მთავრობის გადაწყვეტილებით, არდადეგები სასწავლო დაწესებულებებში 1 აპრილამდე გაგრძელდება.
„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს:
საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ასევე, 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციის თანახმად, გადავადდა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე.
სასკოლო არდადეგები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოდ 4 მარტს გამოცხადდა და პირველადი ინფორმაციით 16 მარტამდე იყო გამოცხადებული. ამ პერიოდის განმავლობაში სასწავლო დაწესებულებებში დეზინფექციის სამუშაოები ტარდებოდა.