„საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებმა“ გაავრცელეს პეტიციის ტექსტი, რომლითაც მოითხოვენ, რომ თბილისის მერმა და მისმა მოადგილეებმა იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით:
„თბილისის მერიის არათანმიმდევრული სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად, უკანასკნელ პერიოდში თითქმის შეუძლებელი გახდა საჯარო ტრანსპორტით მგზავრობა. მოსახლეობისთვის მეტროთი გადაადგილება იქცა გადაულახავ პრობლემად. მგზავრობისთვის ხალხს უწევს დაუსრულებელ რიგში დგომა. ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე დასაშვებია.
საჯარო ტრანსპორტით მგზავრობა იქცა დიდ დისკომფორტად, რომელსაც განვიცდით ყოველდღიურად. სატრანსპორტო პოლიტიკა არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და ქმნის არაჰუმანურ პირობებს მოქალაქეებისთვის“.
“საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების“ წევრი, მიშო ჯიბლაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
„ეცინებათ პეტიციას როცა კითხულობენ, რომ მერმა შეიძლება [საზოგადოებრივი] ტრანსპორტით იაროს, მაგრამ რეალურად სასაცილო არ არის. მითუმეტეს, დღეს, როცა ჩვენ დავდივართ გადაჭედილი ავტობუსებით და მატარებლით და მერი და მისი მოადილეები ცინიკურად გვეუბნებიან, რომ ეს უნდა გვიხაროდეს და ჩვენთვის სასიკეთოდ კეთდება. უნდა ავიდნენ მერი და მისი მოადგილეები რომელიმე ავტობუსში, პიკის საათში და მიხვდებიან, რომ საერთოდ არ არის კარგი მდგომარეობა. შეურაცხყოფის განცდა გაქვს, როცა ავტობუსით მგზავრობ“.
„ახალგაზრდა მწვანეების“ კიდევ ერთი წევრი გიორგი ფცქიალაძე:
„როცა ქალაქის წარმომადგენელი ხარ, ნორმალური უნდა იყოს მგზავრობდე საჯარო ტრანსპორტით და არ დადიოდე გიგანტური „ჯიპით“, ესკორტით არ გადაადგილდებოდე ქალაქში“.
მიშო ჯიბლაძე ტრანსპორტის მიღმა არსებულ ქაოსზე ლაპარაკობს:
„მარტო ტრანსპორტზე არ არის, ძალიან ბევრი პრობლემაა ქალაქში. ქაოსია რეალურად და მერი დაშორებულია პრობლემებს. ისეთი განცდაა, რომ ლაივებში ცხოვრობს. კაბინეტიდან გამოდის, ლაივს ჩაწერს და შეიძლება, თვითონაც სჯერა უკვე, რომ მართლა რაღაცებს ალაგებს“.
გიორგი ფცქიალაძე ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სისტემის განვითარების საჭიროებაზე ლაპარაკობს. მოსწონს ახალი ავტობუსები, რომელსაც ნაკლები, მაგრამ მაინც აქვს გამონაბოლქვი და ემხრობა ტრამვაის ხაზების გაკეთებას პირველ რიგში იქ, სადაც ეს ყველაზე საჭიროა დღეს. მაგალითად მოჰყავს დიღომი-გლდანის ნაწილი, რომელიც სულ უფრო რთულად უკავშირდება ქალაქის დანარჩენ ნაწილს.
„ახალგაზრდა მწვანეები“ აკრიტიკებენ მერიის ბოლო გახმაურებულ ინიციატივას ტაქსებზე. თავისთავად რეგულაციას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა ამ პროექტშიც არათანმიმდევრულობასა და ბიზნესინტერესების პრიორიტიზაციას ხედავენ:
„ბიზნესს აკეთებენ ერთად. ტაქსები გადაღებეს თეთრად, შემდეგ სათამაშო ბიზნესი აკეთებს რეკლამას. მერია და ბიზნესი ახლობლობენ. იგივე იყო დიღმის ტყეპარკში, სადაც სამშენებლო კომპანია აკეთებდა და მერმა ჩაწერა ლაივი და „აი, რას ვაშენებთ“, - იძახის“.
მიშო ჯიბლაძე თვლის, რომ მერი ხალხს დაშორდა:
„თბილისის მერი გამოვიდეს გარეთ და იაროს ხალხთან. მისთვის უკეთესია. ძალიან დაშორდა ხალხს და მარტო პიარკამპანიაზეა გადასული. ავტობუსების შემოყვანაც - რამდენი მერი იცვლება დაყველა ფერს უცვლის ავტობუსს. ახალზე არაფერზე ფიქრობენ“.