სახლის კარი რომ შეაღო, ბექამ უკვე იცოდა, რომ ეს იქნებოდა მის სიცოცხლეში ყველაზე მძიმე და გადამწყვეტი საუბარი დედასთან.
- ჯობს, ჩემგან გაიგო, რომ ბიჭებიც მომწონს, - უთხრა. ბოლომდე სიმართლის თქმა მაშინ ვერ გაბედა.
იმ საღამოს სახლში თითქმის ყველაფერი დაილეწა.
ბექა დროებით სახლიდან წავიდა. ეს ის დღე იყო, როდესაც უნივერსიტეტში ბექას პირადი ფეისბუკის პაროლი გატეხეს და მისი სექსუალური შინაარსის მიმოწერა ერთ-ერთ გამოცემაში დაბეჭდეს. დედა ავად იყო - ბექას კი ძალიან არ უნდოდა, დედას სიმართლე დამახინჯებულად, სოციალური ქსელებიდან და მედიიდან გაეგო. ეს ბექა გაბადაძის იძულებითი ქამინგ აუთი იყო. დღეს ამაზე ლაპარაკი უკვე შეუძლია. მაშინ კი:
„მიჭირს აღვწერო პირველი რამდენიმე წუთი. გარშემო დამტვრეული ნივთები ეყარა. ხომ ცოცხალი ხარ? დედა მწერდა სახლიდან წასულს. მერე დავბრუნდი და ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. სულ თავიდან“.
ნიკეას ქუჩა, დალიდა და სხვები
ბექა გაბადაძე ახლა 29 წლისაა. ის არის გეი აქტივისტი და უფლებების დამცველი.
ქუთაისში, ქართულ, ტრადიციულ ოჯახში დაიბადა. მამა ძიუდოს დამსახურებული მწვრთნელი იყო, დედა - პედაგოგი. 11 წლით უფროს დასთან ერთად იზრდებოდა, ნიკეას ქუჩაზე - „აი, დაახლოებით, როგორც თბილისისთვის ისანია, ეგეთ უბანში“.
ორი საყვარელი ადგილი ჰქონდა - სახლი და სკოლა. სკოლა და საყვარელი? კი, ჩვეულებრივი სკოლა არ იყო. ათასი ექსპერიმენტი ტარდებოდა. თან სულ აქტიური იყო, სულ ყურადღების ცენტრში და ეპიცენტრშიც, სულ გამორჩეული. დრო რომ გავიდა, ამ გამორჩეულობის ხიბლს სხვანაირად შეხედა - უფრო ტვირთად ექცა, ვიდრე სიამოვნებად.
„არ შეიძლება ბავშვების გამორჩევა. ამას გვიან მივხვდი“.
იმ პედაგოგების ერთმა ნაწილმა, რომელიც ბექას გამორჩეულობას მუდმივად ხაზს უსვამდა, ბექას ქამინგ აუთის შემდეგ, მასთან დისტანციის დაჭერა არჩია. ერთეულებთან მეგობრობა არ შერყეულა.
ზაფხულებს იმერეთის მაღალმთიან სოფელში ატარებდა, შვიდი კილომეტრი ფეხით უნდა გევლო, სანამ ბაბუის ძველ ფირსაკრავამდე მიაღწევდი - იქიდან კი დალიდას სიმღერები ისმოდა. „salma ya salama“დღემდე მისი საყვარელი სიმღერაა.
ბექას ბავშვობა 90-იანებს დაემთხვა - პურის რიგებს და უშუქობას. მაგრამ რადგან მისი დეიდა ერთ-ერთ უნივერმაღში მუშაობდა, მცირე პრივილეგიით სარგებლობდა ხოლმე - პურის რიგიდან ნახევარი საათით ადრე გამოსვლის პრივილეგიით. „სახლში სხვებზე ადრე გამოვრბოდი პურით ხელში“.
სხვებისგან ხშირად ესმოდა თუ ვინ უნდა გამოსულიყო - სხვების მიერ გადაწყვეტილი სასურველი პროფესიების სიაც გრძელი იყო - იქნებ მამის გზას გაჰყვეს და სპორტსმენი გამოვიდესო, იქნებ ექიმობა ჯობდესო. ბექას კი სილაში თამაში უყვარდა. უსწორმასწორო, ხრეშმოყრილ სტადიონზე ბურთის დევნა.
