კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე 28 ოქტომბრის კიბერშეტევას სხვადასხვა კუთხით აფასებს - რადიო თავისუფლების ეთერში ის ლაპარაკობს როგორც შეტევის ტექნიკური სერიოზულობის ხარისხზე, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტშიც აფასებს ამ მოვლენას:
„ამ ეტაპზე რაც არის ღია წყაროების ინფორმაცია, ეს გახლავთ დაბალტექნოლოგიური შეტევა და ზუსტად ამიტომ, მეტად ყურადსაღებია მისი შედეგები. ამ შეტევას არ სჭირდება მაღალტექნოლოგიური ვირუსი, მავნეპროგრამული უზრუნველყოფა. ეს არის ე.წ. დიფეისმენტ შეტევა, რომელიც მიმდინარეობს საიტის პირველი გვერდის ცვლილებით. დიდად სავარაუდოა, რომ ამ დროს ჰაკერს არ აქვს წვდომა მონაცემთა ბაზებთან, საინფორმაციო მასივებთან, საიდანაც ინფორმაციის გაჟონვა შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ ამ დაბალტექნოლოგიურმა შეტევამ ფართო მასშტაბი შეიძინა ჩვენს რეალობაში. კიბერუსაფრთხოების თეორიაში აქსიომაა, რომ ისეთი დაბალტექნოლოგიური შეტევებიც კი, როგორიცაა „დიფეისმენტ“ შეტევა, სუსტად დაცული ინფრასტრუქტურის პირობებში შეიძლება ძალიან დიდი ზარალის ან ძალიან დიდი რისკების მატარებელი იყოს“.
ანდრო გოცირიძე მნიშვნელოვნად თვლის იმის გაცნობიერებას, რომ კიბერტექნოლოგიებში გათვითცნობიერების ხარისხი ამაღლდა, მათ შორის, დამნაშავეთა სამყაროში, ტერორისტულ ორგანიზაციებსა და საქართველოსადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებში:
„კიბერთავდასხმები არა მხოლოდ ფინანსური სარგებლისთვის გამოიყენება. ხშირია იდეოლოგიური, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური სარგებლის მოპოვება და საქართველო ამ ყველაფრის ეპიცენტრშია ჩვენი მდებარეობიდან და სამეზობლოდან გამომდინარე“.
კიბერტექნოლოგიების სპეციალისტისთვის ცხადია, რომ კიბერთავდასხმის გამოძიება ზოგადად რთულია, თუმცა, საქართველოში სხვა გამოწვევასაც ხედავს:
„გავრცელებული შეხედულებაა, რომ კიბერდანაშაულის გამოძიება რთულია, მაგრამ ამ გავრცელებულ ფრაზას იყენებენ იმისთვისაც, რომ არასწორი მუშაობაც შეინიღბოს, გამართლდეს ხოლმე.
ის, რომ კიბერთავდასხმა რთული გამოსაძიებელია და ატრიბუცია ძალიან რთული საკითხია, ეს არის აქსიომა, რადგან კიბერსივრცეს არ აქვს საზღვარი, კიბერსივრცეში მიმდინარე დანაშაულს ყოველთვის უკან არ უდგას ის პიროვნება, რომლის IP მისამართიც დაფიქსირდა. ეს უკვე სკოლის მოწაფემაც კარგად იცის. თუმცა, ამის გარდა, როგორც ჩანს, არის კვალიფიკაციის ნაკლებობაც.
კრიმინალი განვითარდა. სამწუხაროდ, კიბერტექნოლოგიების კარგად მცოდნეები დანაშაულებრივ გზასაც ადგებიან ხოლმე. პოლიციას, პროკურატურას, სასამართლოს ჯერჯერობით არ გააჩნიათ ცოდნა და მატერიალური რესურსი, რომლითაც ამ დარგის ძლიერ სპეციალისტებს ჩართავენ სამართალდამცავ საქმიანობაში. შედეგი სახეზეა. ეს არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, თუმცა, საქართველოშიც თუ ვიტყვით, კრიტიკულად იკლებს ხოლმე გამოძიებული საქმეების რაოდენობა. ორი წლის წინ ეს იყო 10%, 2018 წლის სტატისტიკაში ეს იყო 5%. თავად კიბერთავდასხმების რაოდენობა ერთიორად არის გაზრდილი“.
