ჩემი ქვეყანა „შინაბერას” მეძახის.
30 წლის რომ გავხდი, „გასათხოვარი“ - „გაუთხოვრად“ ვიქეცი.
არც ერთი ეს სიტყვა არ მომწონს - მე, უბრალოდ, გადავწყვიტე, მარტო ვყოფილიყავი, მაგრამ ხალხი ფიქრობს, რომ „რაღაც მჭირს“.
ხანდახან ვფიქრობ, მართლა ასე ხომ არ არის? მაგრამ აქ კიდევ რა უჭირს, დიდი ქალაქია, გადავწევ ფარდას და აღარაფერი მანაღვლებს.
სოფელში, წარმოგიდგენიათ, რა ხდება?
ფარდას ტელეფონის კამერა მივუშვირე - გადასაღებად.
„არა, რა, არც ეგ გადაიღო.
მაგ ყვავილებიანი ფარდით შეიძლება მიცნონ და არა მაქვს მეზობლების თავი. ისე მოგიყვები“.
თბილისში, სოლოლაკის ერთ-ერთი იტალიური ეზოს პატარა ბინაში ვსხედვართ და 56 წლის მერი თავისი ამბის თხრობას იწყებს - როგორ აღარ გათხოვდა, როცა ოჯახმა, თავის დროზე, მის ერთადერთ სიყვარულზე დაქორწინება აუკრძალა. როგორ გაიარა წლებმა სიმარტოვეში და როგორ მიეჩვია მარტოხელა ქალის სტატუსს.
ახლა შეიძლება მხოლოდ ის მკითხონ, რატომ არ გავთხოვდი.
გარშემო ყველა ზურგსუკან ჩურჩულებს და ვისაც არ ეზარება, თვალი ამ ბინაზე აქვს დადგმული, მაგრამ ეგეთი მიამიტიც არა ვარ, ვერ ვხვდებოდე.
გაყიდე და გადადი ერთოთახიანში - მეუბნებიან, თითქოს მე არ შემეძლოს გადაწყვეტა, რა მინდა, სად მინდა.
არა უშავს, მე მომწონს ჩემი მარტოობა.
მერის ამბავი, თამთა მელაშვილის რომანის გმირის, ეთეროს მონოლოგებს მახსენებს, იმ მომენტს, თანასოფლელ ქალებთან ერთად რომ მოხვდება სუფრაზე:
„რას შვები, ეთო, არა თხოვდებიიი? ეს შტერი მანანა შემომცინის, შემომცქრიალებს. დებილი ესა! სამი ჭიქა ტკბილი წყალი დაულევია, ლოყები აქ აწითლებული და ამის თქმას რო მიბედავს, დიდ გულზე არი. ნენო ცოტა შიშით მიყურებს. ეშინია, ყელში არა ვწვდე, არ დავეტაკო. მარა შტერი ქალია, თან კიდე მთვრალი, არაფერს ვეტყვი. გათხოვება საქმე გონია. თავისი თავი დიდი საქმეში გამოჭერილი, რახან გათხოვდა!“
მერი ამბობს, ხალხის აზრი დიდად არაფერში მადარდებსო, მაგრამ მგონი, მასაც ეთეროსავით სულ რაღაცის ეშინია.
ამ სიტყვათშეთანხმების - „გაუთხოვარი ქალების“ ხსენება სტატიაში ბევრჯერ მომიწევს - „თხოვება-გათხოვებას“ სალაპარაკო ენაში ჯერ ისევ მყარი ფესვები აქვს, თუმც კი, ქალთა უფლებების დამცველები ამ სიტყვის „დაუქორწინებელი“ ან „დაუოჯახებელი ქალით“ შეცვლას წლებია ცდილობენ.
როცა საქართველოს სხვადასხვა მხარეში ასეთი ქალების ამბების მოგროვება დავიწყე, უცებ თითქოს უჩინარი ძალადობის ფაქტები ზედაპირზე ამოტივტივდა და გამოჩნდა, როგორია იცხოვრო სოფლად, არ გყავდეს საკუთარი ოჯახი, კერძოდ კი - ქმარი, შვილი და იმ წესებზე დამორჩილება გიწევდეს, რასაც გარემოცვა ხან პირდაპირ, ხანაც შეფარულად გიკარნახებს.
და რა ხდება მაშინ, როცა მათ წესებზე უარს ამბობ.
ეგ სახლი ვისთვის გინდა, თუ მარტო იქნები?
შორენა შარიქაძე ახლა მანგლისში, დედასთან ერთად ცხოვრობს. ორმოცს ცოტა ხნის წინ გადააბიჯა. მისი ოჯახი წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა. საქართველოში 2015 წელს დაბრუნდნენ და მანგლისში დაფუძნდნენ, სადაც შორენამ სახლის შენება დაიწყო. მეზობლები გაცნობის შემდეგ მალევე დაინტერესდნენ მისი „ბედით“:
„აქ 25 წელს თუ გადასცდი და ჯერ ოჯახი არ გყავს, უკვე პრობლემად აღიქვამენ და თავს მოვალედ თვლიან, გკითხონ, რას აპირებ“.
თუ ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ გაქვს, ყველა შენს „საშველად“ ირაზმება. რადგან შენ ვერავინ იპოვე, მათ უნდა გიპოვონ ვინმე.
„თან თვალი შენი ქონებისკენ უჭირავთ, თითქოს ეს ქონება იმიტომ შექმენი, რომ გათხოვდე და სხვას მისცე“.
სოფელში ხედავდნენ, რომ საშენი მასალები მანქანით თავად მიჰქონდ-მოჰქონდა, ჰოდა ერთ დღესაც, მეზობელი ქალი მიადგა და უთხრა: „ერთი ბავშვიც გააგორე ახლა და მეტი რა გინდა, სახლი კი გაქვსო“.
საზოგადოება პირდაპირ მიგითითებს, რომ მეუღლე (და მერე შვილი) უნდა გყავდეს. „პატრონს უნდა ჩაბარდე“.
სახლს რომ ვაშენებდი, დედაჩემს მიადგნენ, გათხოვებას არ აპირებსო? აბა, ეს სახლი რად უნდაო?
დედაჩემმა უთხრა, აშენება შეძლო და პატრონობა გაუჭირდებაო?
თუ შენი ცხოვრების სტილი დანარჩენ საზოგადოებას უბრალოდ არ მოსწონს, და ამ დროს შენ, მარტოხელა ქალი, მათ ეწინააღმდეგები, უკვე „შინაბერად“ მოგიხსენიებენ.
ძაღლების მოვლა რომ დავიწყე და მათთვის პატარა თავშესაფარი გავაკეთე, მას მერე განსაკუთრებულად ამითვალწუნეს.
„ასეთ ქალებზე ხშირად მომისმენია, რომ ზედმეტად წუნიები არიან, რადგან მათი მოსაწონი არავინ დაიბადა“.
ციცინო შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთში გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომელია. მისი აზრით, დაუოჯახებელ ქალებს საზოგადოება ორად ყოფს: კარიერაში წარმატებულ, განსაკუთრებით კი, თანამდებობებზე მყოფ ქალებად (მათ მიმართ უფრო მოწიწებული განწყობა და რიდი აქვთ) და ქალებად, ვინც ვერც საზოგადოების გაგებით გახდა წარმატებული და არც ოჯახი შექმნა:
ამ ნაწილის დაკნინება უფრო ადვილია: „შენ რა უნდა გვითხრა? შენ რა იცი? ერთი კაცი ვერ გიპოვია“.
ხოლო თუ საქმე ქონების გადანაწილებაზე მიდგება, პირველივე ფრაზაა - „შენ რად გინდა, შვილი ხომ არ გყავს? ხომ მაინც შენს ძმისშვილებს ან დისშვილებს უნდა დაუტოვო?“
ამ ქალების მუდმივი ვალდებულებაა, მათ იზრუნონ მშობლებზე, ან ძმის თუ დის ოჯახზე. თუ ხელფასი აქვს - ისიც „დიდ ოჯახს“ უნდა დაახარჯოს.
და არცთუ ისე იშვიათად, ეს ქალებისთვისაც ბუნებრივი მოცემულობაა - ისინი ფიქრობენ, რადგან მარტონი დარჩნენ, მათი ფუნქცია სხვების მოვლაა - ძმისშვილების, დისშვილების. აბა, თავიანთი თავებისთვის ხომ არ იცხოვრებენ? რა უნდა აკეთონ - გაიღვიძონ და დაიძინონ?
„თუმცა ამ ქალებისგან ისიც მომისმენია, ყველაფერი კი მათთვის მინდა, მაგრამ მკითხონ მაინც, იქნებ ჩემთვისაც მჭირდება რამეო? - მეუბნება ციცინო შენგელია.
თუ ისე მოხდა, რომ 45-50 წლის შემდეგ ოჯახის შექმნა დააპირე, უკვე ეჭვის თვალით გიყურებენ და საზოგადოებრივ აზრს აღარც ეს გადაწყვეტილება ხიბლავს, - მერე იწყება „რაღა დროს შენი ქმარია“, „ხო ხარ შენს გემოზე“.
