Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში არ უშვებენ არსენ ხარატიანს, ფაშინიანის ყოფილ მრჩეველს


არსენ ხარატიანი თბილისის აეროპორტშია - მეგობრების თქმით, მას ტელეფონი ჩამოართვეს.
არსენ ხარატიანი თბილისის აეროპორტშია - მეგობრების თქმით, მას ტელეფონი ჩამოართვეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ყოფილ მრჩეველს, ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელ არსენ ხარატიანს საქართველოში არ უშვებენ.

აეროპორტში მისი დაყოვნების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მისმა მეგობარმა, პოლიტიკოსმა ანა დოლიძემ.

მისი კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არსენ ხარატიანი დაახლოებით დილის 4 საათიდან ჰყავთ დაყოვნებული.

მისი ცნობით, არსენ ხარატიანი ამჟამად ლუქსემბურგიდან ბრუნდებოდა თბილისში.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა ამ საკითხზე. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

ხარატიანი რამდენიმე დღის წინ, 11 სექტემბერს, ერევნიდან თბილისში ფრენის შემდეგ, ასევე დააყოვნეს თბილისის აეროპორტში და ქვეყანაში არ უშვებდნენ, თუმცა რამდენიმე საათში საზღვრის კვეთის უფლება მისცეს.

როგორც იგი ფეისბუკზე წერდა, შსს-ს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს და მისცეს ბლანკი, რომელშიც უარის მიზეზი დაკონკრეტებული არ ყოფილა და ეწერა მხოლოდ „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზეზი“.

„ახლა მაქვს დოკუმენტი, რომელშიც უარს მეუბნებიან ქვეყანაში შემოსვლაზე, და მაქვს პასპორტში შტამპი, რომელმაც ქვეყანაში შემოსვლის უფლება მომცა. ასე რომ, არ ვიცი, რომელია უფრო ლეგალური“, - წერდა ის.

არსენ ხარატიანი 2018 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში ახლად მოსული ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველი საგარეო საკითხებში.

ის ხშირად მოგზაურობს საქართველოს, სომხეთს, შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG