12 დეკემბერს თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პოლიციელებმა აიყვანეს მოქალაქე ვატო ბჟალავა, ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, რომელიც საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობდა, - იუწყება მისი მეგობარი, აქტივისტი ნათია ჩიქოვანი.
ნათია ჩიქოვანის ცნობით, ბჟალავა „გაიტაცეს“ ძაღლის გასეირნებისას: „ძაღლი ხეზე მიაბმევინეს და სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს“, - წერს ის.
მისი თქმით, ახლობლები აზუსტებენ ბჟალავას ადგილსამყოფელს.
მეგობრის თქმითვე, ოჯახის წევრებისთვის ბჟალავას დაკავების შესახებ ოფიციალური სტრუქტურებიდან არავის არაფერი განუმარტავს, მისი დაკავების ამბავი კი შემდეგნაირად გაიგეს:
„აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან საკუთარ ძაღლს ასეირნებდა. თავის ძმას დაურეკა, მაღაზიიდან რამე ხომ არ წამოგიღოო. რომ აღარ მოვიდა სახლში, სოსომ, ძმამ, დაურეკა, - თუმცა ტელეფონი გათიშული იყო. ჩავიდა ქუჩაში და ძაღლი ხეზე მიბმული დახვდა. მაღაზიის თანამშრომლებმა უთხრეს, ეს დაგიტოვათო და გადასცეს ის პროდუქტები, რაც სახლში უნდა აეტანა“.
წინა დღეს ვატო ბჟალავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოჰკითხეს „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა“ და „ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების“ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.
„კითხვები იყო ძალიან ზოგადი (გაუთქმელობის ფიცი დამადებინეს და დეტალებს ვერ მოვყვები). ეს ყველაფერი ემსახურება დაშინებას, ზეწოლას და წნეხს საკუთარ მოსახლეობაზე“, - წერდა ის ფეისბუკში 11 დეკემბერს, გამოკითხვის შემდეგ.
რადიო თავისუფლება ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაზუსტებას ცდილობს. პასუხის შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
ვატო ბჟალავა მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, რომლებიც 28 ნოემბერს დაიწყო.
დემონსტრაციების დაწყების შემდეგ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით, 30-ზე მეტი კი - სისხლის სამართლის საქმეზე. ეს ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
დემონსტრაციის მონაწილეები და პოლიტიკური პარტიები მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ფორუმი