ბოლო პერიოდში ახალციხეში გაიქურდა მარტოხელა პენსიონერი, მაღაზია, აფთიაქი, სარდაფები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, სლოტ-კლუბი და სხვა. ქალაქში ქურდობის ფაქტების გახშირებას ადასტურებს შსს-ის მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემებიც, რომლებიც ბოლო 2 წლის და 7 თვის სტატისტიკას ასახავს. 2016 წელს ოფიციალურად რეგისტრირებული 48 ფაქტიდან 14 გაიხსნა, ხოლო 2017 წელს რეგისტრირებული 72 შემთხვევიდან მხოლოდ 11. შსს-სგან მიღებული მონაცემებითვე, 2018 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ახალციხეში რეგისტრირებულია ქურდობის 59 ფაქტი და გახსნილია 13.
შსს-ის ინფორმაცია ახალციხეში დანაშაულის სტატისტიკის შესახებ
ბოლო 2 წლის და 7 თვის სტატისტიკის თანახმად:
- 2016 წელს ოფიციალურად რეგისტრირებული დანაშაულის 48 ფაქტიდან 14 გაიხსნა;
- 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 72 შემთხვევიდან გაიხსნა მხოლოდ 11;
- 2018 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ახალციხეში რეგისტრირებულია ქურდობის 59 ფაქტი და გახსნილია 13.
ქურდობის გახშირებას რამდენიმე მიზეზით ხსნის არასამთავრობო ორგანიზაციის "ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი. მისი შეფასებით, სამართალდამცავთა არაპროფესიონალიზმსა და დაუსჯელობის სინდრომს ემატება მძიმე სოციალური პრობლემები და ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაციის სუსტი პროგრამა.
"ბევრია განმეორებითი კრიმინალური დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ციხიდან გამოსული ადამიანი, სამსახურს რომ ვერ იშოვის, ლუკმაპურის მოპოვებისთვის ბრძოლას აგრძელებს ჩვეული მეთოდით“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ცირა მესხიშვილმა. „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გახშირებულია დანაშაულში არასრულწლოვანთა მონაწილეობაც, რაც ძირითადად, მძიმე სოციალური ფონის შედეგია. გარდა ამისა, როგორც ცირა მესხიშვილი ამბობს: „შეწყალებაც კარგია და ადამიანის ნდობაც, რომ საზოგადოებაში დაბრუნდეს, მაგრამ ნებისმიერმა კომისიამ გაცილებით კარგად უნდა შეისწავლოს. ისიც არის, რომ ჩვენი რესოციალიზაციის პროგრამებიც ძალიან სუსტია.“
ქურდობის ფაქტების ზრდის მიზეზებად მძიმე სოციალურ ფონს და დაუსჯელობას ასახელებს ადვოკატი ეკა აბაშიძეც:
"ბოლო წლების განმავლობაში ბევრი გაუხსნელი ფაქტი დაგროვდა. ალბათ, ამან უბიძგა დამნაშავეებს მადა გახსნოდათ და ამ მიმართულებით არაერთი დანაშაული ჩაედინათ. არის საუბრები, რომ მუშაობს რამდენიმე ჯგუფი – ერთი, ინფორმაციას ვინც აწვდის, და მეორე, დანაშაულს ვინც ჩადის."
კოლეგის შეფასებას იზიარებს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი. მისი თქმით, ქურდობის ფაქტების გაზრდა ჩამოთვლილ პრობლემებთან ერთად იმანაც განაპირობა, რომ სამართალდამცავების მთელი ყურადღება ოჯახურ დანაშაულზეა გადატანილი. ადვოკატი ამბობს, რომ ეს მისასალმებელია, თუმცა სხვა დანაშაული დაუსჯელი არ უნდა რჩებოდეს.
"ოღონდ ოჯახური საქმე გაიხსნას და ქურდობა და ყაჩაღობა არ აინტერესებთ, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხვდება. შესაბამისად, დაუგროვდათ გაუხსნელი ფაქტები, მით უმეტეს, ქურდობის. იციან, რომ ოღონდ ოჯახის წევრს არ შეეხო, დანარჩენზე ყველაფერზე შეიძლება საპროცესო გარიგება", - უთხრა რადიო თავისუფლებას ნუგზარ სამარჯიშვილმა.