Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არც კი დავფიქრდებოდი, ისე მივცემდი ხმას და ეს სულაც არ შემიშლიდა ხელს, რომ, თუ რურუას პოლიტპატიმრად ვთვლი, ამისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა"


საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე თვლის, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატების ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მთავრობისთვის რიგი უფლებების შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლების დელეგირებას ითვალისწინებს, უკანონოა. საია-მ 19 მაისს კანონპროექტზე განცხადებაც გაავრცელა. სულხან სალაძე რადიო თავისუფლების ეთერში განმარტავს:

„არავინ დაობს, რომ რაღაც ტიპის ცვლილებები და რეგულაციები სჭირდება ქვეყანას კორონავირუსის გავრცელების პირობებში.

ჩვენი შეფასების დოკუმენტშიც იმაზე კი არ ვლაპარაკობთ, რომ თავისთავად ამ შეზღუდვების შემოტანაა არაკანონიერი ან ცუდი. ცუდია ფორმა, რასაც გვთავაზობს ხელისუფლება. უფლებების შეზღუდვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, მკაფიო და ნათელი რეგულაციებით და არა მთავრობისთვის ამ საკითხის დელეგირებით. მეტსაც გეტყვით, რიგ შემთხვევაში მთავრობა არ სჭირდება შეზღუდვების განსაზღვრას, სამინისტროს დონეზეც შეიძლება დაადგინონ გარკვეული ტიპის წესები და სავალდებულო რეგულაციები.

აქამდე საგანგებო მდგომარეობის დროს იყო და კონსტიტუცია ამბობდა, რომ დროებითი შეზღუდვებია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. ახლა ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობა არ იქნება, მაგრამ უფლებების შეზღუდვის სტანდარტს მაინც გამოვიყენებ, ოღონდ ამ სტანდარტს დაბლა ვწევ არა კანონის მიხედვით, არამედ, მაგალითად, მთავრობის გადაწყვეტილებით, იქნება ეს დადგენილება თუ რომელიმე სამინისტროს შესაბამისი რეგულაცია.

ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს: სად არის ბოლო ორი თვეა პარლამენტი? ცხადია, შენობას არ ვგულისხმობ. რუსთაველის გამზირზეა ისევ და არსად წასულა, მაგრამ ძალიან დამაკლდა საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში პარლამენტის საქმიანობა.

პარლამენტი არ ახორციელებდა საზედამხედველო ფუნქციას. ყველაფერი დელეგირებული იყო მთავრობაზე. წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი კანონის დონეზე თუ გაიწერება ეს ყველაფერი, ვინ რისი ყურადღების მიმქცევია?“.

სულხან სალაძე უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს პრობლემურად ხედავს არჩევნების კონტექსტში. საია-ს თავმჯდომარე განიხილავს შესაძლებლობას, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს, თუმცა უახლესი პრაქტიკა ოპტიმისტური შედეგის მიღების იმედს არ აძლევს. ამასთან, ის აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი ახალი წევრის მოსალოდნელ დანიშვნას, რაზეც რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდა წინასწარ გაასაჯაროოს კანდიდატის ვინაობა და არ გაიმეოროს ერთი თვის წინანდელი პრაქტიკა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის ვინაობა მხოლოდ დანიშვნის შემდეგ გაასაჯაროა:

„ახალი წევრი უნდა შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოცემულობით, ვინ შევა და ძალთა ბალანსი როგორი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში. რადგან ვნახეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების კონტექსტში როცა წარვადგინეთ სარჩელი ერთ-ერთ საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ანუ არც კი მივიდა არსებით განხილვამდე. ეს ეხებოდა მოქალაქეთა მონაწილეობას გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტაში...

სასამართლოს შემადგენლობა იქნება მნიშვნელოვანი. თუ საერთოდ არჩევნების კონსტიტუციურობა დადგება დღის წესრიგში, ესეც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს. ასე რომ, იქ ვინ იქნება, მნიშვნელოვანი საკითხია. საგანგებო მდგომარეობის დროს ერთი წევრი აირჩია უზენაესი სასამართლოს პლენუმმა. მაქვს მოლოდინი, რომ იგივე იქნება ახლაც. მოვუწოდებთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე“.

სულხან სალაძე ამბობს, რომ თუკი მიმდინარე წელს კორონავირუსის მერე რამე არის მნშვნელოვანი ქვეყნის ცხოვრებაში, ეს საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც როგორ ჩატარდება, პრაქტიკულად არავინ იცის, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის კანონად ქცევის პერსპექტივას და მთავრობისთვის მეტი უფლების დელეგირებას:

„პოლიტიკური პარტიებისთვის ჯერ კიდევ ღია საკითხია - როგორ უნდა ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია. ბუნებრივია, კანონს ვერავინ დაარღვევს. ამავდროულად, მმართველი პარტიისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან, როცა ვამბობთ მმართველ პარტიას, ვგულისხმობთ ხელისუფლებას, როცა ვამბობთ ხელისუფლებას, ვგულისხმობთ მმართველ პარტიას. ვიცით მუნიციპალიტეტების მერების რწმუნებულების როლი რიგ სოფლებში. ისინი არაოფიციალურად მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც არიან.

რეგულაციები და ახალი საკანონმდებლო ცვლილებები პრობლემა იქნება ოპოზიციისთვის“.

