომ დაგეწერათ?! არ გამოგივათ.
რადიო თავისუფლება: რას აპირებთ? ამბობთ, რომ სარჩელსაც ამზადებთ...
ბესიკ თამლიანი: ბრძოლას ვაპირებ. უსამართლობა უნდა გადატყდეს... სარჩელს ვამზადებ და პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.
20 ივნისის ღამე გამოიყენეს ხაფანგად, ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის გამარჯვების გამყარების მიზნით. ეს მათ გამოიყენეს. მე რომ დამაკავეს, უკანა ეზოში ვნახე - მომზადებულები იყვნენ წინასწარ. იმდენი მანქანა, ავტობუსები და ერთი ამბავი იყო...
20 ივნისის ღამე გამოიყენეს ხაფანგად, ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის
შვილი დამრჩა უპატრონოდ, დედა დამრჩა უყურადღებოდ... ზამთრის პირას შეშა არ ჰქონდა, არაფერი არ ჰქონდა... ამათ მე ვაპატიებ?! არ ვაპატიებ.
რასაც მე გავაკეთებ, ეს წაადგება იმათ, ვისაც მომავალშიც შეიძლება ჰქონდეს ჩემი ხვედრი... და ეს რომ არ მოხდეს ზუსტად იმის გულისთვის ვაკეთებ ამას.
არა რაა, ვერ ვაპატიებ. 2 თვე არ მეძინა. თუ ჩამეძინებოდა, მარტო ერთი საათი ჩამეძინებოდა ხოლმე გადაღლილობის გამო და მერე ისევ მეღვიძებოდა... 6-კაციან საკანში ისედაც რთულია დაძინება.
ნერვიულობის ფონზე, სახის მარცხენა მხარე წამერთვა, თვალს ვერ ვხუჭავდი, ჭამა მიჭირდა. მერე ოპერაციაც დამჭირდა - რაღაც უბედურება გამომივიდა კისერზე...
რადიო თავისუფლება: რას საქმიანობდით დაკავებამდე საქართველოში და მანამდე - რუსეთში? საქართველოში როდის დაბრუნდით? ახლა სად ცხოვრობთ?
ბესიკ თამლიანი: ესეც წამომაძახეს, რუსეთში ცხოვრობდაო... ოჯახის სარჩენად ვიყავი წასული. ხე-ტყის ბიზნესი და ხის კოტეჯების მშენებლობის ბიზნესი მქონდა რუსეთში. 2018 წელს მამაჩემის ავადმყოფობის გამო დავბრუნდი საქართველოში. მისი მკურნალობისთვის მთელი ბიზნესი გავყიდეთ მე და ჩემმა ძმამ. მაინც ვერ ვუშველეთ. მამა გარდაიცვალა, დედა ვეღარ დავტოვე და დავრჩი მეც.
25 წელი ვიცხოვრე რუსეთში და აგერ, ყელში მქონდა უკვე... დროშები მიფრიალებია მე იქ და არაერთი კაცი გამილახია იქ საქართველოს გულისთვის.
იცით ვის მოსწონს რუსეთი? ვინც არ იცის სამართლებრივი ქვეყანა, სადაც კანონი უნდა კანონობდეს, სადაც შვილები დაცული იქნებიან... რუსეთი მოსწონს იმას, ვისაც გადასახადების გადახდა არ უნდა, ვისაც მოპარვა უნდა და მერე უნდა, რომ შერჩეს...
რუსეთი მოსწონს იმას, ვისაც გადასახადების გადახდა არ უნდა, ვისაც მოპარვა უნდა და მერე უნდა, რომ შერჩეს...
აქ რომ ჩამოვედი, შვილიც ჩამოვაყვანინე ყოფილ მეუღლეს საქართველოში. მადლობელი ვარ, რომ დათმო თავისი ცხოვრება იქ და საცხოვრებლად აქ გადმოვიდა. ბინაც ვუყიდე.
დავიწყე საქმის აგება იგივე მიმართულებით, ბიზნესის გაკეთება აქ. ხელშეკრულებებიც გავაფორმე. დაჭერის გამო ახლა ვალებიც დამედო.
ჩვენ ახლა აეროპორტის მხარეს, დევნილების დასახლებაში ვცხოვრობთ. სოხუმიდან ვართ. იქიდან ქალაქის დაცემის დღეს წამოვიდა ჩვენი ოჯახი.
რადიო თავისუფლება: დედა ახსენეთ... ტელევიზიითაც ხშირად ხედავდით ალბათ დედას - თქვენი გათავისუფლების მოთხოვნით ძალიან აქტიურობდა...
ბესიკ თამლიანი: ეს რა დედა მყოლია... სულ სხვანაირად დავინახე. ტელევიზორში რომ ვხედავდი, გული მიჩქარდებოდა, ცრემლები მომდიოდა... სასამართლოზე რომ დავყავდი აქეთ-იქით, ვინც სახეზე მცნობდა, მეუბნებოდნენ - მაგარი დედა გყოლიაო. მაგარი დედა მყავს. გაუფრთხილდით დედებს.
აი მე ჯანით სავსე კაცი ვარ, ციხეში მოვხვდი... და მოხუცი ქალი, რომელსაც 40 სმ სიგრძის ძვალი არა აქვს ფეხში, ნაოპერაციები ქალი, ქუჩა-ქუჩა დარბოდა, ხელმოწერებს აგროვებდა და ერთი მიტინგი არ გამოუტოვებია, ოღონდ რამეთი წამხმარებოდა.