ამ დროს კიდევ ერთი შიში ჩნდება, როგორც ეთეროს ეშინია „შაშვი შაშვი მაყვალში“, შემთხვევით ვინმემ ხომ არ დაინახა მის მაღაზიაში შესული დისტრიბუტორი კაცი?
„თან ვფიქრობ, რო არაა საშიში. არაფერია საშიში. დაინახეს და დაინახეს დილით შემოსული. დისტრიბუტორი მივიდა მაღაზიაში, მერე რა? სხვა ხო არაფერი? ან იმ თავსხმაში თვალს ვინ მოკრავდა? ნახეს და ნახეს! და თუ ვერ ნახეს კიდე, ძალიან კარგი! შემოვიდა ხო? როგორც შემოვიდა, ისე წავიდა“.
ამ ჭიქით ვადღეგრძელოთ დედები, დედაშვილობა
ანა უკვე 63 წლისაა, დასავლეთ საქართველოს ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს - მისივე თხოვნით, არ ვიტყვით, სად. გათხოვილი არასოდეს ყოფილა. პირდაპირ არასოდეს მიუნიშნებიათ, მაგრამ „ამას ყოველთვის გრძნობდა“.
როცა შენი თანდასწრებით გაუთავებლად ლაპარაკობენ თავის ოჯახზე, შვილებზე.
რა ბედნიერები არიან და რა სისულელეა ცხოვრება, როცა შვილები და ოჯახი არ გყავს.
ვიღაც მესამეზე ამბობენ, ეგ გაუთხოვარი დარჩა, ხომ იცი?
და ამ დროს მეც იქ ვდგავარ. არც მე გავთხოვილვარ - მინდა ვიყვირო. მათთვის ეს დიდი ნაკლია. მე, მათი აზრით, ნაკლი მაქვს. ხოლო როცა მეკითხებიან, რატომ არ გავთხოვდი - პასუხი არ მაქვს და უხერხულად ვიღიმი ხოლმე.
უხერხული დუმილი სუფრაზეც ჩამოვარდება ხოლმე. როცა მშობლების, მეუღლეების, შვილების, დედების სადღეგრძელოები იწყება - ანა არც მეუღლეა, არც დედა - აქაც ხუმრობას მოიშველიებს ხოლმე: ახლა ის სადღეგრძელოები დაიწყო, მე რომ არ მეხება და გავალო. მწარე ხუმრობაა.
„ისინი თითქოს ამაყობენ და შენთან შედარებით უპირატესები არიან, რაკი ეს ყველაფერი აქვთ... თუმცა მე არასოდეს მდომებია ვყოფილიყავი მათნაირი. არც უკეთესი, არც უარესი - უბრალოდ მათ წესებს არასოდეს ვემორჩილებოდი. მაგრამ პატარა ზომის საზოგადოებებში საკუთარი წესებით ცხოვრება არ არის მარტივი. არ ღირს თავის მოტყუება“.
ადვილად ხდები ჭორის ობიექტი.
ადვილად შეუძლიათ უხამსად გეხუმრონ.
„ჩემი დაკვირვებით, ასეთ დროს, კაცები უფრო სასტიკები არიან ხოლმე. ქალი თითქოს მაინც უფრო გინდობს, რადგან ისიც ქალია. ხშირია, როცა ხუმრობით სასტიკ სიმართლეს გეუბნებიან. მე სიჩუმეს ვარჩევ პასუხად, მაგრამ ამ სიჩუმესაც თავისი ფასი აქვს. რა დასამალია, მეც მიფიქრია ჩემთვის, ახლა რომ მარტო არ ვიყო, ამას ხომ ვერ გამიბედავდნენ?“.
საზოგადოება მაშინაც გიკარნახებს როგორ მოიქცე, როცა ძლიერი და დამოუკიდებელი ხარ
განსაკუთრებით, ქალაქგარეთ. სადაც ქალებს გამადიდებული შუშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემებს კარგად იცნობს ფონდი „ტასო“, რომლის თანამშრომელმა მაია გრძელიშვილმა ისიც გვითხრა, რომ ამ ქალებს მათი ბავშვობიდან და გოგოობიდან მუდმივად უწევთ უდიდესი წნეხის ქვეშ ცხოვრება. იქამდეც, სანამ „როდის თხოვდები“ კითხვის დასმის დრო მოვა.
მათ ამისთვის ამზადებენ და სულ ესმით, რომ უნდა შექმნან ოჯახი.
