Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა პატიმარი სახლში ზის - აღკვეთის ღონისძიების ახალი ვარიანტი


ელექტრონული სამაჯური
ელექტრონული სამაჯური

პარლამენტმა მოამზადა ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. დამტკიცების შემთხვევაში, აღკვეთის ერთ-ერთ სახედ გადაადგილების შეზღუდვა განისაზღვრება.

სანამ სასამართლო ადამიანს განაჩენს გამოუტანს (გაათავისუფლებს ან პატიმრობას მიუსჯის), ის ბრალდებულია და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება უნდა გატარდეს.

დღეს კანონი აღკვეთის ხუთ სახეს ცნობს, აქედან ყველაზე ხშირად ორი - პატიმრობა და გირაო გამოიყენება. უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2020 წელს აღკვეთის ღონისძიება სულ 9000-ზე მეტ ადამიანს შეეფარდა, თითქმის ნახევარს - პატიმრობა, ცოტა მეტს კი - გირაო.

ცვლილებები ამჟამად საპარლამენტო კომიტეტებში განიხილება. მათი დამტკიცების შემთხვევაში, გაჩნდება აღკვეთის ღონისძიების კიდევ ერთი სახე - გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანს გადაადგილება შესაძლოა 24 საათის განმავლობაში ან დღე-ღამის რაღაც პერიოდში შეეზღუდოს. ბრალდებულს ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით გააკონტროლებენ.
თუ კანონპროექტი დამტკიცდა, ის 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

„პატიმრობის გარდა [აღმკვეთი] სხვა საშუალებებიც თუ ბევრი იქნება, მაგას რა სჯობს. პატიმრობა ყველაზე მძიმე ფორმაა. შინაპატიმრობა პატიმრობისგან არაფრით არ განსხვავდება, გარდა იმისა, რომ ციხეში კი არა, სახლში ზის ადამიანი, მშობლებთან“, - ამბობს დიმიტრი ხაჩიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის „უფლებები საქართველოსთვის“ იურისტი.

აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმის გამო, რომ ბრალდებულმა ახალი დანაშაული არ ჩაიდინოს, მტკიცებულებები არ მოსპოს და არ მიიმალოს. ამისგან დასაზღვევად უსჯიან გირაოსაც.

„დღეს ძირითადად მხოლოდ გირაო და პატიმრობა გამოიყენება. არის კიდევ თავდებით გათავისუფლებაც, მაგრამ არც მახსენდება ასეთი შემთხვევა. აღმკვეთი ღონისძიების დანარჩენ ორ სახესაც [სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - რ.თ.] ძალიან იშვიათად იყენებენ“, - ამბობს იურისტი.

რა უპირატესობა აქვს გადაადგილების შეზღუდვას პატიმრობასთან შედარებით?

მაგალითად, საქმეზე „ბუზადჯი მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ შინაპატიმრობა უმეტესად ნაკლებად ზღუდავს და ტანჯავს დაკავებულს, რადგან ციხეში ის იძულებულია ახალ, ზოგჯერ მტრულ გარემოში იმყოფებოდეს, დაიცვას დისციპლინა, მუდმივად იყოს ადმინისტრაციის ზედამხედველობის ქვეშ, მხოლოდ განსაზღვრულ დროს ჭამოს, იბანაოს, დაიძინოს...

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავის კვლევაში „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდარტები - 2020“ წერს, რომ დღეს სასამართლო ბრალდებულს პატიმრობასა და გირაოს ხშირად იმის გამო უსჯის, რომ სხვა აღკვეთის ღონისძიება არ არსებობს.

ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების ფართო სპექტრი, სავარაუდოდ, გამოიწვევს იმას, რომ პროკურორები ნაკლებად მოითხოვენ გირაოს შეფარდებას, რაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულებისთვის შეღავათი იქნება, წერია საიას კვლევაში.

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ელექტრონული მონიტორინგი უფრო ეფექტიანი იქნება ოჯახურ ან ქალთა მიმართ ძალადობაში ეჭვმიტანილების მიმართაც. უფრო ადვილი იქნება ბრალდებულის ადგილსამყოფლის გაკონტროლება და ისიც, არის თუ არა ის ახლოს დაზარალებულთან.

„მაგრამ შესაძლოა, მსხვერპლი და მოძალადე ერთ სახლში ცხოვრობდნენ. აქ… სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და გადაწყვიტოს ეს საკითხი“, - ამბობს საიას იურისტი თამარ ბოჭორიშვილი.

ვის მიმართ და როგორ გამოიყენება გადაადგილების შეზღუდვა?

  • გადაადგილების შეზღუდვა არ გამოიყენება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული ხანდაზმულია (ქალი - 65 წლიდან, მამაკაცი - 70 წლიდან) და ბრალი არაძალადობრივ დანაშაულში ედება.
  • გადაადგილების შეზღუდვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ეს ღონისძიება უნდა შეიცვალოს, ან გაუქმდეს, ვადა გამოითვლება წუთებით.
  • გადაადგილების შეზღუდვის და პატიმრობის საერთო ვადაც არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
  • ბრალდებულს შესაძლოა გადასახდელი ჰქონდეთ თანხა - არა უმეტეს 8000 ლარისა (ელ. მონიტორინგის მოწყობილობის მაქსიმალური საბაზრო ღირებულება ამ მომენტისთვის).
  • გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლდებიან გადახდისუუნარო სრულწლოვანი ბრალდებულები და ყველა არასრულწლოვანი ბრალდებული. იუსტიციის მინისტრსაც ექნება შესაძლებლობა, გამონაკლისები განსაზღვროს. „აპარატი მონტაჟდება სახლში, ასევე არის სამაჯური, რომელიც მაშინ უნდა გაიკეთოს ბრალდებულმა, როდესაც სახლიდან გავა. როდესაც ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიება მოეხსნება, - გამართლდება ან პირიქით, საპატიმროში გადავა, - გადახდილი თანხა დაუბრუნდება“, - ამბობს საიას იურისტი თამარ ბოჭორიშვილი.
  • ბრალდებულს მოუწევს მომსახურების საფასურის, ყოველთვიურად 100 ლარის გადახდაც. შეღავათები ამ შემთხვევაშიც იგივეა.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG