18 სექტემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია. მან განაცხადა, რომ 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას სავარაუდო თვითმკვლელობიდან ზუსტად ოთხი წელი გავიდა, თუმცა საქმე ჯერაც გამოუძიებელია, მიუხედავად იმისა, რომ ხანუმ ჯეირანოვას საჯარო დასჯას ბევრი თვითმხილველი ჰყავდა.
ბაია პატარაიას განმარტებით, ხანუმ ჯეირანოვას მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დღემდე არ არის დაწყებული. რაც შეეხება მის სიკვდილს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბაია პატარაიამ აღნიშნა, რომ ოთხი წლის მანძილზე დასახელებულ საქმეზე სახელმწიფოს უმოქმედობის გათვალისწინებით, „საფარმა“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ რეაგირებისთვის მიმართეს გაეროს „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს“ (CEDAW).