Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეწამყვანი ბექა ყორშია დააკავეს


ბექა ყორშია სავარაუდოდ სპეცრაზმელებმა დააკავეს
ბექა ყორშია სავარაუდოდ სპეცრაზმელებმა დააკავეს

მეგობრის ცნობით, თბილისში საპროტესტო დემონსტრაციაზე დააკავეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ბექა ყორშია.

„რობოკოპები ჩამოვარდნენ ელბაქიძის დაღმართზე და ვეღარ ვპოულობ“, - იუწყება მეგობარი.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ქეთა ციცქიშვილის ინფორმაციით, ბექა ყორშია სანზონაში, პოლიციის შენობაში ჰყავთ გადაყვანილი.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლსადენი აირი.

6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი.

სპეცრაზმის თანამშრომლებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს 7 დეკემბრის ღამესაც. მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ შსს-ს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG