ინგასგან სექსმომსახურების მიღებისთვის, როცა ის არასრულწოვანი იყო, არავინ დასჯილა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ამბობს - პროსტიტუცია სამართალდარღვევაა და ის ჯარიმით ისჯება.ოღონდ ჯარიმა ეკისრება არა კლიენტს, არამედ მას, ვინც თავის სხეულს ყიდის - პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალს.
პროსტიტუცია - გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
ამონარიდი სამართალდარღვევათა კოდექსიდან
გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაცია საპირისპიროს ამბობს: პროსტიტუციისთვის უნდა ისჯებოდეს ის, ვინც ამისგან სარგებელს იღებს და არა ის, ვინც მათ მომსახურებას უწევს.
საქართველოს 2015 წლიდან რატიფიცირებული აქვს ევროპის საბჭოს, ე.წ. ლანზაროტის კონვენცია , რომელიც ეხება ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციას.
ის ამბობს, რომ არასრულწლოვნის სექსუალური მომსახურებით სარგებლობა უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული.
და რომ ნებისმიერი პირი, რომელიც წელს მიუღწეველ ბავშვთან პროსტიტუციის მიზნით სექსუალურ კავშირს დაამყარებს, სისხლის სამართლის ნიშნით უნდა დაისაჯოს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს ცალკე მუხლი, რომელიც ამას ამბობს.
კანონში არის ზოგადი ხასიათის ჩანაწერი, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვთან ნებისმიერი სახის სქესობრივი კავშირი ისჯება.
„ანუ რა გამოდის, რომ თუ, 16 ან 17 წლის პირთან დამყარდება პროსტიტუციის მიზნით სქესობრივი კავშირი, ამისთვის არავის არანაირი პასუხისგებლობა არ ეკისრება. სწორედ ეს ეწინააღმდეგება ლანზაროტის კონვენციას“, - განმარტავს ორგანიზაცია Equality Now-ს იურისტი, თამარ დეკანოსიძე. ეს ორგანიზაცია არაერთი წელია ქალთა უფლებებს იცავს.
თამარი იმ დასკვნმადეც მივიდა, რომ საქართველოში, როგორც წესი, სამართალდამცველები არასდროს მიიჩნევენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლად პროსტიტუციაში ჩართულ 16 წლამდე ბავშვებს.
„პოლიციელები ხშირად ამბობენ, რომ ეს ქალები არ არიან სანდო, როცა გაუპატიურების ფაქტებზე ხმამაღლა საუბრობენ, რადგან სინამდვილეში იმ კლიენტებზე შურისძიება სურთ, ვინც მათ ფული არ გადაუხადაო . სახელმწიფოს არ უღირს რესურსის ხარჯვა იმისთვის, რომ მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული სათანადოდ გამოიძიონ“.
თუ არასრუწლოვანი დუმს, თუ ის პოლიციასთან არ თანამშრომლობს, თუ ამბობს, რომ მას ფული არ აუღია, მაშინ ვერავინ ვერაფერს ამტკიცებს. ხმაური არც კლიენტს აწყობს - ის თავისით არასოდეს ალაპარაკდება. არ არის რეალური პროსტიტუცია? არ არის სამართალდარღვევაც. და არ არის პრობლემაც.
„გახმაურება არ აწყობს არც ერთ მხარეს. გოგოებს უნდათ მუშაობა, კლიენტს უჩინარობა, პოლიციას კი - ნაკლები პრობლემა. ამიტომ, ყველაფერი მიდის ჩუმად და დაფარულად“.- ყვება „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ იურისტი ციალა რატიანი.
„საქართველოს კარიტასი“ ის ორგანიზაციაა, რომელიც ქუჩაში მცხოვრები და მიუსაფარი ბავშვების უფლებებს იცავს. ამ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში არასრულწლოვნების პროსტიტუცია მასშტაბური არ არის, მაგრამ 16 წელს მიუღწეველი მოზარდების პროსტიტუციაში ჩართვის შემთხვევებს ადასტურებენ.
სექს-სამუშაოში უმეტესად ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, სახლიდან წამოსული, მიუსაფარი ბავშვები ერთვებიან. თამარ შარაშიძის ვარაუდით, პროსტიტუციაში ჩართული უნდა იყოს 13-14 წლის ასაკის, დაახლოებით, 4-5 მოზარდიც იმ ბავშვებს შორის, ვისზეც „კარიტასი“ მზრუნველობს.
ბავშვები, ამას, როგორც წესი, მალავენ. ვინც ფაქტი ერთხელ მაინც დაადასტურა, „კარიტასმა“ ამბავი შესაბამის სტრუქტურებს შეატყობინა. თითქოს მოკვლევაც დაიწყო, მაგრამ პროცესი შორს არ წასულა. „კარიტასს“ არა აქვს ინფორმაცია, აგო თუ არა რომელიმე სრულწლოვანმა ადამიანმა - „კლიენტმა“ პასუხი.
