რადიო თავისუფლება „არილის“ რედაქტორს ლექსო დორეულს ესაუბრა.
- „არილი“ ერთ-ერთია იმ ჟურნალებიდან, რომელიც 90-იანი წლების, ომების მიუხედავად მაინც გამოდიოდა. როგორ ახერხებდით დღემდე, რომ დროისთვის გაგეძლოთ?
- „არილი“ 1994 წლიდან გამოდის. წელს მისი 30 წლის იუბილეა. დაბადების დღისთვის ვემზადებოდით. კრებულის გამოცემაც გვინდოდა, ანთოლოგიისაც. გვინდოდა წელს მაინც მოგვეხერხებინა 12 ნომრის დაბეჭდვა, რადგან წინა წლებში ეს სერიოზული პრობლემა იყო.
რაც თეა წულუკიანი დაინიშნა კულტურის მინისტრად, სერიოზული პრობლემები დაიწყო. პირველ წელს სიმბოლურად სამი ნომერი დააფინანსეს და რომ ნახეს, არაფერი გამოვიდოდა, ანუ „არილი“ მათ კონიუნქტურაში არ ჩაჯდებოდა, ისიც შეწყვიტეს. ასე მოგვილოცეს 30 წლის იუბილე.
- სხვა მთავრობების დროს ჰქონდა „არილს“ ასეთი პრობლემები?
- „არილი“ არ არის პოლიტიკური გამოცემა, მაგრამ ახლა სახელმწიფომ კულტურის დაფინანსების პოლიტიკა მთლიანად შეცვალა. დემოკრატიულ საზოგადოებებში სახელმწიფო კულტურას აფინანსებს, მაგრამ მის ავტონომიურობას არ არღვევს.
ახლა კულტურის სფერო აბსოლუტურად პოლიტიზებულია. მხოლოდ ისეთი პროექტები და ავტორები ფინანსდება, რომლებიც სახელისუფლო პარტიის ინტერესებს ატარებენ ან მისი მხარდამჭერები არიან.
ვერ ვიტყვი, რომ „არილი“ თავის ესთეტიკურ მარტოობაში იყო ჩაძირული და იქიდან გამოაფხიზლეს. არა. ჩვენ მაინც ვრეაგირებდით იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა.
მხარი დაუჭირეთ რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობას. მხარი დავუჭირეთ მწერალთა სახლს და გამომცემლობებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრის და სხვა პოლიტიკოსების დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. და, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ აქტიურობასაც აკვირდებიან. „არილის“ რედაქტორები და ავტორები „არილის“ მიღმაც გამოვხატავდით ჩვენს პოზიციებს.
-ადრე თუ გვიან, პოლიტიკური პროცესები მხატვრულ ნაწარმოებებში მაინც აისახება ხოლმე. ავტორები რასაც ფიქრობენ და რისთვისაც იბრძვიან, იმას წერენ კიდეც, არა?
-რა თქმა უნდა, უფრო შორსაც შემიძლია წავიდე. საქართველოში პოლიტიკური იდენტობა თვალსა და ხელს შუა შეიცვალა. შეუძლებელია, ეს ცვლილება პოლიტიკურ დონეზე დარჩეს. ამ დროს არავის სჭირდება და სახიფათოც არის „არილი“, რომელიც დასავლური ცხოვრების წესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეპრეზენტატორი იყო ქართულ ლიტერატურაში.
ვიღაცისთვის ეს ინფანტილიზმია, ვიღაცას მიაჩნია, რომ ხელოვნებას აღარ აქვს თანამედროვე სამყაროში ძალა გააძლიეროს ის ხმები, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ თუ სოციალურ ველზე გაისმის, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. გულწრფელად მჯერა, პოეზიაზე დიდი საპროტესტო ენერგია და მუხტი ცნობიერების არცერთ სხვა ველში არ არის. ძალიან სახიფათო ჟანრია, პოეზია და საერთოდ ლიტერატურა.
სხვათა შორის, ამისთვის ძალიან გვიან მოიცალა ხელისუფლებამ. თავიდან შეიძლება ვერ აცნობიერებდნენ იმ პროცესების მნიშვნელობას, რომელიც აკადემიურ და კულტურულ სივრცეში ვითარდებოდა და რომელიც გარკვეულწილად თავის ნებაზე იყო მიშვებული. უცებ აღმოაჩინეს, განსაკუთრებით ამ საპროტესტო აქციების დროს, რომ ჩვენ თაობის გამოზრდა მოვახერხეთ.
ამის გამო ცუდი პროგნოზი მაქვს, ვფიქრობ, რეპრესიები უნივერსიტეტებში გაგრძელდება. მე სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც ვასწავლი და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ „არილი“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური წყაროა, საცავი ტექსტებისა, რომელიც 30 წელია ივსება.
- აქციებზე ახალგაზრდობა საკუთარ თავს უწოდებდა „დამბლდორის არმიას“. ერთმა წიგნმა „ჰარი პოტერმა“ მისცა ადამიანებს ამხელა ინსპირაცია.
- იდეების გადაცემის ყველაზე საიმედო მედიუმი სწორედ ხელოვნებაა. თუ ადამიანებს არ სჯერათ და არ ესმით პოლიტიკოსების, მათ სჯერათ მწერლებისა და ხელოვანების. ამას ხელისუფლება ძალიან გვიან მიხვდა. თაობა გაეპარათ, რომელიც დღეს მისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
- კიდევ რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალს? რატომ უნდა იყიდოს ადამიანმა „არილი“?
