მაგრამ მათი აქცია სიმბოლურია. ყველამ კარგად იცის, რომ ახლა პუტინის მმართველობას არაფერი ემუქრება.
მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში, ყაზანში და რუსეთის სხვა არაერთ ქალაქში, საარჩევნო უბნებთან 17 მარტს გრძელი რიგები იდგა.
უბნებზე ადგილობრივი დროით შუადღეს მისვლით, რუსები აპროტესტებდნენ ვლადიმირ პუტინის მმართველობას და უკრაინაში ომს.
აქცია “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” რუსეთიდან დევნილმა ყოფილმა დეპუტატმა, მაქსიმ რეზნიკმა მოიფიქრა. მას მხარი ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმაც დაუჭირა. ნავალნის სიკვდილმა კი რუსეთის დანაწევრებული ოპოზიცია ამ აქციის გარშემო გააერთიანა.
ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულიამ, ბიზნესმენმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, პოლიტიკოსმა მაქსიმ კაცმა და სხვებმა რუსებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
მონაწილეობა მარტივი იყო: ან ხმა - პუტინის გარდა ნებისმიერ კანდიდატს, ან, უბრალოდ, ბიულეტენის გაფუჭება.
რუსეთში მცხოვრებთათვის არჩევნები ლამის ერთადერთი უსაფრთხო გზა იყო უკრაინაში ომის გასაპროტესტებლად.
აქცია კრემლმაც შეამჩნია. მოსკოვის პროკურატურამ მას უკანონო სამჯერ უწოდა და მონაწილეობის მსურველებს ციხით სამჯერ დაემუქრა.
მუქარა აღსრულდა. აქციის ათეულობით მონაწილე დააკავეს. უფლებადამცველი ორგანიზაცია “ოვედე ინფოს” ცნობით, დაკავებულია 65-მდე ადამიანი. აქედან 26 - სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ყაზანში.
აქციები რუსეთს მიღმა
17 მარტს ხუთკილომეტრიანი რიგი იდგა სომხეთის დედაქალაქ ერევანში, რუსეთის საელჩოსთან. არასამთავრობო ორგანიზაცია “კოვჩეგმა” დრონით გადაღებული კადრები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საელჩოსთან დაახლოებით 5 ათასამდე ადამიანი მივიდა.
მათი ნაწილი ერევანში საქართველოდან ჩამოვიდა. როგორც რადიო თავისუფლებას სომხეთში მიმავალმა რუსებმა უთხრეს, ამ აქციით პუტინის მმართველობას ვერ დაასრულებენ, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანია პროტესტის დაფიქსირება.
აქციაზე სახელწოდებით “კმარა პუტინი”, პუტინის მოწინააღმდეგეები თბილისშიც შეიკრიბნენ. აქცია მოაწყვეს ფონდმა „თავისუფალი რუსეთი“ და ადგილობრივმა რუსმა აქტივისტებმა.
აქციას დაახლოებით 300-400 ადამიანი დაესწრო.
„არ მგონია, რომ ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება. ეს მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლაა, მაგრამ ჩვენ, რუსები, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, აქედანაც უნდა ვეცადოთ როგორმე ამის გამოსწორებას", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
რუსეთის საელჩოებთან 17 მარტს რიგები იდგა ასევე სტამბულში, რიგაში, ვილნიუსში, ტალინში, ჰააგასა და პარიზში.
აი, მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში კი რუსეთის საელჩოს მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.
რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის ცნობით დაკავების დროს ეჭვმიტანილი საელჩოს დაცვის თანამშრომლებს უყვიროდა: "მე მძულს რუსეთი!"
ბერლინში გამართულ საპროტესტო აქციაზე რუსებს შეუერთდა იულია ნავალნაია, რომელმაც დადო პირობა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გააგრძელებს ბრძოლას.
ნავალნის თანაგუნდელმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ივან ჟდანოვმა თქვა, რომ აქცია პირველ რიგში, “სიმბოლურ” ხასიათს ატარებდა და მან “მიზანს მიაღწია”.
“ხალხის დაშინება სცადეს, მაგრამ ისინი მაინც მოვიდნენ. კი, ღონისძიება დიდწილად სიმბოლური იყო, მაგრამ მისი წყალობით, ადამიანებმა ერთმანეთს დაუჭირეს მხარი,” - თქვა ჟდანოვმა ნავალნის იუტუბ-არხის პირდაპირ ეთერში.
მაინც პუტინი გაიმარჯვებს
რუსები არჩევნებს აპროტესტებდნენ 15 და 16 მარტსაც.
რუსეთის ცესკოს თავმჯდომარის, ელა პამფილოვას თქმით, 20 საარჩევნო უბანზე ურნებში სითხის ჩასხმა, რვა უბანზე კი ცეცხლის წაკიდება სცადეს. აღძრულია სულ ცოტა 15 სისხლის სამართლის საქმე.
არჩევნების შედეგები 18 მარტს გახდება ცნობილი. მაგრამ რუსების ძალისხმევის მიუხედავად, მთავარი ინტრიგა მხოლოდ ისაა, თუ რამდენ პროცენტს დაუწერენ ვლადიმირ პუტინს და ვინ დაიკავებს მეორე ადგილს კრემლის ლოიალურ კანდიდატებს შორის.