28 ოქტომბერს ათასობით ვებსაიტის პირველ გვერდზე მომხმარებელს ხვდებოდა ერთნაირი გზავნილი - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი წარწერით “I’ll be back”:
„როცა ამ ტიპის გზავნილი გვხვდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო ხელისუფლების ან სხვა ასეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მნიშვნელოვანი სახელმწიფო ორგანიზაციების საიტზე, ნიშნავს, რომ დაჯგუფებამ, რომელმაც ეს განახორციელა, შედეგს მიაღწია, ვინაიდან ამას თან სდევს ნიჰილიზმი სახელმწიფოს მიმართ, რწმენის მოშლა უსაფრთხოების სისტემების მიმართ“.
ანდრო გოცირიძე ხაზს უსვამს კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის კონტექსტში:
„კიბერუსაფრთხოება ნატოსთან ინტეგრაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სამიტიდან სამიტამდე ნატო კიბერუსაფრთხოების და კიბერსივრცის როლს კოლექტიური თავდაცვის ფარგლებში უფრო და უფრო წინ წამოსწევს ხოლმე და პირდაპირი განცხადებებია, რომ, თუ გვინდა, ვიყოთ ალიანსის სრულფასოვანი პარტნიორი, ჯობს კიბერუსაფრთხოებას სერიოზული ყურადღება დავუთმოთ.
გუშინდელი მოვლენების ფონზე, შესაძლოა, არ ჟღერდეს გულწრფელად, მაგრამ კიბერუსაფრთხოება საქართველოში ნორმალურ დონეზეა და სწორედ ნატოს დახმარება არის კრიტიკული ამ შემთხვევაში. თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში შექმნილია კიბერუსაფრთხოების ბიურო, რომელიც ნორმალურად უძღვება თავის საქმეს. ერთ-ერთი შედეგი ისიცაა, რომ თავდაცვის სამინისტროს საიტები „მსხვერპლს“ შორის არ იყო“.
„დილის საუბრების“ სტუმარი ლაპარაკობს გადაწყვეტილების მიმღებთა შორის კიბერუსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე:
„ცნობიერების ამაღლება არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და, სამწუხაროდ, თუ ავიღებთ, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოებრივ სხეულს, საკმაოდ დაბალი გახლავთ ცნობიერება, რადგან სხვა სამინისტროებში, სხვა უწყებებში ხშირია რუსული პროდუქტის გამოყენება, ხშირია რუსულ სერვერებზე განთავსებული სერვისის გამოყენება. არ არსებობს კანონი, რომელიც ჩვენში კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის კრძალავდეს რუსული პროგრამული უზრუნველყოფის ან კომპიუტერული ტექნიკის შემოტანას. იდეაში, რუსულ კომპანიას შეუძლია ტენდერში მონაწილეობა და, მაგალითად, განათლების სამინისტრო ან ჯანდაცვის სამინისტრო მოამარაგოს კომპიუტერული ტექნიკით. რა იქნება ამ ტექნიკაში ან პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩამონტაჟებული?..“
ანდრო გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ 28 ოქტომბრის კიბერშეტევა ცდა იყო რაიმე კიდევ უფრო სერიოზული შეტევის განხორციელებამდე:
„ვინ გამორიცხავს, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, არ იყო „დაზვერვა ბრძოლით“, რითაც მოსინჯეს ის სისუსტეები, რა დონეზე შეიძლება ეს გავრცელებულიყო და შესაბამის მომენტში ეს შეიძლება იყოს გამოყენებული. შეგახსენებთ, 2008 წლის ომის მხარდამხარ განხორციელებული რუსული კიბერშეტევები გაცილებით ადრე დაიწყო, სკანირება. თუმცა, ჩვენ მაშინ ამის ცოდნა არ გვქონდა“.