„ტასო ზის გარშემოხვეული ერთის მხრით ახლად მიღებული „პეტერბურგსკიე ვედემოსტებით“, „ოტეჩესტვენიე ზაპისკებით“ და „ნედელებით“, ხოლო მეორეს მხრით - „დროებით“... ხარბად ათვალიერებს, თუმცა ამასთანავე დროს უწილადებს გეტნერსაც და თავის საყვარელ გერმანულ ენასაც... ერთი საათის შემდეგ ლექციებზე მიდის „კრუჟოკში“, - ასე აღწერს საყვარელი ქალიშვილის ერთ ტიპურ დღეს მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილი - თვითონაც სახელოვანი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც ბევრი გააკეთა თავისი ქალიშვილის განათლებისათვის, თუმცა, როგორც ანასტასია თუმანიშვილი იხსენებდა, მადამ ფავრის პანსიონიც და კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტიც (რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1865 წელს) მოწოდებული იყვნენ აღეზარდათ არა მომავალი მოღვაწე, არამედ მომავალი მანდილოსანი. შესაბამისად, ნასწავლი საგნების მრავალფეროვნების მიუხედავად, „ინსტიტუტკას“ საბოლოოდ რჩებოდა მხოლოდ კარგი ქცევის მანერები, როიალზე დაკვრა და ფრანგული საუბარი.
ანასტასია, რომელიც არ სჯერდება „მანდილოსნობას“, იწყებს თვითგანვითარებას, ემზადება საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, მხატვრულ ლიტერატურაშიც კი ცდის ბედს. მართალია პირველი ცდები მარცხით მთავრდება (დასცინის ძმა), მაგრამ გულს არ იტეხს და არც ხელის ჩაქნევას აპირებს.
„რად დასცინი ჩემ სამწერლო ნიჭს? პრეტენზიაც კი არ მაქვს მწერლობაზე და განა მარტო ამით შეიძლება საზოგადოებისათვის სარგებლობის მოტანა? სხვათა შორის, ჩემ თავზე როდი ვლაპარაკობ“, - წერდა ანასტასია ძმას, - „როცა გარშემო ასეთი სიცარიელეა, საჭიროა გქონდეს ძლიერი ხასიათი და გონება, რომ არ აჰყვე მათ“.
არც აჰყვა. გულში ამოიჭრა შვეიცარიაში წასვლა და უცხოური განათლების მიღება.
რატომ შვეიცარია?
როგორც იაკობ მანსვეტაშვილი თავის მოგონებებში წერს, XIX საუკუნის 70-იანი წლებში ქართველ ახალგაზრდებს თავისუფალი და განათლებული შვეიცარია ეხატებოდათ აღთქმულ ქვეყნად, თავისუფლების ბუდედ:
„ჟენევის ნახვას, იქ ცხოვრებას ვნატრობდით, როგორც მართლმორწმუნე მაჰმადიანი მექაში წასვლას ქააბის თაყვანისცემად.“
ანასტასია მართლაც აისრულებს ოცნებას და 1875 წელს ეწვევა ჯერ შვეიცარიას, შემდეგ კი საფრანგეთს, თუმცა...
„როცა წავედი, ვიგრძენ, რომ ავადმყოფ დედის მიტოვებას ვერ შევძლებ და არც იმედი მქონდა, რომ 6 წელს შევძლებდი უმოქმედოდ იქ ყოფნას, და ისიც ისეთი სწავლის შეძენას, რომელიც უფრო ჯიბეს გამოადგებოდაო“, - გაიხსენებს ანასტასია 1910 წელს ჟურნალ „ერის“ ფურცლებზე.
სერგი მინაშვილი, ანასტასია თუმანიშვილზე დაწერილი მონოგრაფიის ავტორი, ამბობს, რომ სამშობლოში ანასტასია დაბრუნდა აღზრდის ევროპული თეორიებით, სახელმძღვანელოებით და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ცხოვრების მიზნით.
„მუშაობა ხალხისათვის! რაც შეიძლება მეტი სარგებლობის მოტანა“, - ასე ჩამოაყალიბებს ცხოვრების მიზანს თვითონ ანასტასია და მის მისაღწევად პრაქტიკულ ნაბიჯებსაც გადადგამს, - „შევერთდით სამი-ოთხი ქალი: ელ. ყიფიანი, ეკ. მესხისა, ეკ. ღვინიაშვილი, ნიკოლაძის ქალებიო“.
წლების შემდეგ, 1932 წელს, როცა ანასტასია გარდაიცვლება, სწორედ ამ „შეერთებაზე“ იტყვის ანასტასიას დიდი მეგობარი ეკატერინე გაბაშვილი:
„შენი [ტასოს] თაოსნობით და დიმიტრი ყიფიანის შვილების დახმარებით შედგა ჯგუფი მთარგმნელ ქალებისა, რომლებიც შეუდგნენ ევროპიელ ცნობილ მწერალთა შედევრების გაცნობას ქართულ საზოგადოებისათვის. რა გვარი ენერგიით და როგორი ხალისით შეუდექი საქმეს! როგორი გამჭრიახობით გვხელმძღვანელობდა ტასო, როგორ გვაჩქარებდა, გვაქეზებდა და რა თავდადებას იჩენდა თარგმანების გამოცემაში! შემდეგ დავიწყეთ „სახალხო საკითხავი წიგნაკების“, საბავშვო წიგნაკების, სამეცნიერო-პოპულარული წიგნაკების და სხვათა გამოცემა, რაც ისე საჭირო და დროული იყო მაშინ. შენი სახელი, შენი შეძლება, შენი დაუღალავი შრომა და გატაცებული სურვილი ყოველთვის უზომო იყო”.
ანასტასია თუმანიშვილი ეკატერინესთან ერთად იყო პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.
„აბა, კატო, მეტყოდა. დღეს ბანკის წლიურ მოგებას ანაწილებენ საზოგადო კრებაზე, წავიდეთ, ვნახოთ, გავიგოთ ვინ რას იტყვის ქალების სასარგებლოდო“. (ეკ. გაბაშვილი.1932 წ).
ანასტასიამ გვიან იქორწინა. 41 წლის ასაკში ჯვარი დაიწერა მასზე ბევრად უფროს გიორგი წერეთელზე, ცნობილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეზე. შვილი არ ჰყოლია, თუმცა მისი ზრუნვის საგანი იყო ყველა ბავშვი, რომელთა აღზრდასა და განათლებას შეალია თავისი ხანგრძლივი ცხოვრების დიდი ნაწილი. საკმარისია თუნდაც მხოლოდ საყმაწვილო ჟურნალი „ჯეჯილი“, რომელიც, იაკობ გოგებაშვილს რომ დავესესხოთ, მოზარდი თაობის სასარგებლოდ და სასიხარულოდ წმინდა ნათელივით კაშკაშებდა მრავალი (33) წლის განმავლობაში.
„ჩემი ნათლული და ტასოს სასახელო პირმშო შვილი“ - ასე ახასიათებს ეკატერინე გაბაშვილი „ჯეჯილს“ - ბავშთა მწერლობის პირველ მერცხალს, რომელმაც მრავალ ბავშვს შეაყვარა წიგნი, გაუხსნა გონება და მრავალი გახადა ხალხისათვის სასარგებლო კაცი.
ანასტასია ასევე იყო „კვალის“ რედაქტორი, თბილისის ქართული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი; მისი დაფუძნებულია ამხანაგობა „სხივი“ (გამომცემლობა), ქალთა სკოლა თბილისში (ე.წ. ყაზბეგის სკოლა), სადაც ყველა საგანი ქართულად ისწავლებოდა; 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქალთა საზოგადოება „განათლებას“; ანასტასიას ჩამოყალიბებულია მწერალ ქალთა წრე (რომელმაც 1925 წელს გამოსცა „ქართველ მწერალ ქალთა ალმანახი“) და ბევრი სხვა.
„რა აზრიც დაებადებოდა, სულ კლდესავით შემოავლებდა ამ აზრს თავის სიჯიუტეს და არაგზით არ წავიდოდა დათმობაზეო“, - წერდა ანასტასიაზე ლიტერატურათმცოდნე ანა ღვინიაშვილი.
სწორედ ამ სიჯიუტის და პრინციპულობის გამო ჩამოაშორა საბჭოთა ხელისუფლებამ შვილივით ძვირფას „ჯეჯილს“. დღიურში ჩაუწერია:
„რადგან ვერ ვურიგდებოდი ახალ მიმართულებას და ყველაფერში წინააღმდეგობას ვუწევდი, აპრილში 1923 წელს დამითხოვეს, გადამაყენესო“.
სხვანაირად არ შეეძლო, რაზეც მეტყველებს არქივში შემონახული მისი ერთი ჩანაწერი.
„რაც უფრო რთული ასასრულებელია წადილი, სურვილი - ადამიანი უფრო მიილტვის მის განსახორციელებლათ, თვით ბრძოლა შემდეგ დროს მოსაგონებელია გულის გადასაყოლათ, მძლავრი აგებულების კაცი, მტკიცე ხასიათით, არ კმაყოფილდება ერთი მიზნით - სულ წინ და წინ მიილტვის, სანამ არ დაიღუპება“, - ამ ჩანაწერის კომენტარად ანასტასიას ფურცლის კიდეზე მიუწერია, „ასე იყო ჩემი ამბავიცო“.
სიკვდილის წინ ანდერძი შეადგინა და თავისი ბინა და ბიბლიოთეკაც ბავშვებს - საბავშო წიგნის კაბინეტს გადასცა, ამბავი კი საბოლოოდ 1932 წლის 7 თებერვალს დასრულდა, როცა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, როცა მთაწმინდის მიწას მიაბარეს... თუმცა დასრულდა კი?
„მოიხსენენით შრომანი ჩუენნი და რუდუნებანი“, - თუკი ვინმეს პავლე მოციქულის ამ სიტყვების გამეორების უფლება აქვს, მათ შორის ანასტასია თუმანიშვილსაც, რომელმაც, უამრავი მნიშვნელოვანი საზოგადოებრვი საქმით დაკავებულმა (პოეტის თქმისა არ იყოს, "არ უნახავს შვება, არ უნხავს ძილი"), მაინც შეძლო 80-მდე ორიგინალური საბავშვო მოთხრობისა და უფრო მეტი თარგმანის დატოვება.