2018 წლის 30 სექტემბერს, გამთენიისას, თბილისში, დიუმას ქუჩაზე მოკლული 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის საქმის მეცხრე სხდომა საქალაქო სასამართლოს მეცამეტე დარბაზში 16:00 საათზე დაიწყო. ბრალდების მხარის სამი მოწმის გამოკითხვა 2 საათს გაგრძელდა. მათგან ყველაზე მეტი დრო გამოსაკითხ მერხთან ვიტალის მეგობარმა და კოლეგამ, ჩართულობისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მარჯანიშვილმა გაატარა.
გიორგი ვიტალის მკვლელობას არ შესწრებია. ვიტალის სიკვდილის ამბავი 30 სექტემბერს დილით, ვიტალის დისგან, ლიკასგან, ტელეფონით შეიტყო. პირველი ზარი გიორგის ტელეფონზე 11 საათისთვის შევიდა. ლიკა ვიტალის ეძებდა. “ღამე სახლში არ გაუთენებია და ხომ არ იცი, სად შეიძლება იყოსო”, - იხსენებს გიორგი ლიკას ზარს. 15 წუთის შემდეგ, გიორგის ტელეფონმა ისევ დარეკა, ლიკამ გიორგის ვიტალის სიკვდილის ამბავი შეატყობინა.
ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალი ორ პირს ედება - გიორგი სოხაძეს და ავთანდილ კანდელაკიშვილს. მათ ბრალი ედებათ ვიტალი საფაროვის განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო. ეს დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109.2.დ.ე. მუხლით ისჯება და 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
გიორგი მარჯანიშვილის ჩვენება - პირადი გამოძიება
გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილს საქმის მოწმეების დიდი ნაწილი ნეონაცისტური დაჯგუფების წევრებად მოიხსენიებს. ასე მოიხსენიებს მათ გიორგი მარჯანიშვილიც, ვიტალის მეგობარი, რომელმაც ბრალდებულები შესახებ ინფორმაციის მოძიება მკვლელობიდან მალევე, საკუთარი ძალებით გადაწყვიტა.
მას შემდეგ, რაც გიორგიმ შეიტყო, რომ ვიტალი ბარ “ვარშავის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს, გიორგი შეეცადა ინფორმაცია ნაცნობ ბარმენებთან მოეძიებინა:
“რამდენიმე წლის წინ ამ ბარის ხშირი სტუმარი ვიყავი. კარგად ვიცნობდი ბარმენებს და გადავწყვიტე მათთვის მიმეწერა. იქნებ იცოდნენ, რა მოხდა. ცოტა ხანში მომწერეს, რომ “ვარშავის” მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორან “საბვეისთან” მოხდა შელაპარაკება და ვიტალი, სწორედ ამ შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. სესილი ბუთხუზმა, “ვარშავის” ყოფილმა ბარმენმა ისიც მითხრა, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც ვიტალის თავს დაესხა, იყო მეტსახელად “სლეიერა”, გიორგი სოხაძე, რომელიც იყო ნეონაცისტური დაჯგუფების წევრი, რომელიც ბარების ხშირი სტუმარი იყო და გამოირჩეოდა აგრესიულობით, განსაკუთრებით უცხოელების მიმართ. როდესაც ეს ინფორმაცია მივიღე, გადავწყვიტე, გამერკვია, რა მოხდა იმ ღამეს და ვინ იყვნენ ეს ადამიანები”.
გიორგი მარჯანიშვილი ბარ “ვარშავის” ბარმენის დახმარებით დაუკავშირდა ზურაბ მორჩილაძეს, 24 წლის ოფიცერს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოწმე, მკვლელობის თვითმხილველი და ამასთანავე ბრალდებულის, გიორგი სოხაძის მეგობარია. შეხვდა მას და მოისმინა 30 სექტემბრის ღამეს განვითარებული მოვლენები: “როგორც მან მიამბო, შორიდან დაინახა, როგორ მოიქნია ვიღაცამ ბასრი საგანი ვიტალის მიმართულებით, შემდეგ გაიგო ყვირილი, “დაჭრეს” და დაინახა სამი ადამიანი, რომელიც მკვლელობის ადგილიდან გაიქცა”.
გიორგი შეხვდა ვიტალის მეგობარს ოთარ გელაშვილსაც, რომელიც მკვლელობის ღამეს მასთან ერთად იმყოფებოდა: “მან მითხრა, რომ ბრალდებულებთან კამათი საქართველოს გამო დაიწყო. ვიტალი ამბობდა, რომ მართალია, მე ებრაელი ვარ, მაგრამ საქართველოში ვარ დაბადებულ-გაზრდილი, ძალიან მიყვარს საქართველოო. ოთარმა ისიც მითხრა, რომ ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ვიტალიმ გაიღიმა. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ვიტალი იყო ის ადამიანი, რომელიც კონფლიქტს ყოველთვის ერიდებოდა და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას ღიმილით ცდილობდა ხოლმე. წლების განმავლობაში ვიცნობდი ვიტალის. ის იყო ადამიანი, რომელიც ყველას ეხმარებოდა, დიდი იყო თუ პატარა. იყო უანგარო და საქართველოს დიდი გულშემატკივარი”.
