კობახიძე ტრამპს გამარჯვებას ულოცავს და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს:
„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას“, - წერს იგი X-ზე.
„გვიხარია, რომ აშშ-ში მშვიდობა იმარჯვებს“ - მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენცია აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრით დაიწყო.
„ძალიან გვიხარია, რომ აშშ-შიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს. დანარჩენი, როცა ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები, სხვა ლიდერებიც გააკეთებენ განცხადებას“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მან შეერთებულ შტატებს უწოდა „სტრატეგიული [პარტნიორი] და მეგობარი ქვეყანა“.
სააკაშვილი აშშ-ის არჩევნებს ეხმაურება 2012 წელს ტრამპთან ერთად ჩაწერილი ვიდეოთი
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპის მოსალოდნელ გამარჯვებას ეხმაურება ვიდეოთი, სადაც ის ტრამპთან ერთად იმყოფება.
„ტრამპის ყოფნა საქართველოში არის ნიშანი საქართველოს შეუქცევადი წარმატებისა“ - ამბობს სააკაშვილი ვიდეოში, რომელიც 2012 წლით თარიღდება.
დონალდ ტრამპი 2012 წლის აპრილში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, სტუმრობდა საქართველოს.
ქვეყნის მაშინდელმა ლიდერმა სტუმარი თავის რეზიდენციაში მიიღო და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
22 აპრილს სააკაშვილი და ტრამპი ერთად გაემგზავრნენ ბათუმში და მონაწილეობა მიიღეს „ტრამპ ტაუერის“ პროექტის პრეზენტაციაში.
საბოლოოდ, პროექტი არ განხორციელებულა.
ახლახანს მივულოცე ტრამპს გამარჯვება - ნატოს გენერალური მდივანი
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას ეხმაურება.
„ახლახანს მივულოცე დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა. მისი ხელმძღვანელობა კვლავ იქნება ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების გასაღები. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას, რათა გავაძლიეროთ მშვიდობა ნატო-ს მეშვეობით“, - წერს იგი X-ზე.
ფორუმი