მიხეილ ჩხიკვიშვილს მასობრივი თავდასხმების დაგეგმვასა და სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულის წაქეზებაში ფედერალურმა დიდმა ჟიურიმ ბრუკლინში წაუყენა ბრალი.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ჩხიკვიშვილი, იგივე "ყასაბი", იგივე „ყასაბი მეთაური“ „თეთრი რასის უპირატესობის“ მომხრე იყო და აღმოსავლეთ ევროპაში „მანიაკ მკვლელთა კულტის“ სახელწოდებით ცნობილ სასტიკ საერთაშორისო ექსტრემისტულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.
განცხადების მიხედვით, „მანიაკ მკვლელთა კულტი" ნეონაცისტურ იდეოლოგიას იზიარებს და მისი მიზანია რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემებისა და სხვა, მათი აზრით, "არასასურველი" ჯგუფების წინააღმდეგ ძალადობრივი დანაშაულის წაქეზება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ტერორისტული და ძალადობრივი მეთოდებით, ქაოსისა და შიშის დანერგვა.
"კულტს" ჰყავს წევრები აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.
ჩხიკვიშვილი, სავარაუდოდ, 8 ივლისს მოლდოვაში დააკავეს. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის ცნობაში ნათქვამია, რომ მოლდოვის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს აშშ-ისა და ინტერპოლის მიერ ძებნილი, ტერორიზმში ეჭვმიტანილი 19 და 20 წლის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც "სტამბოლი-კიშინიოვის" რეისის მგზავრები აღმოჩნდნენ.
ამასთან, მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის ცნობაში მათი ვინაობა არ არის მითითებული.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა და უსაფრთხოების წარმომადგენლებმა მათი შემოწმების დროს აღმოაჩინეს სპეციალიზებულ სამხედრო-სასწავლო ცენტრებში მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე ტერორისტული შინაარსის მულტიმედიური მასალები.
საქართველოს ერთი მოქალაქე კიშინიოვის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, ხოლო მეორე, რომელსაც არ ჰქონდა მოლდოვაში შესვლის უფლება, უკან თურქეთის რესპუბლიკაში გააბრუნეს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების თანახმად, დაკავებამდე მიხეილ ჩხიკვიშვილმა სცადა ნიუ-იორკში მასობრივი თავდასხმის მოსაწყობად გადმოებირებინა თანამზრახველი, რომელიც გადაცმული სამართალდამცველი აღმოჩნდა.
განცხადების მიხედვით, ჩხიკვიშვილმა გადაცმულ ოფიცერს გაანდო და გადასცა დაწვრილებითი გეგმა და საწამლავის დამზადების დეტალური ინსტრუქცია.
აშშ-ის საგამოძიებო უწყების ცნობით, ჩხიკვიშვილს განზრახული ჰქონდა, რომ დაგეგმილი თავდასხმა ყოფილიყო იმაზე დიდი, ვიდრე 2011 წელს ნორვეგიაში ანდერს ბრეივიკის მიერ მოწყობილი მასობრივი მკვლელობა, რომელსაც 77 ადამიანი შეეწირა.
აშშ-ის გენერალური პროკურატურის თანახმად, ჩხიკვიშვილმა მასობრივი მსხვერპლის გამომწვევი ქმედების დაგეგმვა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო და ის ნიუ-იორკში ახალი წლის ღამეს უნდა განხორციელებულიყო.
"გეგმა მოიცავდა სანტა კლაუსად გადაცმული პიროვნების მიერ მოწამლული კანფეტების დარიგებას რასობრივი უმცირესობებისა და ბავშვებისთვის ბრუკლინის ებრაულ სკოლაში", – ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ჩხიკვიშვილს ნათქვამი აქვს, რომ ჩადენილი ჰქონდა სხვა სიძულვილის დანაშაულები, როდესაც ბრუკლინში, ნიუ-იორკში ცხოვრობდა 2022 წელს. გამოძიების მიხედვით, ის ბრუკლინში, სულ მცირე, ორჯერ იმყოფებოდა და ბებიასთან, მამამისის დედასთან, რჩებოდა.
აშშ-ის ფედერალურ საბრალდებო დასკვნაში ასევე წერია, რომ 2021 წლის სექტემბერში ჩხიკვიშვილმა გაავრცელა მიმართვა სახელწოდებით „მოძულის მანიფესტი“, რომელშიც აცხადებდა, რომ „ხოცავდა თეთრი რასის გულისთვის“ და მოუწოდებდა მკითხველებს, რომ „ეთნიკური წმენდის“ ხელშეწყობის მიზნით ჩაედინათ ძალადობრივი „მასობრივი ტერაქტები“, განსაკუთრებით - აშშ-ში. ოთხივე ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, მას 50 წლამდე პატიმრობა ელის. ძალადობრივი აქტების დაგეგმვისა და მოწოდების გარდა, ბრალდება მოიცავს ასაფეთქებელი მასალების დამზადების ინფორმაციის გავრცელებისა და გამოყენების მუხლსაც.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ჩხიკვიშვილს სისხლის სამართლის ოთხი მუხლის მიხედვით, საერთო ჯამში, 50 წლით პატიმრობა ემუქრება - 20-20 წლით პატიმრობას ითვალისწინებს მძიმე დანაშაულისკენ წაქეზება და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადებისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და კიდევ 5-5 წელია განსაზღვრული მძიმე დანაშაულის ჩადენის წაქეზების მიზნით შეთქმულებისა და მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისთვის.
ფორუმი