Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვი და ბავშვი - გლდანის ხევი #6-ის ორი მსხვერპლი?


ვინ დატოვა გლდანის ხევის 6 ნომერში ახალშობილი, რომელიც 2 ივნისის დილას მეეზოვემ გარდაცვლილი იპოვა, ამის შესახებ გამოძიებას ჯერ პასუხი არ აქვს.

ჰყავს თუ არა გამოძიებას ბრალდებული, ამ კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროში „საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე“, არ პასუხობენ. როგორც უწყებაში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, „უნდა დაველოდოთ გამოძიებას“.

2 ივნისის საღამოს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც გლდანის ხევის 6 ნომერში მცხოვრებ მეზობლებსა და არასრულწლოვან რესპონდენტებს ეყრდნობოდა, "ჩვილი, სავარაუდოდ, იმავე კორპუსში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა ბინაში გააჩინა და ის მეექვსე სართულიდან გადმოაგდო". მეტიც, ამავე ტელეკომპანიის ინფორმაციით, რომელიც ჟურნალისტს ეზოში მოთამაშე არასრულწლოვანმა რესპონდენტებმა მიაწოდეს, ჩვილის გვამი ადგილზე მისულმა პოლიციელებმა „ლურჯ პარკში გაახვიეს და ნაგვის ურნაში დატოვეს, რომელიც მერე ნაგვის მანქანამ წაიღო“.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გვამი ექსპერტიზაზე სტანდარტების სრული დაცვით გადაასვენეს.

რაც შეეხება არასრულწლოვან გოგოს, ტელეკომპანიის ცნობით, რომელიც ასევე მეზობლების ნათქვამს ეყრდნობოდა, ის სამართალდამცავებმა დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტავენ რადიო თავისუფლებას, არასრულწლოვანი 2 ივნისს პოლიციაში მოწმის სახით, სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ერთად გამოიკითხა, ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები და ამჟამად ის სახლში იმყოფება. დამატებით დეტალებს შსს-ში ისევ და ისევ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ ასაჯაროებენ.

არასრულწლოვანი გოგოს გამოკითხვის პროცესს დაესწრო სოციალური სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ცენტრის სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. გვანცა ღონღაძე, ცენტრის ხელმძღვანელი მოწმის სტატუსით დაკითხულ არასრულწლოვან გოგოს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას „არასრულწლოვან დედად“ მოიხსენიებს:

„რაც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენი სამსახური გამოკითხვას დაესწრო საპროცესო წარმომადგენლად, რადგან დედა არის არასრულწლოვანი. საპროცესო წარმომადგენლობას სწევდა ჩვენი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ფსიქოლოგი არასრულწლოვანთან მუშაობას კვლავ გააგრძელებს. მას საბოლოო დასკვნა ჯერ არ დაუწერია, უბრალოდ ესწრებოდა გამოკითხვას იმიტომ, რომ გამოკითხვისას ბავშვი ფსიქოლოგიური ან ემოციური ზეწოლის მსხვერპლი არ ყოფილიყო“.

გლდანი-ნაძალადევის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გამოკითხვის პროცესს არასრულწლოვანის მშობელი არ დასწრებია:

„არასრულწლოვანი დედა მოწმის სახით არის დაკითხული და რადგანაც ასეთი შემთხვევაა, ჯობია, რომ გამოკითხვისას საპროცესო წარმომადგენელი ყოფილიყო სოციალური მუშაკი. დანარჩენს უკვე გამოძიება დაადგენს“.

საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც. ჯერჯერობით, ამაზე მეტს სახალხო დამცველის ოფისში რადიო თავისუფლებას არაფერს ეუბნებიან.

„მედია ვერ ასცდა სენსაციურობის ცდუნებას“, - ასე აფასებს უფლებადამცველი ანა აბაშიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, გლდანის ხევის 6 ნომერში მომხდარ ფაქტსა და შემდგომ უკვე ამ ფაქტის გაშუქების ასპექტებს. ანა აბაშიძის თქმით, ამბის პირველი ვერსია, რომელიც 2 ივნისს, სატელევიზიო ეთერით გადაიცა, იყო გადაუმოწმებელი, რამაც ერთი მხრივ, საზოგადოებაში შექმნა არასწორი აზრი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ქმედებების შესახებ და მეორე მხრივ, დაარღვია ბავშვთა საკითხების გაშუქების სტანდარტი:

„მედიამ უნდა დაიცვას ზღვარი სენსაციას, საზოგადოებრივ ინტერესსა და სამართლიან გაშუქებას შორის. გუშინ, ამ ყველაფერს მედიამ თავი კიდევ ერთხელ ვერ გაართვა. ასეთი მგრძნობიარე და ტრაგიკული საქმის გაშუქება და შესწავლა, რომელსაც, დიდი ალბათობით, ორი მსხვერპლი ჰყავს - ბავშვი და ბავშვი, უნდა მოხდეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე. სიმართლეს, ცხადია, გამოძიება და სასამართლო დაადგენს, მაგრამ მანამდე, მედიამ უნდა თქვას უარი ცდუნებაზე იყოს მოსამართლე. ჩვენ, რეალურად, არ ვიცით, რა მოხდა. შესაძლოა, ჩვენ სახეზე გვყავს ორი მსხვერპლი და საერთოდ სხვა დამნაშავე. თუკი დამნაშავე არასრულწლოვანია, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ის ბავშვია და უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმსაჯულების წესები ბავშვებთან მიმართებაში იცვლება. ამიტომ ნუ მოვიქცევით ისე, რომ მართლმსაჯულება დადგეს, მაგრამ მან შეიწიროს თუნდაც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის ინტერესები. ეს არ არის ყაჩაღობის ან ქურდობის საქმე, ეს არის სოციალური პრობლემა, და ასეთ სიტუაციებში, ხშირად, სასამართლოში სრულიად იცვლება სურათი და ვისაც დამნაშავედ თვლიდა საზოგადოება, საბოლოოდ, ის მსხვერპლი გამოდის. ასე რომ, არ არის გამორიცხული, რომ, შესაძლოა, ამ საქმეშიც იგივე შემთხვევასთან გვქონდეს საქმე და მანამდე ნუ გამოვიტანთ განაჩენს ნურც მედია და ნურც საზოგადოება“.

თუკი გამოძიებით დადგინდება, რომ ჩვილი არასრულწლოვანმა დედამ მოკლა, იურისტი ანა თავხელიძე ამბობს, რომ ასეთ სიტუაციაში სასამართლომ არაერთი გარემოება უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის ისიც, ხომ არ იყო თავად არასრულწლოვანი ძალადობის მსხვერპლი:

„გამოძიებამ უნდა იკვლიოს, ვინ არის ჩვილის მამა, ხომ არ იყო მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, იყო თუ არა ბავშვი აღრიცხვაზე სამედიცინო დაწესებულებაში, ჰქონდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციას, აუცილებლად უნდა შეფასდეს ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა“.

გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 112--ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდებული არასრულწლოვანია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუკი მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

XS
SM
MD
LG