თავის (მო)ძებნა
არა, ეს ასე არ მომხდარა - ერთ დილით რომ იღვიძებ და უი, გამარჯობა, მე გეი ვარ. ეს პროცესი იყო და სექსუალობის თემაც გარდატეხის ასაკში გაჩნდა. ფიქრიც მაშინ დაიწყო. ბევრი ფიქრი. ეს კვლევის და ექსპერიმენტების პერიოდიც იყო - იქნებ გოგოებიც მომწონს? შეყვარებულიც კი ჰყავდა, ერთი კარგი გოგო, რომელთანაც დღემდე მეგობრობს.
მერე მოვიდა წელიწადნახევრიანი დეპრესია.
წ ე ლ ი წ ა დ ნ ა ხ ე ვ ა რ ი - დღეს არის ადვილი სათქმელად, თორემ მაშინ ყველა დღეს წელიწადის ხანგრძლივობა ჰქონდა.
„ოღონდ იცი, დეპრესიას ის არ იწვევს, რომ გეი ხარ. დეპრესიაში გაგდებს გარემო - ის, რასაც ხედავ და გესმის მუდმივად. მხოლოდ ჰეტერონორმატიულ წყვილებს უყურებ, ფილმებში მხოლოდ ქალი და კაცია, „იმნაირებს“ კი ყველგან ლანძღავენ“.
ბექაზე არავინ არაფერი იცოდა. იყო მოძახილები, ქალოია, ქალუსია და მსგავსები, მაგრამ ამაზე შორს არ წასულა. არც თვითონ გასჩენია სურვილი ვინმესთვის ეამბნა მის თავს რა ხდებოდა.
„ჩურჩულები მახსოვს, ზურგსუკან უსიამოვნო ჩურჩულები. იმან ის თქვა შენზე. ეგეთები, მაგრამ პირში არავინ არაფერს მეუბნებოდა“.
ვირტუალური სამყარო და გაცნობის რამდენიმე „ჩატი“ იყო ხოლმე გამოსავალი. გამოსავალი კი არა, გაქცევის მცდელობა. იქაც საშინლად ჰომოფობიური გარემო ხვდებოდა, მაგრამ ეს მაშინ ერთადერთი გზა იყო - ადამიანის მოძებნის, „შენი“ ადამიანის პოვნის.
ერთ, საერთო ვირტუალურ ოთახში წერდა ყველა - სიტყვა „გეი“ რომ დაგეწერა, საიტის ადმინისტრატორი მაშინვე გბლოკავდა:
„და მახსოვს რაღაც წერტილებით და შეფარულად უნდა გეწერა. კოდებით. ამ კომუნიკაციის დროსაც უამრავი აბსურდული ინფორმაცია მოდიოდა თემის წევრების მხრიდანაც“.
და ამას ემატებოდა ე.წ. ინტერნალიზებული ჰომოფობია. თემის წევრების თვითსიძულვილი, შიშები, ეჭვები. იმაზე ფიქრს რომ დაგაწყებინებს, მეც რამე პრობლემა ხომ არ მაქვს? იქნებ მეც ცუდი ვარ? ბექას პირველი ასეთი ვირტუალური ურთიერთობაც ერთ ბიჭთან მისი მხრიდან აუტანელი თვითგვემის ფონზე გრძელდებოდა.
თავიდან თვითონაც დაეჭვდა. მაგრამ დეპრესიის ბოლო თვეებში ერთ დღეს სარკის წინ დადგა და საკუთარ თავს შეხედა. სარკიდან ჩვეულებრივი ბიჭი უყურებდა.
„ჩემს თავს ვუთხარი, რომ მე კარგი ვარ. და რომ ჩვენ ცუდები არ ვიყავით. გარყვნილები არ ვიყავით, არ ვიყავით საზიზღრები და პედოფილები - ეს პარალელიც სულ მესმოდა“.
გარშემო კი, მესამე პირში სულ „იმნაირების“ ლანძღვა ესმოდა. ეს საზიზღრები - იტყოდა ვიღაც. ბექა კი იქ იდგა, ახლოს.
„წარმოიდგინე, ვიღაც გეუბნება, რომ შენი სხეულის რაღაც ნაწილი ცუდია, ძალიან რთული ასატანია. არ ვარ ცუდი, არ ვარ, ამბობ შენთვის. ასეთი ბრძოლაა“.
