„გადარევა შეიძლება“, „გააჩერეთ ეს ხალხი“, - აფხაზური საზოგადოება ასლან ბჟანიას იდეამ აღაშფოთა. დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, სოხუმში მინისტრთა საბჭოს შენობა შეიძლება სასტუმროდ გადაკეთდეს. აფხაზებისთვის ეს შენობა ომში გამარჯვების სიმბოლოა.
მინისტრთა საბჭოს შენობა აფხაზეთის ომის შემდეგ დამწვარი დგას. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში, აფხაზ სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, რომ მის ადგილას შესაძლოა სასტუმრო „პრეზიდენტ ოტელი“ გაიხსნას.
„არიან ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ინვესტიცია ჩადონ მთავრობის სახლის რეკონსტრუქციაში. დაინიშნა ექსპერტიზა და უახლოეს დღეებში უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება თუ არა ამ შენობის აღდგენა, თუ მისი დანგრევა მოგვიწევს. მოვა ექსპერტიზის პასუხი და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ. ვფიქრობ, პროექტს ბოლომდე მივიყვანთ“.
ბჟანიამ ისიც თქვა, რომ შენობის წინ მოედანზე ვლადისლავ არძინბას ძეგლი დაიდგმება.
აფხაზური საექსპერტო ფონდის „აამთას“ ხელმძღვანელი ნატალი სმირი საინფორმაციო სააგენტო „აიაშარასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთი მკრეხელობა უბრალოდ წარმოუდგენელია.
„თავისუფლების მოედანზე, მინისტრთა საბჭოს შენობის წინ პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძეგლი უნდა დადგან. წარმოგიდენიათ, აფხაზი ხალხის ლიდერის მემორიალი სასტუმროს წინ?! ან აღლუმი სასტუმროს ლუქსების წინ?!“ - აღშფოთებულია სმირი.
აფხაზურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ჩვენი დედაქალაქი“ განაცხადა, რომ მიუღებელია „ომში გამარჯვების სიმბოლო“ „საინვესტიციო ობიექტად“ გადაიქცეს.
ბჟანიას ინიციატივაზე მსჯელობენ ინტერნეტშიც.
„ის [ასლან ბჟანია - რ.თ.] რა სასტუმროებზე გადაირია? ბარემ ქვეყანას გადავარქვათ სახელი და სასტუმრო „აფსნი“ ვუწოდოთ?“
„შაურმით მოვაჭრეები თავისუფლების მოედნამდე მივიდნენ“.
„საშინელებაა, მთელი აფხაზეთის გაყიდვა უნდა, სანამ ვადა ამოეწურება“.
„აიღონ შენობა, დადგან მემორიალი და გააშენონ პარკი“.
„გააჩერეთ ეს ხალხი“.
„საპარლამენტო რესპუბლიკაა ჩვენი მომავალი. არ შეიძლება ერთ კაცს ამხელა ძალუფლება ჰქონდეს, თან 4 წლით. ბჟანია ამის მტკიცებულებაა“.
„და გამარჯვების დღეს სასტუმროს აივნებიდან საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი დამსვენებლები დაგვიქნევენ ხელს? გადარევა შეიძლება“.
„ანუ აღლუმი სასტუმროს წინ ჩატარდება და სოხუმში გაბნეულმა სამინისტროებმა ისევ ოფისების ქირაში უნდა იხადონ უზარმაზარი ფული“?
„მკრეხელობაა, ენა როგორ მოუბრუნდა“...
მინისტრთა საბჭოს თორმეტსართულიანი შენობა (აფხაზეთის ასსრ მთავრობის სასახლე) 1939 წელს არქიტექტორებმა ვლადიმირ შჩუკომ და ვლადიმირ გელფრეიხმა ააშენეს. ის სოხუმის ცენტრში მდებარეობს. ეს შენობა ერთ-ერთი ბოლო იყო, რომელიც აფხაზურმა შენაერთებმა სოხუმში აიღეს 1993 წელს. შენობაში ბოლო წუთამდე რჩებოდნენ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი თანხმლები პირები. 27 სექტემბერს შარტავა აქ აიყვანეს ტყვედ, მისი თანხმლები პირებიდან კი ნაწილი სწორედ მინისტრთა საბჭოს შენობის წინ დახვრიტეს.
ეს ადგილი ქართული მხარისთვის ტრაგედიასთან ასოცირდება, აფხაზური მხარისთვის კი - გამარჯვებასთან.
„ომს რომ ვიხსენებთ და იმ ხალხს, ვინც სიცოცხლე გაწირა, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენს, რომ სამშობლოს განმათავისუფლებლები „პრეზიდენტ ოტელისთვის“ იბრძოდნენ. ისინი შტურმზე თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეით მიდიოდნენ. სწორედ ამიტომ დაერქვა ამ მოედანს თავისუფლების მოედანი“, - წერს აფხაზური, სახალხო ორგანიზაცია „არუაას“ ხელმძღვანელი თემურ გულია ადგილობრივ ინტერნეტგაზეთ „ნუჟნაია გაზეტაში“.
შენობა 1993 წლიდან მოყოლებული დამწვარი დგას. 2022 წელს აფხაზეთის რამდენიმე ნაგებობის, მათ შორის ამ შენობის შესასწავლად რუსეთიდან სოხუმში მკვლევრები ჩავიდნენ. მათი სამუშაოს კომენტირებისას „აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა რომან დბარმა თქვა, რომ შენობის მთლიანობა დარღვეულია და მისი რამდენიმე სართულის შენარჩუნებას აზრი არა აქვს: „ახლა ახალი მასალებია და თუ რამეს აშენებ, ნულიდან უნდა დაიწყო“, - თქვა მან.