Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PISA 2018-ის კვლევაში ქართველი მოსწავლეები ბოლოდან მე-5 ადგილზე არიან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში


გამოქვეყნდა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის, PISA 2018 წლის ოფიციალური შედეგები, რომლის თანახმადაც კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 15 წლის ქართველ მოსწავლეებს საშუალოზე დაბალი შედეგი აქვთ. საქართველო წიგნიერების ნაწილში 380-ე ადგილს იკავებს, მათემატიკაში 398-ეს, საბუნებისმეტყველოში - 283-ეს. ამ შედეგებით საქართველოს ბევრს სხვა ქვეყანასთან ერთად უსწრებს ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საუდის არაბეთი, ბულგარეთი, თურქეთი, უკრაინა და რუსეთი.

საყურადღებოა ისიც, რომ 2018 წელს, 2015-ში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, საქართველომ სამივე კატეგორიაში გაუარესებული შედეგები აჩვენა.

PISA-ს კვლევა 2000 წლიდან ტარდება 80-მდე ქვეყანაში და ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. კვლევა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და მისი სამიზნე ჯგუფი 15 წლის მოზარდებია. საქართველო ამ სისტემაში 2009 წლიდან ჩაერთო. 2009-დან 2015 წლამდე მისი მაჩვენებლები მცირედით, მაგრამ გაუმჯობესების ტენდენციას აჩვენებდა. 2018 წელს კვლევაში მონაწილეობა საქართველოს 300-ზე მეტი სკოლის 5000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

პიზას კვლევაში საუკეთესო მაჩვენებლებით პირველ 5 ადგილს იკავებენ ჩინეთი, სინგაპური, ესტონეთი, კანადა და ფინეთი.

PISA საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს. ეს ის ასაკია, როცა მოსწავლეები თითქმის ასრულებენ სავალდებულო განათლების კურსს.

PISA-ს მიზანს არ წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა, არამედ მიმართულია განსაზღვროს, რამდენად კარგად არიან ისინი მომზადებული საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის.

XS
SM
MD
LG