ოღონდ მაშინ ამ ბრძოლაში ბექა აბსოლუტურად მარტო იყო. მკაფიოდ ახსოვს ნათესავებთან ერთი სტუმრობა, რომლის დროსაც ისინი რომელიღაც ტელეწამყვანზე ჰიპოთეტურად ამბობდნენ, „მაგი იმნაირიაო“ - „ასე შემოვიდა ჩემს მეხსიერებაში გეი ადამიანი“.
მერე ქუთაისი დატოვა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლად წავიდა. თბილისში უნდა ისწავლოს - ეს კოდი მის ოჯახშიც მყარად იყო ჩადებული. ისევე როგორც ქართული ოჯახების უმრავლესობაში.
ქამინგ აუთი, დედა
ის, რაც უნივერსიტეტში დახვდა, იმის მეასედიც კი არ იყო, რასაც ელოდა. დიდი ქალაქი, შეგუების და დამკვიდრების მილიონი სირთულე, სოციალური პრობლემები და ამ დროს - უნივერსიტეტში არ არის სახელმძღვანელოები, არც ითარგმნება. ფული, ბექას აზრით, სულელურ ღონისძიებებში იხარჯება... და ერთხელაც ხმამაღლა თქვა, ტაშფანდურზე ფულის ხარჯვას, ეგებ წიგნები გვეთარგმნაო - ღია შეხვედრა იყო, სტუდენტური თვითმართველობები რომ მართავენ ხოლმე, ეგეთი - „პრობლემებზე სალაპარაკო“.
ოღონდ, ბექას სიტყვების მერე მხოლოდ ბექას, როგორც „პრობლემის“ მოგვარება სცადეს - გვერდზე გაიყვანეს. იმ დღეს პირველად სცემეს. ახსოვს, როგორ დააფარა დაცვის თანამშრომელმა მაგიდა, ნაკლები წიხლი რომ მოხვედროდა. მაშინ ბექა გაბადაძე მეორე კურსზე იყო.
ეს არ ყოფილა უკანასკნელი ძალადობა. პირიქით, იმ დღიდან დაიწყო. და მოტივი უკვე ბექას სექსუალური ორიენტაცია იყო.
ერთხელ, ერთმა მედიამ სტატიაც დაწერა ასეთი სათაურით - „ბექა გაბადაძე ისევ სცემეს“.
ეს წელიწადნახევრიანი ჯოჯოხეთი იყო. ერთხელ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის კიბეებიდან დააგორეს. აუდიტორიაში ყველა მხრიდან ესმოდა შეძახილები - შე პიდარასტო. გინება. ლექტორები ლექციების კითხვას განაგრძობდნენ - „ვითომ არ ესმოდათ. ყველას ყველაფერი ესმოდა“.
უნივერსიტეტში ერთი სემესტრი მთლიანად ჩააგდო - ვეღარ დადიოდა. მუდმივად გაქცევა უწევდა, პოლიცია კი არ რეაგირებდა. საქმეები დღემდე თაროზეა შემოდებული. ბოლოს პატრულს აღარც იძახებდა.
„კიდევ კარგი, რომ სულ მარტო არ ვიყავი ხოლმე ამ ბრძოლებში“.
მაგრამ ის დღე, იძულებითი ქამინგ აუთის, მაინც ყველზე საშინელი იყო. ბექას ძალიან პირადი მიმოწერა საჯაროდ რომ გაავრცელეს.
„სულ ასე არ ხდება ცხადია, არ მინდა ვინმე ამ ამბით შეშინდეს და ქამინგ აუთზე ხელი ჩაიქნიოს. ეს ძალიან ცუდი გამონაკლისია. კარგია, რომ გადავლახეთ“.
რვა წლის მერე საუბარი უფრო ადვილია. მაგრამ მაშინ, როცა 21 წლის ბექა ცდილობდა დედისთვის აეხსნა, რომ ბიჭები (ც) მოსწონს, ეს ნახევარი სიმართლეც არ იყო ადვილად სათქმელი - სულ ეშინოდა, დედას საკუთარი თავი არ დაედანაშაულებინა.
„საშინლად გაბრაზდა. მე სახლიდან წავედი, მეგობართან ვრჩებოდი. მერე დავბრუნდი. ისევ ვიჩხუბეთ. მაგრამ რაღაც ეტაპზე დავიწყე ახსნა. სახლში რაც კი ამ თემაზე ლიტერატურა იყო გამოცემული ქართულად, მივიტანე და ვცდილობდი ამეხსნა, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ეს ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ეწერა... დედა მისმენდა“.
- დღეს რას გეუბნება დედა?
- დედა ამბობს, რომ მე მისი შვილი ვარ. და ეს მე ძალიან, ძალიან მაბედნიერებს.