ინფორმაცია, რომელიც პროსტიტუციაში ჩართული ბავშვების შესახებ „კარიტასს“ გააჩნია, ძალიან ფრაგმენტულია. ისევე როგორც ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სახელმწიფო უწყებების (და ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მოსაგროვებლად რადიო თავისუფლებამ რამდენიმე მათგანს (გაეროს ბავშვთა ფონდი, სახალხი დამცველი, საია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, GCRT, თანადგომა) მიმართა .
„კარიტასში“ მხოლოდ მიახლოებით იციან პროსტიტუციაში არასრუწლოვნების ჩართვის ორი სავარაუდო ადგილი - ერთი თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მოქმედი თურქული ბარების სიახლოვეს და მეორე, კონკრეტულ ღამის კლუბში, რუსთავში.
სწორედ აქ შენიშნა „კარიტასის“ მობილურმა ჯგუფმა არასრულწლოვანი გოგოები, მათ შორის არა მხოლოდ თავიანთი ბენეფიციარები.
რას გვიყვება სტატისტიკა? ბავშვთა პროსტიტუციაში ჩაბმის რამდენი შემთხვევაა გამოვლენილი და შესაბამისად, დასჯილა თუ არა ვინმე ამისთვის? აღიარებს თუ არა სახელმწიფო არასრულწლოვანთა პროსტიტუციას, როგორც პრობლემას? რადიო თავისუფლებამ ეს და სხვა არაერთი კითხვა გაგზავნა როგორც შს სამინისტროში, ისე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.
მოკლე პასუხი მივიღეთ მხოლოდ შსს-გან - კერძოდ შსს-მ მოგვაწოდა 2018-2019 წლებისა და 2020 წლის იანვარი-აპრილის თვის პერიოდში, სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან („პროსტიტუციაში ჩაბმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ“) დაკავშირებით, გამოძიების დაწყების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაცია.
2018 წელს გამოძიება დაიწყო სულ 5 ფაქტზე:
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1
- იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1
- აჭარა - 2
- ქვემო ქართლი - 1
2019 წელს გამოძიება დაიწყო 2 ფაქტზე:
- თბილისი - 1
- ქვემო ქართლი - 1
2020 წელს - იანვარი-აპრილის თვეში მსგავს ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.
მე განსხვავებული ვარ, - ეს იყო ინგას პირველი სიტყვები, როცა ფსიქოლოგ მაია ცირამუას პირისპირ პირველად აღმოჩნდა.
კარგი, ეს შენი საქმეა. მოდი ვილაპარაკოთ, - უპასუხა მაიამ.
ინგა მაიასთან ოჯახში ძალადობის გამოცდილების გამო მოხვდა. იმ პერიოდში პროსტიტუციაშიც უკვე ჩაბმული იყო.
მაია გვიზიარებს თავის დაკვირვებას და კვლევებზე დაყრდნობით სტატისტიკასაც იშველიებს, როცა ჩამოთვლის იმ ადამიანებს, ვინც ბავშვებთან სექსუალურ კავშირს ამყარებს.
მათ უმრავლესობას თავად ჰქონია მსგავსი გამოცდილება, როგორც წესი, ისინი თავად არიან ტრავმირებულები და რადგან მათ არასოდეს არავინ დახმარებია, აგრძელებენ ამ ე.წ. ტრავმულ თამაშს.
არის მეორე კატეგორიაც, ანტისოციალური პერსონოლოგიური აშლილობის მქონე პირები - ძალიან დაბალი მორალით, რომელთაც თუ ბავშვი „ხელში ჩაუვარდათ“, მათთან სექსუალურ კავშირზე უარს არ ამბობენ.
და პროცენტულად ყველაზე ცოტანი, პედოფილები, რომელთათვისაც ბავშვი ცალსახად სექსუალური ობიექტია.
მათი ტრავმული გამოცდილება თაობიდან თაობას გადაეცემა და თუ ამ პროცესში არ ჩაერია სახელმწიფო ყველა საჭირო სერვისით, ოჯახი - თანადგომით, ეს უწყვეტი ჯაჭვი არასოდეს წყდება.
მაია ცირამუა ამბობს, რომ პოლიცია ხედავს ამ ბავშვებს და ფსიქოლოგებზე წინ, სწორედ მათ აქვთ სამუშაო.
„ისინი ღამის პეპლებს ემსგავსებიან, რომლებიც იმავე ცეცხლში იწვებიან, რომლისკენაც ილტვიან. ასეთ ბავშვებს აქვთ ხოლმე სირცხვილის და ბრალეულობის აბსოლუტურად დამანგრეველი განცდა. არ არსებობს მსხვერპლი, რომელიც საკუთარ თავს არ იდანაშაულებდეს იმაში, რაც მას დაემართა. არადა ის მხოლოდ მსხვერპლია და მას რაღაც ეტაპზე არ გამოუჩნდა მხარდამჭერი ქსელი, ინტელექტი, განათლება, ოჯახი. თავდახსნა თითქმის შეუძლებელია“, - გვეუბნება მაია ცირამუა.