ისინი საოჯახო საქმეებშიც ბავშვობიდან არიან ჩართულები: „რომ გათხოვდები, ხომ არ უნდა თქვან, რომ ძროხის მოწველა არ იცი, საჭმლის გაკეთება არ იცი, სახლის დალაგება არ იცი“.
და თუ ისე მოხდება, რომ ამ გოგოებისთვის შედგენილი გეგმა აირევა, ეს ქალებისთვისაც ტრაგედიად იქცევა.
„იმდენად სტიგმატიზებული თემაა, რომ არც კი უშვებს ვინმეს იმას, რომ ქალს, შესაძლოა, უბრალოდ, არ უნდოდეს გათხოვება. ხოლო თავად ეს კითხვა - როდის? უტაქტო კითხვად კი არ მიიჩნევა, კეთილისმსურველის მიერ დასმულ შეკითხვად, რომელსაც აინტერესებს, „როდის უნდა გაბედნიერდე“, მაგრამ რეალურად, ამის უკან დგას - „როდის უნდა ჩაბარდე პატრონს?“ ესაა დაკვეთა“, - გვეუბნება მაია გრძელიშვილი.
მისი კოლეგა, ქალთა უფლებების დამცველი, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელი ელენე რუსეცკაია კი ამბობს, რომ ეს დაკვეთა ძალიან განსხვავდება სოფლად და ქალაქად მცხოვრები ქალებისათვის. დიდ ქალაქში შედარებით ადვილია დაუსხლტე საზოგადოების დაჟინებულ მზერას, რაც თითქმის შეუძლებელია სოფელში.
სოფელში, სადაც ქალებისთვის წინსვლის გაცილებით ცოტა შესაძლებლობაა, ვიდრე ქალაქში და სადაც, საბოლოოდ, „გათხოვება“ ხშირად ერთადერთ გამოსავლად რჩება.
მარტოხელობის გამო შერცხვენა სხვაგანაც ხშირია
დაუქორწინებული ქალების სტიგმატიზაცია არ არის ქართული მოვლენა.
ეს იყო 2010 წელს ჩატარებული მისურის უნივერსიტეტის კვლევის თემაც. მკვლევრები სწავლობდნენ იმ ქალების მიმართ დამკვიდრებულ ოჯახურ და სოციალურ გზავნილებს, რომლებსაც 30 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ ჰყავდათ საკუთარი ოჯახი.
სულ ჩატარდა 32 ინტერვიუ საშუალო კლასის, მარტოხელა ქალებთან, რომლებიც არასოდეს დაქორწინებულან. ეს ქალები მარტოობასა და ასაკთან დაკავშირებულ სტიგმას გრძნობდნენ - მათ სულ უსვამდნენ არასასურველ კითხვებს ქორწინების შესახებ, ან ეუბნებოდნენ, რომ „მალე იპოვიდნენ ვინმეს“ და „არ უნდა ყოფილიყვნენ მარტო“.
ეს სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. შეიმინგი - შერცხვენა.
როგორც ნიუ-იორკში მცხოვრები ფსიქოთერაპევტი ელისონ აბრამსი ამბობს, მარტოხელების შერცხვენა ნიშნავს „ვინმეს უარყოფითად განსჯას იმის გამო, რომ მას არ ჰყავს მუდმივი პარტნიორი და არ აკმაყოფილებს საზოგადოების მოლოდინებს, დაქორწინდეს გარკვეულ ასაკში“.
აბრამსი ამბობს, რომ მარტოხელების შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები არა მხოლოდ მცდარია, მათ შეიძლება ამ ადამიანებს საზიანო შედეგები მოუტანონ.
ჩინეთში, 27 წლის ასაკის განათლებულ ქალს, რომელიც ჯერ არ გათხოვილა, მისი სოციალური სტატუსის აღსაწერად უწოდებენ „Sheng-nu“-ს - ის დაახლოებით ისე ითარგმნება, როგორც ჩვენი შინაბერა - „დარჩენილი“ (leftover woman).
ალექსანდრა ფიშერისა და ჯონ საკალუკის 2020 წლის კვლევაში კი სახელწოდებით „მარტოხელა ადამიანები სტიგმატიზებული "ჯგუფია"?“, აღნიშნულია, რომ, შეერთებულ შტატებში, კანადაში, გაერთიანებულ სამეფოსა და სკანდინავიის ბევრ ქვეყანაში, უფრო მეტი მარტოხელაა, ვიდრე წყვილი, თუმცა ფიშერისა და საკალუკის დაკვირვებით, კულტურული ცვლილებების მიუხედავად, ქორწინება თანამედროვე სამყაროში კვლავაც წარმატების სიმბოლოდ ითვლება.