Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები - ლაივბლოგი

მსოფლიოს ლიდერები დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ ცვლილებებს გაუძლებს - ამბობს ელჩი დანიგანი

22:41 6.11.2024

რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისა და მისი ფრონტისთვის?

რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა.

„გლობალურ საკითხებში ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას მიდგომისადმი "მშვიდობა ძალის მეშვეობით". ეს სწორედ ის პრინციპია, რომელსაც პრაქტიკულად შეუძლია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოახლოება. იმედი მაქვს, ჩვენ ამას ერთად განვახორციელებთ“, - დაწერა 6 ნოემბერს სოციალურ ქსელ X-ში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ ნაკლებად იზიარებენ ვოლოდიმირ ზელენსკის ოპტიმიზმს იმ ფონზე, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს როგორც რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის, ისე ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატები ეჭვის ქვეშ აყენებდნენ უკრაინისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაგრძელებას.

მეტიც, ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი“ ვარაუდობს, რომ ტრამპმა შესაძლოა უკრაინა ზეწოლით დაითანხმოს რუსეთთან „მძიმე ზავზე“.

00:51 7.11.2024

კამალა ჰარისმა და ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

ოთხშაბათს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა კამალა ჰარისმა თავის რესპუბლიკელ მეტოქეს, დონალდ ტრამპს დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჰარისის ერთ-ერთმა თანაშემწემ განუცხადა Associated Press-ს, რომ მან და ტრამპმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მნიშვნელობა.

სტივენ ჩუნგმა, ტრამპის კამპანიის სპიკერმა, კანდიდატების საუბარს „გულწრფელი“ უწოდა. „პრეზიდენტმა ტრამპმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს მისი სიძლიერის, პროფესიონალიზმისა და გამძლეობისთვის მთელი კამპანიის განმავლობაში და ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის გაერთიანება“, - თქვა მან განცხადებაში. მანამდე საუბრის ფაქტი CBS-ისა და CNN-ის წყაროებმა დაადასტურეს.

მოსალოდნელია, რომ ოთხშაბათს მოგვიანებით ჰარისი სიტყვით გამოვა არჩევნებში დამარცხების შესახებ. ის აპირებს, მოუწოდოს თავის მხარდამჭერებს, ტრამპის ამომრჩევლებთან იპოვონ „საერთო საფუძველი“, რათა ერთად იმუშაონ ქვეყნის სასიკეთოდ.

02:54 7.11.2024

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ოთხშაბათს საღამოს თავისი მომხრეების წინაშე გამოსვლისას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მათ.

ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღიარებს დამარცხებას არჩევნებში, მაგრამ არა „ამერიკის მომავლისა და იდეალებისთვის ბრძოლაში“. მან აუდიტორიას განუცხადა, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში მას მიმავალი გუნდის დახმარება აღუთქვა არჩევნებში გამარჯვებულისთვის ძალაუფლების გადაცემის მშვიდობიან პროცესში.

ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს ბრძოლაზე კანონის უზენაესობისთვის, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისთვის, განაცხადა ჰარისმა.

მან მიმართა ახალგაზრდებს შეკრებილ დემოკრატიული პარტიის მომხრეთა შორის. „ხელები არ ჩამოუშვათ, თქვენ გაქვს პოტენციალი, სურვილი და შესაძლებლობები, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ.“ დადგა დრო, რომ მოვახდინოთ ორგანიზება და მობილიზება, რათა აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა მომავლის მშენებლობაში, თქვა ჰარისმა საპრეზიდენტო არჩევნებში წაგების შემდეგ მხარდამჭერებისადმი თავისი პირველი მიმართვის ბოლოს.

„ჩვენ ხელები კი არ უნდა დავუშვათ, არამედ ხელები უნდა დავიკაპიწოთ,“ თქვა ჰარისმა.

11:43 7.11.2024

არჩეული პრეზიდენტის შტაბმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი დიდად აფასებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სატელეფონო ზარს და მოუთმენლად ელოდება შეხვედრას, რომელიც უახლოეს ხანში გაიმართება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG