„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP) უკვე მეოთხე წელია ატარებს ქართველი და უცხოელი ექსპერტების გამოკითხვებს. უახლესი გამოკითხვის შედეგები, რომელიც 20 მაისიდან 4 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და რომელშიც 52 რესპონდენტი მონაწილეობდა, კვლავ COVID-19-ის პოლიტიკურ ეფექტს შეეხებოდა, სწორედ ახლა შეჯამდა და რადიო თავისუფლების აუდიტორიას ის GIP-ის უფროსმა მკვლევარმა, იენის უნივერსიტეტის ასოცირებულმა მკვლევარმა, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა ბიძინა ლებანიძემ გააცნო.
თავდაპირველად გამოკითხვაში მონაწილე იმ ექსპერტების შერჩევის კრიტერიუმებზე, რომელთა ნაწილი წინა - მარტის გამოკითხვაშიც მონაწილეობდა:
„ექსპერტების შერჩევის რამდენიმე კრიტერიუმი გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე მთავარია ნეიტრალურობა. ჩვენი ანალიტიკოსები მუდმივად აკვირდებიან მათ ექსპერტულ ანალიტიკას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და თუ რომელიმე მიმომხილველი შეიმჩნევა გარკვეულ მიკერძოებაში რომელიმე პოლიტიკური მხარის მიმართ, ვცხრილავთ ჩვენი სიიდან.
ასევე ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ ექსპერტი უნდა ერკვეოდეს საქართველოში მიმდინარე აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში და მუდმივად ვცდილობთ დავიცვათ ბალანსი - გვყავდეს ქართველი და უცხოელი მიმომხილველები 50/50-ზე.
ექსპერტების ანონიმურობა არის სრულიად დაცული. გვაქვს დაახლოებით 100-120-კაციანი სია. ყველას ვუგზავნით ჩვენს სტანდარტიზებულ კითხვარს და, როგორც წესი, ვიღებთ ხოლმე 40-60 პასუხს. ვინ გვპასუხობს, ამას, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავთ“.
მარტის გამოკითხვისგან განსხვავებით, ბოლო გამოკვლევაში დაემატა შეკითხვები მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. რაც შეეხება შედეგების შედარებას:
„დიდი ცვლილებები არ არის მარტის და მაისის გამოკითხვებს შორის.
პირველი შეკითხვა იყო: საერთო ჯამში, როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ?
მარტში გამოკითხულთა 78% აფასებდა დადებითად, ახლა - 80% აფასებს დადებითად.
მარტში ექსპერტების 3% აფასებდა უარყოფითად მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს, ახლა - 4%.
იკვეთება, რომ ექსპერტების მეტწილად დადებითი შეფასება ეხება მხოლოდ ეპიდსიტუაციის მართვის ნაწილს.
მეორე კითხვაში ექსპერტებს ვთხოვეთ მთავრობის ანტიკრიზისული პოლიტიკის ცალკეული ასპექტის შეფასება. გამოვყავით სამი სფერო - სოციალური, ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური. ეპიდემიის მართვას 90% აფასებს დადებითად. რაც შეეხება სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებს, ჭარბობს ორივე შემთხვევაში ნეიტრალური პასუხი - „არც დადებითი, არც უარყოფითი“. ეკონომიკურ ნაწილში არის დაახლოებით 60% და სოციალურ ნაწილში დაახლოებით 50% ასეთი შეფასება. შემდეგ მოდის უფრო უარყოფითი შეფასება“.
მარტის გამოკითხვაში თვალშისაცემი იყო მართლმადიდებელი ეკლესიის უარყოფითი შეფასება. რაც შეეხება ახლა გამოქვეყნებულ შედეგებს:
„ეს შეფასება არ შეცვლილა, ეკლესია ისევ ბოლო ადგილზეა ინსტიტუტების საქმიანობის შეფასების შკალაზე. ოდნავ გაუმჯობესებულია შეფასება, უმნიშვნელოდ. ზოგადი სურათიც მსგავსია. პირველ-მეორე ადგილებს ისევ ინაწილებენ ჯანდაცვის სისტემა და საქართველოს მთავრობა. რაც შეეხება უარყოფით რეიტინგს, ყველაზე მეტად გაუარესდა ოპოზიციური პარტიების შეფასება, ბოლოდან მეორე ადგილს იკავებენ“.
ექსპერტებისთვის არ დაუსვამთ შეკითხვა, რას ეფუძნებოდა ოპოზიციის მკაფიოდ უარყოფითი შეფასება. მთავრობის ნაწილზე კი ბიძინა ლებანიძე ამბობს:
„მხოლოდ საქართველოში არ ხდება, რომ მსგავსი კრიზისები იწვევს მთავრობის რეიტინგის ზრდას. ყველა ქვეყანაში ასეა. მე გერმანიაში ვცხოვრობ ნახევრად და იქაც დაახლოებით იგივე მოხდა - პანდემიის შედეგად გაიზარდა მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის რეიტინგი, რომელიც მანამდე კრიზისში იყო. თვითონ კანცლერის რეიტინგმაც მოიმატა. დაეცა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი, რომლებიც მანამდე აღმავლობას განიცდიდნენ.
საკითხის მეორე მხარეა ის, რომ მსგავს ეპიდემიოლოგიურ კრიზისს მოჰყვება სოციალური და ეკონომიკური პრობლემები და გაჭირვება. ამან შეიძლება იქონიოს საპირისპირო ეფექტი - ნეგატიური გავლენა მმართველი პარტიის რეიტინგზე და უფრო პოზიტიური გავლენა ოპოზიციის რეიტინგზე.
ხელისუფლებას ასევე ექნება მეტ-ნაკლებად ობიექტური მიზეზი, რომ თავი აარიდოს პასუხისმგებლობას და თქვას, რომ, რაც ცუდი მოხდება, არის COVID-19-ის ბრალი. ალიბიც ექნება იმისთვის, რომ გაამართლოს გარკვეული უარყოფითი პროცესები ქვეყანაში“.
გამოკითხვაში დასმული იყო შეკითხვა მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებაც. შეკითხვაზე - ვინ მიიღო ყველაზე მეტი პოლიტიკური სარგებელი COVID-19-ის პირობებში?, გამოკითხული ექსპერტების 58%-ის აზრით, ყველაზე დიდი სარგებელი მთავრობამ/„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. არც ერთი ექსპერტი არ თვლის, რომ ოპოზიციამ მიიღო რაიმე პოლიტიკური სარგებელი პანდემიის პირობებში.
კითხვაზე - საპარლამენტო არჩევნებზე COVID-19-ის გავლენის შესახებ, გამოკითხულთა 69%-მა უპასუხა, რომ პანდემიამ გაზარდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატების შანსები, 31% კი თვლის, რომ პანდემიას არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა პოლიტიკური პარტიების შანსებზე არჩევნებში.
ამ გამოკითხვაში დაისვა კითხვა არჩევნების თარიღის შეცვლის შესაძლებლობაზეც, თუკი COVID-19-ის გავრცელება სერიოზულ ხასიათს შეიძენს და საჭირო გახდება საგანგებო მდგომარეობის შემოღება. ასეთ შემთხვევაში, უცხოელი ექსპერტების უმრავლესობა არჩევნების 2021 წლის გაზაფხულზე გადადების მომხრეა. ქართველი ექსპერტების უმრავლესობა კი თვლის, რომ არჩევნები დათქმულ დროს უნდა ჩატარდეს.