- ჩვენც გვიფიქრია, რომ რაღაც ანაქრონიზმია და მომავლის სამყაროს ლიტერატურული პერიოდიკა შეიძლება აღარ დასჭირდეს. მაგრამ ფაქტია, რომ „არილს“ ჰყავს მკითხველი. ამ კრიზისულმა პერიოდმა გამოაჩინა, რომ უამრავი ადამიანისთვის ამ ჟურნალის არსებობა ეგზისტენციალური საკითხია. ძალიან მალე შეგროვდა შემდეგი ნომრის გამოცემის თანხა, რაც პატარა ამბავი არ არის.
თან „არილის“ მასალების 80 პროცენტი სწორედ ამ ჟურნალისთვის იწერება.
- და აქ ქვეყნდება ძალიან კარგი თარგმანებიც.
- რა თქმა უნდა, თარგმანებიც, რომლითაც ქართულ კულტურასა და ცნობიერებაში უამრავი ავტორი შემოვიდა. უცებ რომ აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ვიღაც ჩვენთვის შედარებით უცნობმა მწერალმა პულიცერის პრემია მიიღო... დაგუგლავენ ავტორს და ხედავენ, რომ წლების წინ მასზე „არილი“ წერდა.
ისედაც, მე უფრო დაბეჭდილი ტექსტების კითხვა მიყვარს და ჩემნაირი ძალიან ბევრია.
გამომცემლობებიც უყურებენ, ვინ იბეჭდება „არილში“. ბოლო სამი წლის მანძილზე, ძალიან ბევრი შემთხვევა მახსენდება, როდესაც გამომცემლობებმა და ავტორმა ერთმანეთი სწორედ „არილის“ მეშვეობით გაიცნეს.
- ვინ არის არილის მკითხველი? შეგვიძლია აღვწეროთ ეს ადამიანი?
- წარმოუდგენელია. ის არ არის ერთგვაროვანი ტიპი. ერთი საერთო თვისების გამოყოფაც კი გამიჭირდება. ბოლო ნომრის წინასიტყვაობაშიც ვწერდით, რომ ძალიან ბევრნაირი „არილი“ არსებობს. არსებობს „არილი“, რომელიც დაბალი სოციალური მგრძნობელობით გამოირჩევა, მთლიანად წიგნებშია ჩაძირული. არის ისეთიც, რომელიც ცხოვრებას ცხელ კვალზე მისდევს. შეგვხვედრია ისეთი „არილიც“, რომელიც ისტორიის ყველაზე დავიწყებულ და მარგინალურ ჟანრებს უკირკიტებს, ისეთიც, ვინც კიჩური ხელოვნების გარკვევაში ცდილობს. გვყავს პაციფისტი და რელიგიურ თემებში ჩაღრმავებული „არილებიც“, კომიკური „არილიც“, უკომპრომისო და შიზოფრენიით დაავადებული „არილიც“, ფემინისტიც და გენდერულად ნეიტრალურიც...
- გამოდის, რომ დღეს „არილი“ უკვე ლიტერატურული ჟურნალი კი არა, გარკვეულწილად, პროტესტის ფორმა გახდა, დისიდენტური გამოცემის მსგავსი.
- სამოქალაქო ჟურნალი. ამ წლიდან „არილის“ თითოეული ნომერი საპროტესტო პროკლამაციაა. მომავალი ნომერიც მთლიანად პროტესტის თემას ეძღვნება.
როდესაც სახელმწიფო ვერ აცნობიერებს „არილის“ არსებობის მნიშვნელობას, ან პირიქით, აცნობიერებს და ამიტომ ცდილობს მის განადგურებას, ჩნდებიან ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ „არილს“ და, ამასთან, საკუთარ თავსაც, საკუთარი იდეების პოპულარიზაციას. ესენი არიან საელჩოები, სხვადასხვა კულტურული სახლები, ფონდები. სიხარულით აფინანსებენ. ბოლოს ორი ნომერი თემატური იყო, სომხურ ლიტერატურაზე და ბერძნულზე.
- თუნდაც თანამედროვე ქართული მწერლობა ავიღოთ, როდესაც რეალობას ვუყურებ, აღარ მიკვირს, რატომ ვერ შეამჩნიეს სიცოცხლეში ფიროსმანი ან ტერენტი გრანელი. დღეს მართლაც კარგი პოეტები და პროზაიკოსები გვყავს, მაგრამ რიგითი ქართველი რომ გააჩერო, მწერლებიდან შესაძლოა გალაკტიონის მეტი ვერავინ გაიხსენოს.
- კი, ძალიან სასაცილოა ხოლმე, ზვიად რატიანს ვიღაც ნანული დეიდა (სახელთან არანაირი პრობლემა არ მაქვს) რომ გამოუხტება ხოლმე, ვინ ხარ შენ და რა დაგიწერიაო.
- და კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, როგორ აპირებთ მომავალში „არილის“ გამოცემას?
- ამ ეტაპზე სხვა არანაირი გეგმა არა გვაქვს გარდა იმისა, რომ ვაგრძელებთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, „არილის“ გასაძლიერებლად და ასევე ვიღებთ შემოწირულებას ხალხისაგან.
ფორუმი