„აქტი შედგენილია ჩემი კარნახით“...
არც საჯარო ქამინგ აუთი ყოფილა მარტივი. ბექას ყოველი მორიგი გამოჩენა მედიაში, აქციებზე, მუდმივ შიშს და მოსალოდნელ ძალადობას უკავშირდებოდა. ყველა აქტივისტისა და თემის წევრისთვის ასეა - არასოდეს იცი შენი დღე რით დასრულდება. არასოდეს იცი, როგორი იქნება შენი პარასკევის ბოლო. სამუშაო კვირის ბოლო, დაღლილი, კლუბში წასვლას რომ გადაწყვეტ.
„ამასწინათაც ვიცინოდით, ყველაზე ხშირად რა ფრაზას ვწერთ ქვიარი ადამიანები - ეს არის „აქტი შედგენილია ჩემი კარნახით, ვეთანხმები და ვაწერ ხელს“, - არც მახსოვს რამდენჯერ მოგვიწერია ხელი ამ სიტყვებზე“.
თავიდან ფრთხილი აღიარებით დაიწყო. მაგალითად, ასე:
„ვთქვათ, ბარში ვიჯექი ვიღაცის გვერდით, ვინც იტყოდა, რომ გეისთან ერთად ლუდს როგორ დავლევო. მე კი მითქვამს, მე გეი ვარ და მაგაზე აეწყობოდა ხოლმე ლაპარაკი“.
შიში იყო, როგორ არ იყო. შიში არ ქრება ასე ადვილად, მაგრამ რადგან ერთხელ გადაწყვიტა, გადაწყვიტა და მორჩა - ღიად ილაპარაკებდა. ღიად იბრძოლებდა.
და პირველი ქუჩის აქციაც ახსოვს - 2011-ში. მერე 2012-ში. მერე 2013 წლის ის ცნობილი 17 მაისიც - 10 000 ადამიანი 40-ის წინააღმდეგ.
„ადრე მე ჩემი ბრძოლა უფრო მქონდა. პერსონალური ბრძოლა. ახლა კი ვცდილობ, თემის და სხვა ადამიანების გაძლიერებაში შევიტანო რაღაც წვლილი. გამოცდილება მეც დამიგროვდა, რაღაც ვისწავლე და სხვების დახმარება შემიძლია“.
Love is love
სიყვარული სიყვარულია. ჩვეულებრივად გიძგერს გული, ღელავ, მოგწონს, ზრუნავ, მასთან გინდა, სეირნობ, ლაპარაკობ, უვლი. ასეა ბექასთანაც.
სიყვარულს ხანდახან სოციალური მხარდამჭერებიც სჭირდება. ასეთი მხარდამჭერები, როგორც წესი, მხოლოდ უახლოესი მეგობრები არიან. და თვითგამოხატვაც მხოლოდ კონკრეტულ სივრცეებშია შესაძლებელი.
ბექამ და მისმა შეყვარებულმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ, ბარში გაიცნეს. იმ დღეს რამდენიმე სიტყვა გაცვალეს და თითქოს ამით მორჩა.
ორი დღის მერე სარეცხის გარეცხვა გადაწყვიტა და იმ დღეს ნაცვამი პერანგიც სარეცხ მანქანაში ჩააგდო. ძველი სარეცხის მანქანა ჰქონდა, სარეცხი რომ ხელით რომ უნდა ამოწურო, ეგეთი. და უცებ, ნახევრად სველი პერანგის ჯიბეში რაღაც ფურცელი შენიშნა - იფიქრა, სამსახურის რამე ქაღალდი არ იყოსო და სარეცხის მანქანიდან სასწრაფოდ ამოიღო. ფურცლის ნახევზე კი "მისი" სახელი და გვარი ეწერა. მერე ფეისბუკზე მოძებნა და როგორც ხდება ხოლმე. სიყვარულის ამბავიც დაიწყო.
„ის სადღეღამისო სამსახურში მუშაობდა, მე კი სახლში რაღაცებს ვამზადებდი ხოლმე, ხან ყავა მიმქონდა ველოსიპედით, რომ არ ჩასძინებოდა. ვუვლიდით ერთმანეთს. დღეს უკვე ერთად ვცხოვრობთ და მიუხედავად იმისა, რომ ორივე დატვირთულები ვართ, აუცილებლად გვაქვს ერთად ყოფნის დღე“.
ეს დღე მარტო მათია.