როგორც გიორგი მარჯანიშვილი ყვება სასამართლო დარბაზში, მან დეტალურად შეისწავლა ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულების სოციალური ქსელების ანგარიშები: “აღმოვაჩინე, რომ ისინი მართლაც არიან ნეონაცისტური დაჯგუფებების წევრები. მათ პირად გვერდებზე ატვირთული იყო ნაცისტური შინაარსის შემცველი ფოტოები, ვიდეოები და შემიძლია ეს მასალები სასამართლოს გადავცე”.
მოსამართლე შორენა გუნცაძემ 7 ივნისს უარი თქვა გიორგი მარჯანიშვილის მიერ შეგროვებული მასალის გაცნობაზე და განმარტა, რომ მოწმესა და ბრალდების მხარეს ეს მასალა სხდომამდე ხუთი დღით ადრე უნდა წარედგინა.
ადვოკატების პროტესტი
ბრალდებულთა ადვოკატებს გიორგი მარჯანიშვილის სიტყვამ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ახალგაზრდების ნეონაცისტური მიდრეკილებების შესახებ პროტესტი გაუჩინა:
მალხაზ სალაყაია, გიორგი სოხაძის ადვოკატი: რა თქვით, რისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბრძანდებით?
გიორგი მარჯანიშვილი: ჩართულობისა და განვითარების ცენტრის.
მალხაზ სალაყაია: რას ავითარებთ?
გიორგი მარჯანიშვილი: ჩვენ ვმუშაობთ ახალგაზრდებთან, მათი სამოქალაქო ღირებულებების განვითარებაზე.
მალხაზ სალაყაია: რა არის თქვენი საბაზისო განათლება?
გიორგი მარჯანიშვილი: ბიზნეს-ადმინისტრირება, ტურიზმის მიმართულებით.
მალხაზ სალაყაია: თქვენ ახსენებთ, “ვარშავის მიმდებარე ტერიტორია” და სად ხდება ეს? ევროპის რომელ ქვეყანაში ვართ? ბელორუსიაში ვართ, ჩეხეთში ვართ, სად ვართ?
გიორგი მარჯანიშვილი: მე მგონი, რომ ყველამ ვიცით, რომ თბილისში ვართ და თბილისში ხდება მოქმედება.
მალხაზ სალაყაია: იმ ფოტოებისა და ვიდეოების აღწერა, რომელზეც საუბრობდით და რომლის წარმოდგენაც გინდოდათ დარბაზში და შეაფასეთ ეს მასალა, როგორც ნეონაცისტური გამოვლინებების ილუსტრაცია. განათლებაც ამიტომ გკითხეთ, ისტორიული შეფასებები გააკეთეთ, რომ ეს ფოტო-ვიდეო მასალა დაკავშირებულია რაღაც მიმდინარეობებთან, საიდან ეს ცოდნა?
გიორგი მარჯანიშვილი: ისტორიას ვსწავლობდი სკოლაში და შემდეგ უნივერსიტეტში…
გიორგი მარჯანიშვილის სიტყვა იმის შესახებ, რომ ბრალდებულები, მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიეკუთვნებიან ნეონაცისტურ დაჯგუფებას და მკვლელობა ჩადენილია სიძულვილის ნიადაგზე, განსაკუთრებით აღმაშფოთებელი გამოდგა ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატის, ზურაბ ბეგიაშვილისთვის.
ის სხდომათა დარბაზში არ მოერიდა არც ხმამაღალ ტონს და არც მოსამართლესთან შეკამათებას. რის გამოც, ორსაათიანი სხდომის განმავლობაში, არაერთხელ მიიღო შენიშვნა. მოსამართლის განსაკუთრებული წყრომა კი მას შემდეგ გამოიწვია, რაც გიორგი მარჯანიშვილს ჰკითხა:
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ არაერთხელ ახსენეთ, რომ ვიტალი საფაროვი მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო, მაგრამ ამავდროულად, ისიც თქვით, რომ “ვარშავა” და მისთანა ბარები არ არის დამშვიდებული ადგილები. რატომ დადიოდით ან თქვენ ან ვიტალი საფაროვი ასეთ არეულ ადგილებში, რომ პირადად გამოგეწვიათ ეთნიკური კონფლიქტები და შემდგომ მიგეღოთ გრანტები და მიგეღოთ ის დაფინანსებები და “პაესტკები”, რომელსაც ახლა თქვენ იღებთ ვიტალის სულის მანიპულირებით?
მოსამართლე: ტონი შეარჩიეთ და კორექტულად დასვით შეკითხვები. ეს შეკითხვა განრიდებულია.
ზურაბ ბეგიაშვილი: კი ბატონო, სხვაგვარად დავსვამ. ბატონო გიორგი, ვინ მოკლა მშვიდი და წყნარი ვიტალი საფაროვი?
გიორგი მარჯანიშვილი: როგორც მოწმეები ამბობენ, იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს დაკავებულები არიან.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ გამორიცხავთ, რომ მორჩილაძემ და შანავამ (ნიკოლოზ შანავა, ბრალდების მოწმე, თვითმხილველი) მოკლეს ვიტალი საფაროვი?
მიხეილ ჩხეიძე, პროკურორი: გთხოვთ განარიდოთ კითხვა
მოსამართლე: კითხვა განრიდებულია.
ზურაბ ბეგიაშვილი: ბატონო გიორგი, თქვენი სამსახურისთვის პრიორიტეტულია ისეთი ქეისები, როგორი ქეისიც დღეს განიხილება სასამართლოს მიერ. შესაბამისად, თვლით თუ არა წარმატებად იმას, რომ დღეს, ავთანდილ კანდელაკიშვილი არის ციხეში და მას ემუქრება ძალიან მძიმე სასჯელი?
პროკურორი: მოსამართლევ, გთხოვთ, განარიდოთ ეს შეკითხვაც, რადგან ამ კითხვას არანაირი კავშირი არ აქვს საქმესთან.
მოსამართლე: კითხვა განრიდებულია.
ზურაბ ბეგიაშვილი: ვიტალი საფაროვი მძიმედ ნასვამი იყო მისი სიკვდილის დღეს. რითი ახსნით იმ ფაქტს, რომ თქვენ მას ახასიათებდით მშვიდ, გაწონასწორებულ ადამიანად, მაგრამ ის, საკმაოდ არეულ გარემოში, მძიმედ ნასვამი გარდაიცვალა. რითი ახსნით ამას?
მოსამართლე: შეკითხვა განრიდებულია.
ვიტალი საფაროვის საქმის მეცხრე სხდომაზე ბრალდების მოწმეების სტატუსით დაიკითხნენ გამომძიებლები ანზორ ჯამირაშვილი და ირაკლი ცაგურია.
ორსაათიანი სხდომის განმავლობაში დაცვის მხარე აქტიურად ცდილობდა ვიტალი საფაროვის მკვლელობაში დაედანაშაულებინა ამჟამად მოწმის სტატუსის მქონე, თვითმხილველები, ნიკოლოზ შანავა და ზურაბ მორჩილაძე. ზურაბ ბეგიაშვილმა ნიკოლოზ შანავა სხდომათა დარბაზში “მკვლელად” მოიხსენია.
სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ ბეგიაშვილმა განაცხადა, რომ მასალებზე ჩატარებული ანალიზის შედეგად, ჩნდება გონივრული ეჭვები, რომ ზურაბ მორჩილაძესა და ნიკოლოზ შანავას გამოძიება ხელს აფარებს: “დგინდება, რომ ნიკოლოზ შანავასგან, რომელიც მკვლელობის საქმეში ფიგურირებს, არ მოხდა ხელის ანაწმენდების აღება გამოძიების დაწყებიდან მალევე. გარდა ამისა, ოფიცერ ზურაბ მორჩილაძეზე თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით მოხდა ზეწოლა, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ჰქონდა ტვინის შერყევა და იწვა გორის ჰოსპიტალში. ის არის სამხედრო ოფიცერი და ეს იქნებოდა თავდაცვის სამინისტროსთვის ახალი სკანდალი, რომ მათი ოფიცრის მიერ თითქოსდა ეროვნულ ნიადაგზე მოხდა მკვლელობა. მე მას ბრალს არ ვდებ, მაგრამ ლოგიკურად, საქმის განხილვა გვიჩვენებს, რომ ეს გონივრული ეჭვები საქმეში არსებობს”.
გამოძიების თანახმად, 2018 წლის 30 სექტემბრის გამთენიას, როდესაც ვიტალი საფაროვი მოკლეს, მომხდარს სულ 7 ადამიანი შეესწრო - დიუმას ქუჩაზე, კაფე „საბვეის“ უკან იყვნენ თავად ვიტალი საფაროვი, მისი მეგობარი ოთარ გელაშვილი, მათი ნაცნობი ირაკლი ბელთაძე, ორივე ბრალდებული გიორგი სოხაძე და ავთანდილ კანდელაკიშვილი, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზ შანავა და დაპირისპირებული მხარეების ასევე საერთო ნაცნობი, ოფიცერი ზურაბ მორჩილაძე.
თუმცა, 28 მაისის, მერვე სასამართლო სხდომაზე, ექსპერტმა შორენა კვიცარიძემ განაცხადა, რომ ადგილზე მოპოვებულ ნივთებზე ასევე აღმოჩენილია კიდევ ხუთი უცნობი პირის, მამაკაცების ბიოლოგიური პროფილი, თუმცა ამ პირების ვინაობა უცნობია.
ვარაუდებს, რომ შესაძლოა გაფართოვდეს მკვლელობაში ბრალდებულთა სია, ამას, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამორიცხავს საქმის პროკურორი, მიხეილ ჩხეიძე.
მეათე სხდომა 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე, 13 ივნისს გაიმართება.