მართლმსაჯულება, მათ შორის, მისი ორი მთავარი შტო - სასამართლოსა და პროკურატურის სახით, საქართველო-ევროკავშირის 2017-2018 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ ანგარიშის საკვანძო საკითხებადაც იქცა.
საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულების მონიტორინგი და ანალიზი არასამთავრობოთა არაფორმალურმა კოალიციამ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით განახორციელა. მართლმსაჯულების სექტორის ანალიზი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოამზადა.
თუმცა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი არის ისეთივე პრობლემური, როგორც იყო წლების წინ და ეს კარგად გამოჩნდა, მათ შორის, პოლიტიკური დებატებისას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.ნონა ქურდოვანიძე
მიუხედავად იმისა, რომ მართლმსაჯულების სფეროში მიღებულია ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ეს არ უზრუნველყოფს რეალურ ცვლილებებს. ამ საკითხებზე წარიმართა მსჯელობა ევროკავშირთან 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულების შეფასების იმ ნაწილში, რომელიც კონკრეტულად შეეხებოდა მართლმსაჯულების სფეროს.
შეფასებისას ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებები ძირითადად ნაწილობრივ შესრულებულად ჩაითვალა. აღინიშნა ისიც, რომ ძირითადი ინსტიტუტების რეალური რეფორმა პრაქტიკულად არ განხორციელებულა და რეფორმები ხშირად ტექნიკურ, ფორმალურ ცვლილებებამდეა დაყვანილი.
აქტუალური თემა - როგორ აისახა შეფასებაში მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესი
ვალდებულება მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცედურის დახვეწასთან დაკავშირებით 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის ნაწილია. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ეს პროცესი ნაწილობრივ შესრულებულად შეაფასა იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, მათ შორის სასამართლო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მიღებულია. „თუმცა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი არის ისეთივე პრობლემური, როგორც იყო წლების წინ და ეს კარგად გამოჩნდა, მათ შორის, პოლიტიკური დებატებისას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში,“ - გვითხრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნონა ქურდოვანიძემ. იგი იმედოვნებს, რომ მოქმედ წესში ცვლილებები 2019 წლის განმავლობაში განხორციელდება, მანამდე კი მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ:
- მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის წესი კვლავ არ აკმაყოფილებს დამსახურების პრინციპით, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ სტანდარტს
- მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესი არ არის დასაბუთებული და გამჭვირვალე
- არ განხორციელდა ღონისძიებები სასამართლოების თავმჯდომარეთა შერჩევა/დანიშვნის პროცედურებისა და კრიტერიუმების დადგენის მიზნით.
- ბუნდოვანია როგორ იღებს გადაწყვეტილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
პროკურატურის რეფორმა
საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულების მდგომარეობის თვალსაზრისით, ასევე ნაწილობრივ შესრულებულადაა შეფასებული პროკურატურის რეფორმა. ასოცირების დღის წესრიგი ითვალისწინებს პროკურატურის რეფორმის გაგრძელებას მისი საქმიანობის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ:
- საქართველოს კანონი „პროკურატურის შესახებ“ კონსტიტუციასთან მხოლოდ ფორმალურ შესაბამისობას უზრუნველყოფს
- არ ხორციელდება პროკურატურის სრულფასოვანი რეფორმა
- საპროკურორო საბჭოს არ აქვს საკმარისი გარანტიები ფუნქციური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის
ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები შენიშნავენ, რომ პროკურატურის რეფორმამ ვერ უზრუნველყო სისტემის დეპოლიტიზაცია და საპროკურორო საბჭოში მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობის პირობებში პროკურატურა სრულ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ვერ მიაღწევს.
შეფასებები ანგარიშს მიღმა
სასამართლოს სისტემის რეფორმის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის საფუძველზე შექმნილი სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა შეაფასა „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმაც“. კვლევა გასული წლის ბოლოს გამოქვეყნდა და როგორც ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული გვეუბნება, არასასურველი შედეგი აჩვენა - შეფასებაში 100-მდე აქტივობა მოხვდა და მათი 50 პროცენტზე მეტი ამ დროისთვის შეუსრულებელია.
„რა თქმა უნდა, მართლმსაჯულებას აქვს წამყვანი ადგილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ამიტომ ის რეფორმები, რაც გატარდა, ის მიღწევები თუ მნიშვნელოვანი ჩავარდნები, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოჩნდა, უნდა იყოს საფუძველი დისკუსიის დაწყების“, - ამბობს სოფო ვერძეული - „რას ვაკეთებთ, თუკი ეს პლატფორმები არ მუშაობს და ფორმალურად გვაქვს პოლიტიკის დოკუმენტები, სტრატეგიები, სამოქმედო დოკუმენტები, რომლებიც გავლენას ვერ ახდენენ ცვლილებებზე. ამ ბოლო დროს ჩანს, რომ რეფორმების მიუხედავად, მთავარი გამოწვევები უცვლელი რჩება“, -განმარტავს სოფო ვერძეული.
ნონა ქურდოვანიძე კი აღნიშნავს, რომ „ფონდ ღია საზოგადოებას საქართველოს“ და ამ შემთხვევაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასების საგანი ამ ეტაპისთვის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის მოკლევადიანი პრიორიტეტების შეფასება იყო და საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ არ იქნებოდა მართებული: „გეგმა შედგენილია 2017-2020 წლებზე. შესაბამისად, მუშაობა ამ საკითხებზე ჯერ კიდევ უნდა გაგრძელდეს. საბოლოო შეფასება და შედეგი რა იქნება, ამის პროგნოზირება ჯერჯერობით ძალიან მიჭირს იმიტომ, რომ პროცესი ბოლო ეტაპზე ჯერ არ არის მისული. ალბათ 2019 წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისისთვის შეიძლება ვიცოდეთ მეტწილად, შესრულდა თუ არა ის აქტივობები, რომლებიც გათვალისწინებული იყო დღის წესრიგით. და თუ არ შესრულდა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე“, - გვითხრა ნონა ქურდოვანიძემ.
საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის მონიტორინგის ანგარიშში მართლმსაჯულების სფეროდან მოტანილი 13 მიმართულებიდან მხოლოდ 1-მა დაიმსახურა ზოგადი შეფასება „შესრულდა“. ეს შეეხება იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე და ამ სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას.