ფაშინიანი: მოუთმენლად ველი ტრამპთან მუშაობას სომხეთი-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე
ტრამპს გამარჯვებას ულოცავს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც
„გულითადად ვულოცავ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის არჩევნებში შთამბეჭდავად გამარჯვებას“, - აცხადებს ფაშინიანი.
„ბატონო არჩეულო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას სომხეთი-აშში-ის სტრატეგიული ორმხრივი ურთიერთობების დასამყარებლად ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრიორიტეტებსა და ინტერესებზე დაყრდნობით“, - წერს იგი X-ზე.
დანიგანი: აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ ცვლილებებს გაუძლებს
საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ სჯერა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება.
„ნამდვილად მჯერა, რაც უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოს ხალხს და აშშ-ის ხალხს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენს კომპანიებს, ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ყველა ეს ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში“, - თქვა დანიგანმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ მიღებაზე.
მისი სიტყვებით, ეს ჰგვრის სიამაყეს, წარმოადგენდეს აშშ-ს საქართველოში.
მისი თქმით, სწამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუძლებს პოლიტიკურ ცვლილებებსა თუ პოლიტიკურ განწყობებს.
ტრამპი: რობერტ კენედი გამოაჯანმრთელებს ამერიკას
დონალდ ტრამპი, - რომელსაც მსოფლიო ლიდერები უკვე ულოცავენ საპრეზიდენტო არჩევნებშ გამარჯვებას, - აცხადებს, რომ რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი (RKF) „გამოაჯანმრთელებს ამერიკას“.
ამერიკული მედიის ცნობით, 6 ნოემბრის დილას ნათქვამი ამ ფრაზით ტრამპმა მიანიშნა, რომ მის ახალ ადმინისტრაციაში კენედის ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებული როლი ექნება.
კენედი ანტივაქსერული პოზიციებით არის ცნობილი, რის გამოც მას ჯანდაცვის სპეციალისტები ხშირად საყვედურობენ.
რობერტ კენედი თავადაც იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა ბრძოლას აგვისტოში გამოეთიშა და ტრამპს დაუჭირა მხარი.
იგი კენედების ოჯახის წარმომადგენელია. მამა, რობერტ კენედი უფროსი სენატორი და გენერალური პროკურორი იყო, - 1968 წელს იგი მოკლეს. ბიძა, ჯონ კენედი კი იყო პრეზიდენტი, რომელიც 1963 წელს მოკლეს.
ტრამპის საარჩევნო დაპირებებს შორის ერთ-ერთი ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ არსებული დოკუმენტაციას „განსაიდუმლოება“ იყო.
ველი ტრამპთან თანამშრომლობას ძლიერი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგისათის - ევროკომისიის პრეზიდენტი
ტრამპს გამარჯვებას ულოცავს ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენიც.
„მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ტრამპთან თანამშრომლობას ძლიერი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის განვითარებისათვის“, - აცხადებს იგი.
„ევროკავშირი და შეერთებული შტატები უფრო მეტნი არიან, ვიდრე უბრალოდ მოკავშირეები. ჩვენ გვაკავშირებს ჩვენი ხალხის ნამდვილი პარტნიორობა, რაც აერთიანებს 800 მილიონ მოქალაქეს. ეს კავშირი ღრმაა, ფესვგადგმულია ჩვენს საერთო ისტორიაში, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებასა და უსაფრთხოებისა და შესაძლებლობების საერთო მიზნებში“, - აცხადებს ფონ დერ ლაიენი.
„მოდით, ერთად ვიმუშაოთ ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაზე, რომელიც გააგრძელებს ჩვენი მოქალაქეებისთვის შედეგის მოტანას. მილიონობით სამუშაო ადგილი და მილიარდობით ინვესტიცია ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს დამოკიდებულია ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების დინამიურობასა და სტაბილურობაზე“, - წერია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.
ფორუმი