თებერვლის დამდეგს ტელეგრამში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია ორი მცურავი ბარიერი ბუნებრივ ნავსაყუდელში ბალაკლავაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში.
უკრაინელი აქტივისტები ირწმუნებიან, რომ ბარიერები, რომლებითაც შეიძლება ნავსაყუდლის შესასვლელის ჩაკეტვა საზღვაო დრონებისთვის, იმის უკანასკნელი მტკიცებულებაა, რომ წყალქვეშა ნავების ბაზა, რომელიც ოდესღაც „ობიექტი 825 გტს“-ის სახელით იყო ცნობილი და რომელიც დიდი ხნის წინათ იქნა დაკონსერვებული, კვლავ ბრუნდება მწყობრში.
„[რუსი] ოკუპანტები კვლავ სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ წყალქვეშა ნავების ძველ მიწისქვეშა ბაზას, რომელიც წინათ მუზეუმის როლს ასრულებდა,“ დაწერა ახლახან ტელეგრამში ყირიმელი თათრების პარტიზანულმა ჯგუფმა „ატეშმა“.
ჯგუფის აზრით, დრონების საწინააღმდეგო ბარიერები იმაზე მიუთითებს, რომ წყალქვეშა ნავების ბაზა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება, ვინაიდან ამჟამად ყურეში არ მოიპოვება სხვა საიდუმლო ობიექტები. 2008 წელს უკრაინამ ბალაკლავის ნავსაყუდლის დემილიტარიზაცია მოახდინა, 2016 წლიდან კი, როცა ის რუსეთის კონტროლქვეშ იყო, იქ დიდი ნავმისადგომი ააგეს სასეირნო ხომალდებისთვის.
ბალაკლავის წყალქვეშა ნავების ბაზის მშენებლობა 1961 წელს დასრულდა, როცა ყირიმი საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო ცენტრი იყო.
ბალაკლავის უნიკალურმა ლანდშაფტმა საბჭოთა დამგეგმარებლებს საშუალება მისცა, პირდაპირ ზღვიდან 600 მეტრის სიგრძის გვირაბი შეეყვანათ მთაში, რომელიც საკმარისად დიდია იმისთვის, რომ შიგნით მყოფი ხალხი და ხომალდები პირდაპირი ბირთვული დარტყმისგან დაეცვა.
გასაიდუმლოებული ობიექტი შეიცავდა თავშესაფარს ცხრამდე წყალქვეშა ნავისა და მათი ეკიპაჟებისთვის, ასევე მშრალ დოკს, რომელშიც ნავების შეკეთება შეიძლებოდა, და სათავსოებს, სადაც შეიძლებოდა ბირთვული იარაღის შენახვა და მათი მომზადება გამოსაყენებლად.
საბჭოთა ბაზის გასაიდუმლოებას ის მოჰყვა, რომ ბალაკლავის ნავსაყუდელი იქცა „დახურულ“ ზონად, რომელშიც მხოლოდ სპეციალური ნებართვით დაიშვებოდნენ. ცივი ომის პერიოდში ბაზაზე წყალქვეშა ნავების შესვლა-გამოსვლა მხოლოდ ღამით, წყვდიადის საფარქვეშ ხდებოდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბაზა უკრაინის კონტროლს დაექვემდებარა, მაგრამ დაუცველი დარჩა. 1994 წელს ერთ-ერთი დამთვალიერებელი იხსენებდა, რომ ობიექტი, რომელიც ოდღესღაც გასაიდუმლოებული იყო, ისე გამოიყურებოდა, „თითქოს ის მოულოდნელი კატასტროფის შედეგად მიეტოვებინათ“. მისი თქმით, „უნებლიეთ გახსენდება ჩერნობილი“.
ინტერიერის დიდი ნაწილი ქურდებმა გაძარცვეს 1990-იანებში, სანამ უკრაინამ ის მუზეუმად აქცია და 2003 წელს გახსნა დამთვალიერებლებისთვის.
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ბაზა რუსეთის კონტროლქვეშ მოექცა, მაგრამ კვლავაც მუზეუმის ფუნქციას ასრულებდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზა კვლავ სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება, მხოლოდ უკანასკნელი ასეთი ცნობაა. 2022 წლის ოქტომბერში უკრაინის არმია მიუთითებდა იმაზე, რომ ბაზის შესასვლელთან სამშენებლო სამუშაოები წარმოებდა და ეს მოწმობდა სამხედრო მიზნებით მის ხელახლა გამოყენებას. თუმცა, მუზეუმი, როგორც ჩანს, კვლავაც ღიაა დამთვალიერებლებისთვის.
როგორც „ჯეიმსტაუნ ფაუნდეიშენის“ თავდაცვის ექსპერტმა ჯონ დეილიმ უთხრა რადიო თავისუფლებას, თუკი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები ბაზას იყენებენ, ამას გემებისთვის უფრო გააკეთებდნენ, ვიდრე წყალქვეშა ნავებისთვის. „თუ გავითვალისწინებთ შავი ზღვის ფლოტის „კილოს“ კლასის წყალქვეშა ნავების ზომების შეზღუდვებს (მათი სიგანე ბევრად მეტია ბალაკლავის ამჟამინდელი კონფიგურაციისთვის), ეჭვგარეშეა, რომ ამჟამად, მოდერნიზაციამდე, მისი გამოყენება წყალზედა ხომალდებზე იქნება ორიენტირებული“.
ვინაიდან რუსეთის სამხედრო-საზღვაო პორტებს უკრაინის სწრაფად განვითარებადი საზღვაო დრონები უტევენ, სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთის სამხედრო გემები თავს აფარებენ ბაზას. მათ შორის ხომალდები, რომლებიც ადრე ახლომდებარე სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზაში იდგა. სევასტოპოლი არაერთხელ გამხდარა უკრაინის საზღვაო დრონებისა და რაკეტების იერიშების სამიზნე. დეილის თქმით, საზღვაო დრონების ტექნოლოგია, რომელიც ელვის სისწრაფით ვითარდება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის „ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოულოდნელი და მნიშვნელოვანი მოვლენაა“.