რაც შეეხება კერძოდ არჩევნებსა და მის სამართლიანად ჩატარების პერსპექტივას, სულხან სალაძის აზრით, საჭიროა ორი აუცილებელი მდგენელი - პოლიტიკოსების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და ამომრჩევლის აქტიურობა:

„მნიშვნელოვანია ორი ამბავი - აუცილებლად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და მეორე - მაქსიმალურად ბევრი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე, რადგან მმართველი პარტიის ამომრჩეველი ყოველთვის მიდის არჩევნებზე (ან მმართველ პარტიას მიჰყავს ისინი). მმართველი პარტიისთვის მარტო ის კი არ არის მნიშვნელოვანი, მისი ამომრჩეველი მივიდეს, არამედ მნიშვნელოვანია ვინც მისი ამომრჩეველი არ არის, ის არ მივიდეს, განსაკუთრებით - ვინც არ არის ჩამოყალიბებული ვის მისცეს ხმა.

მე მგონია, რომ ოპოზიცია დაუშვებს დიდ შეცდომას, თუ ის ეჭვის ქვეშ დააყენებს საარჩევნო სისტემის ცვლილებას და არ დაუჭერს მას მხარს, მიუხედავად იმისა, რურუა იქნება თუ არა გათავისუფლებული. არ შევდივარ ახლა რურუას გათავისუფლების საკითხზე მსჯელობაში. მე ვამბობ, რომ არ შეიძლება უარი ვთქვათ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ხელისუფლებამ შეიძლება ისიც მოახერხოს, თეორიულად და ამის შანსი მას აქვს პარლამენტში, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერის გარეშეც მიიღოს ცვლილებები. თუ მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები დაუჭერენ მხარს (ბევრმა ღიად თქვა, რომ დაუჭერს მხარს) და „პატიორტთა ალიანსი“, ის მოაგროვებს 113-ზე მეტ ხმას და თუ ასე მიიღო, მერე ყოველთვის ილაპარაკებს იმაზე, რომ მან შეცვალა ეს სისტემა და არა ოპოზიციამ.

მე არ მინდა, რომ კიდევ 4 წლით გვყავდეს ისეთი პარლამენტი, როცა მმართველი პარტია იღებს 48%-ს და მიაქვს მანდატების 77%“.

სულხან სალაძე განმარტავს არსებული საარჩევნო სისტემის მთავარ ხარვეზსა და რისკებს:

„როცა „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს აშინებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება, სწორედ ამ არსებული სისტემით შეიძლება დაბრუნდეს ერთი პარტია. ორპოლუსიანი პარლამენტი არ გამოხატავს მთელი ამომრჩევლის ნებას. ამომრჩველთა ხმების 19,2%-ია დაკარგული ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, ანუ პრაქტიკულად ყოველ მეხუთე ამომრჩეველს არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. არ არის სამართლიანი სისტემა...

ოპოზიციას დღეს ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ უდგას დღის წესრიგში. ერთი წუთითაც არ უნდა დააყენონ ეჭვის ქვეშ საკონსტიტუციო ცვლილებები.

როცა შეთანხმების მეორე ნაწილზეა საუბარი, ის არ ეხებოდა მხოლოდ ოქრუაშვილს, რურუას, უგულავას. ჩვენ გვახსოვს, ძალიან სწრაფად შეჩერდა მამუკა ხაზარაძის საქმის განხილვა სასამართლოში, შეჩერდა ნიკა გვარამიას საქმის განხილვა, როცა მანამდე ყოველდღიურ რეჟიმში იხილავდა სასამართლო. ანუ, სასამართლო და მართლმსაჯულება იყო ამ პროცესის ნაწილი და მეორე - ეს შეთანხმება არ ეხებოდა მხოლოდ ერთ, ორ და სამ სახელსა და გვარს. ეს ნიშნავს, რომ უფრო დიდ სურათში, ზოგადად არ უნდა ჩაერიო მართლმსაჯულებაში.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩარეულია დიდი ხანია და რომ ამბობდნენ, რა ვქნათ, ხომ არ ვეტყვით პრეზიდენტს და სასამართლოს, ჩარევა იქნებაო. უკვე ჩარეულია.

მმართველ პარტიას არაფერი აქვს სათქმელი ოქრუაშვილისა და უგულავას სისხლსისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. მათ შეიყვანეს ჩიხში ქვეყანა“.

სულხან სალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისია სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისთვის:

„საია-ს პოზიციაა, რომ მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილება ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პარტიებისთვის სამართლიანი გარემოს შექმნას. ვამბობთ, რომ პარალელურ რეჟიმში მნიშვნელოვანია მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უნდა შევიდეს საარჩევნო კოდექსში და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში. ამაზე თანხმდება ყველა“.

სულხან სალაძის თქმით, ამ საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე წერია ბოლო რამდენიმე არჩევნების შეფასების ყველა დოკუმენტში, ეუთო/ODIHR-ის დაკსვნებში.

ამ საკანონმდებლო რეფორმის გასატარებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი და მალე გასაჯაროვდება ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტი. საია-ს პრაქტიკულად მზად აქვს თავისი შეფასებებიც და ელოდება პროექტის გასაჯაროებას.

საია-ს თავმჯდომარე რადიო თავისუფლების ეთერში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ჩამოთვლის: პარტიების დაფინანსებას, კვოტირებას, ამომრჩევლის მოსყიდვას, რომელთა სათანადო დარეგულირების გარეშე არჩევნები სამართლიანად ვერ ჩატარდება.

კორონავირუსის გარდა საპარლამენტო არჩევნებამდე მნიშვნელოვანი და გარდაუვალი გამოწვევაა დრო - სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი, არადა, არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები ზოგადად არ არის რეკომენდირებული.

სულხან სალაძე ოპოზიციის გასაგონად რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ იმეორებს:

„მე რომ ვიყო, არც კი დავფიქრდებოდი, ისე მივცემდი ხმას [სისტემის ცვლილებას] და ეს სულაც არ შემიშლიდა ხელს, რომ, თუ რურუას პოლიტიკურ პატიმრად ვთვლი, ამისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG