ცნობილ ბელარუს პოეტს, მთარგმნელსა და ლიტერატურის ისტორიკოსს, ანდრეი ხადანოვიჩს, რომელიც 2021 წლიდან, მისი არაერთი კოლეგის მსგავსად, პოლონეთშია გადახვეწილი, ერევანში შევხვდი. ანდრეის გარდა, სომხეთში, უცხოეთში მცხოვრები რამდენიმე სხვა ბელარუსი ავტორიც იყო ჩასული "საერთაშორისო მწერლები მშვიდობისთვის" - ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. თავიანთ გამოსვლას ყველა ასე იწყებდა: გამარჯობა, მე ვარ ესა და ეს, ბელარუსი ავტორი, მაგრამ დღეს ვცხოვრობ პოლონეთში, ამა და ამ ქალაქში...
მათი ტექსტები ყვებოდა, როგორია ცხოვრება დიქტატორულ რეჟიმში, ისეთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას ზღუდავს და ყველას ციხეში უშვებს. რა ელით ადამიანებს, ვინც უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს გაბედავს. ანდრეი ხადანოვიჩთან ეს ინტერვიუ თბილისში, ე.წ. "აგენტების შესახებ კანონის" განხილვას და საპროტესტო აქციებს დაემთხვა, ამაზეც ვილაპარაკეთ. კიდევ იძულებით სამშობლოდან გადახვეწაზე. ომზე უკრაინაში, რუსეთის გავლენებზე ბელარუსში, იმაზე, თუ რა ბედია ეწიათ ბელარუსში ადამიანებს, ვინც არ გაჩუმდა, შეფარულ და ღია რეპრესიებზე. კიდევ იმაზე, როგორ მივიდა მისი ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ იქამდე, სადაც დღესაა.
ეკა ქევანიშვილი: ანდრეი, ერთმანეთს რომ შევხვდით, ასე გამეცანით: მე ვარ ანდრეი ხადანოვიჩი, ბელარუსი პოეტი მინსკიდან, მაგრამ ახლა ვცხოვრობ პოლონეთში... როცა საკუთარ ქვეყანას ტოვებ იმიტომ, რომ უბრალოდ ასე გსურს, უკეთესი ცხოვრებისთვის ან რაიმე სხვა ნებაყოფლობითი მიზეზით, ეს გასაგებია, მაგრამ რას ნიშნავს, როცა იძულებული ხარ წახვიდე?
ეს საერთო ჯოჯოხეთია, ერთი მტრის მოწყობილი ჯოჯოხეთი...
ანდრეი ხადანოვიჩი: მწარეა. ძალიან მწარე გრძნობაა. როგორც წესი, განდევნილები თავს ძალიან მარტოსულებად გრძნობენ. მე მაქვს შეგრძნება, რომ 2020 წლის ზაფხული-შემოდგომის პროტესტმა ბელარუსში და მის შემდგომმა მოვლენებმა, რეპრესიებმა, ჩემი ბელარუსი ორ ნაწილად გახლიჩა. ბელარუსების ნაწილის აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც, ასე თუ ისე, სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბდა, და ვინც პირველად, მასშტაბურად, გავიდა ქუჩაში არჩევნების გაყალბების, ტყუილის, რეპრესიების წინააღმდეგ (და ეს დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანია), ქვეყნიდან წავიდა.
მეც ამ „წასული ბელარუსის“ ნაწილად ვგრძნობ თავს, რომელიც დაანაწევრეს და ახლა ძალიან ცდილობენ, რომ ეს ხალხი ერთმანეთისგან გათიშონ, ერთმანეთი შეაძულონ და ერთმანეთის წინააღმდეგ აგვამხედრონ. მე და ჩემი კოლეგები ახლა ამის წინააღმდეგ ვიბრძვით. ჩვენც იმ ჯოჯოხეთში აღმოვჩნდით, რაშიც ჩვენი მეზობელი უკრაინელები. ცხადია, ისინი უფრო მეტად, თუმცა ეს საერთო ჯოჯოხეთია, ერთი მტრის მოწყობილი ჯოჯოხეთი. დღეს ძალიან ბევრი ბელარუსი ისევ ფიქრობს, დატოვოს ქვეყანა თუ მაინც იქ დარჩეს. ვერ გადაუწყვეტია, სად უფრო გამოადგება ქვეყანას.
ე.ქ: თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?
ანდრეი ხადანოვიჩი: სანამ ბელარუსში ვიყავი, უნივერსიტეტში მსოფლიო ლიტერატურას ვასწავლიდი ბელარუსულ ენაზე, მაგრამ ამის კეთება 2020 ზაფხულის პროტესტების შემდეგ აღარ შემეძლო, რადგან ასობით ლექტორი, მასწავლებელი, არტისტი, მუსიკოსი, მასობრივად გაათავისუფლეს სამსახურებიდან იმის გამო, რომ ისინი მხარს უჭერდნენ პროტესტს. ცხადია, აღარც მე მქონდა დარჩენის აღარანაირი შანსი.
ე.ქ: დღეს რასაც პოლონეთში აკეთებთ, თუ გაქვთ შეგრძნება, რომ ეგ საქმე ბელარუსისთვის კეთდება?
ესეც, ჰიბრიდული ომის რაღაც სახეა, დაუნდობელი ომი ჩვენი სურვილის წინააღმდეგ - ვიყოთ თავისუფლები...
ანდრეი ხადანოვიჩი: იქ მე შემიძლია, მაგალითად, ჩავწერო ლიტერატურული ვიდეოები ჩემი „იუტუბის“ არხზე. ამას ვაკეთებ კიდეც ყოველ ორშაბათს და საკმაოდ ბევრი გამომწერიც მყავს. ცხადია, ამ ვიდეოებში არ ვლაპარაკობ მხოლოდ ლიტერატურაზე. ვცდილობ მხარდაჭერის მესიჯებიც გავუშვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც, ვიცი, რომ ბელარუსშიც მისმენენ და მათთვის ეს მნიშვნელოვანია. ვიღაც, ჩემსავით პოლონეთშია და იქ ისმენს, ან ლიეტუვაშია, ან სულაც თქვენთან, საქართველოში, თბილისსა თუ ბათუმში, სადაც დღეს ბევრი ბელარუსი ცხოვრობს. ამას უყურებენ ის ბელარუსებიც, რომლებიც 2020 წლის მერე უკრაინაში წავიდნენ და დღეს ამ ომში უკრაინას უჭერენ მხარს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მათ შორის ის ბელარუსებიც არიან, რომლებიც ფრონტზე იბრძვიან. ძალიან არ მინდა, რომ ეს ხალხი იყოს დანაწევრებული.
დღეს ბელარუსში ანადგურებენ არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას, აქრობენ ყველა დამოუკიდებელ ინსტიტუტს, არამედ ბელარუსულ კულტურას და ენასაც - ამ მხრივ, ჩვენ ყოველთვის გვქონდა პრობლემა, მაგრამ ახლა კიდევ უარესია. ადამიანი შეიძლება ქუჩაში დაიჭირონ მხოლოდ ბელარუსულად ლაპარაკის გამო. ეს ამ რეჟიმის შურისძიებაცაა იმის გამო, თუ რა დიდი როლი ითამაშა კულტურის სფერომ 2020 წლის საპროტესტო აქციებში. შესაძლოა, ე.წ. რუსკი მირის დაკვეთაც, რომ ბელარუსის მარიონეტულმა რეჟიმმა, პუტინის ინტერესების გათვალისწინებით, ეს ტერიტორია მათთვის მოასუფთაოს. ესეც, ჰიბრიდული ომის რაღაც სახეა, დაუნდობელი ომი ჩვენი სურვილის წინააღმდეგ - ვიყოთ თავისუფლები. ამიტომ, ამ ვითარებაში, ყველა სიტყვას, მხარდაჭერას და ერთი კარგი ლექსის გამოჩენასაც აქვს თავისი დიდი მნიშვნელობა.
ე. ქ: ქვეყნის დატოვების შემდეგ თუ შეიცვალა ის თემები, რაზეც თქვენ და თქვენი კოლეგები წერთ?
ანდრეი ხადანოვიჩი: მე მგონი, ჩვენ უფრო მკვეთრად დავიწყეთ წერა. ზოგი ავტორი, ამას, საერთაშორისო რეზონანსის გამოსაწვევად, საგანგებოდაც აკეთებდა. მაგალითად, იულია ტიმოფეევამ მალევე დაწერა მინსკის პროტესტის დღიურები, რომ საერთაშორისო საზოგადოებამდე ხმა მიეწვდინა. მე, როგორც ავტორი, მაინც უფრო ბელარუს მკითხველზე ვფიქრობდი. როცა მინსკში, 2020 წლის პროტესტების შემდგომმა რეპრესიების პირველი ტალღამ ჩაიარა და პირველი ლექსები გამოვაქვეყნე, ფეისბუკზე მწერდნენ, რომ ამ ლექსებს წერილებად უგზავნიდნენ პოლიტპატიმრებს - უნდოდათ რაიმე მხარდამჭერი მიეწერათ, მაგრამ ასეთ დროს, ძალიან რთულია ხოლმე, შეიძლება ყველა სიტყვა ყალბი აღმოჩნდეს. სხვისი ლექსები კი გამოსავლად იქცნენ. ჩემთვის კი, დამატებით სტიმულად, რომ მეწერა.
ე. ქ: შეიძლება ითქვას, რომ მაგ შეზღუდული თავისუფლების ფონზე, თქვენი, ბელარუსი ავტორების ტექსტები, ცოტა უფრო მეტი გახდა, ვიდრე უბრალოდ პოეზია?
ეს ომი დასრულდება, იმედი მაქვს, უკრაინა მოიგებს, ეს ლექსები კი დარჩება და აქტუალობას არ დაკარგავს...
ანდრეი ხადანოვიჩი: მე სულ სკეპტიკურად ვუყურებდი ასეთ დამოკიდებულებას. აი, როგორც პოეტი ევგენი ევტუშენკო ამბობდა, „პოეტი უფრო მეტია, ვიდრე პოეტიო“... აქ, პირიქით, მგონი, რაც ახლა იწერება, ეს ნაკლებია, ვიდრე პოეზია, რადგან მას არაპოეტური მიზნები აქვს. ამიტომ, ეს, ალბათ, უფრო, პუბლიცისტიკაა.
ე.ქ: ომის პერიოდში წერის დროსაც ნაწილობრივ ასე არაა?
ანდრეი ხადანოვიჩი: სხვათა შორის, 2022 წლის თებერვლის მერე, საერთოდ ვერაფერს ვწერდი. მაგრამ ფეისბუკზე ბევრი უკრაინელი კოლეგა მეგობარი მყავს, რომლებსაც სულ ვაკვირდები, ვთარგმნი და ვაქვეყნებთ კიდეც ინტერნეტჟურნალში, რომელიც ბელარუსში ჯერ არ დაუბლოკიათ - ამ ლექსებში დიდი დოზით არის პუბლიცისტიკა, მაგრამ მათ შორის, არის ბრილიანტებიც. ეს ომი დასრულდება, იმედი მაქვს, უკრაინა მოიგებს, ეს ლექსები კი დარჩება და აქტუალობას არ დაკარგავს. სხვათა შორის, ჩემი ყველაზე საყვარელი უკრაინული ლექსები, რაც ამ ომის დროს იწერება, იმაზეა, თუ რა იქნება ომის მერე.
ე. ქ: დღეს თუ არის ბელარუსში შესაძლებელი ხმამაღლა რამის გაპროტესტება? მაგალითად, მწერლები, არტისტები, მუსიკოსები, ვინც 2020-ის ცნობილი აქციების დროს გამოდიოდა, მათ შეუძლიათ ხმის ამოღება? ცხადია, იქ დარჩენილებს ვგულისხმობ.
ანდრეი ხადანოვიჩი: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე დღეს არ ვარ ბელარუსში, სწორედ ესაა, რომ ამის შესაძლებლობა იქ, ფაქტობრივად, გამქრალია. ვინც იქ დარჩა, შეიძლება ითქვას, შინაგან ემიგრაციაშია და კულტურულ იატაკქვეშეთში განაგრძობს მოქმედებას. კი, ტარდება ლექციები, პოეტური კითხვაც იმართება, მაგრამ საჯარო რეკლამის გარეშე: ვიღაც ვიღაცას გადასცემს ამბავს და თანამოაზრეთა ჯგუფი შეიკრიბება, მაგრამ ამ ღონისძიებების აფიშები არ შეიძლება იყოს ბელარუსულ ენაზე. ურთიერთობამ ტელეგრამის და სხვა დახურულ და დაცულ ჩატებში გადაინაცვლა. რაღაც შეხვედრები „ზუმში“ იმართება. თუ ვინმე მოახერხებს და რაიმე საინტერესო ლექციის ჩატარებას შეძლებს, დღეს მას ათჯერ მეტი ადამიანი ესწრება, ვიდრე ადრე.
ე.ქ: ლუკაშენკას ხელისუფლება ასეთ შეკრებებს როგორ უყურებს, რაიმე რეაქცია თუ მოჰყვება ხოლმე?
ანდრეი ხადანოვიჩი: ადგილზე მაშინვე ჩნდებიან დამსმენი ადამიანები, რომლებიც წერენ ე.წ. დანოსებს, რომ ეს ადგილი უნდა დაიხუროს. მერე ეს ადგილი იხურება და ჩნდება სხვა და ა.შ.
ე.ქ: ის ადამიანები, ვინც ბელარუსში დარჩნენ, მათ შორის, რეჟიმის მოწინააღმდეგეები, ეს არის ხალხი, ვინც ვერ წავიდა ქვეყნიდან თუ ვინც პრინციპულად არ წავიდა?
ეს არის რეჟიმი, რომელსაც მკვდრებისაც ეშინია...
ანდრეი ხადანოვიჩი: რაღაც ნაწილი ვერ წავიდა. მაგრამ ნამდვილად არის ბელარუსში ხალხი, ვინც არ წავიდა. ნობელის პრემიის ლაურეატს მშვიდობის დარგში, ალეს ბიალიაცკის, ახლახან ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს არის კაცი, რომელმაც ორჯერ თქვა უარი ბელარუსის დატოვებაზე. თან ძალიან რთულ დროს: ის არ წავიდა არც 2010 წლის საპროტესტო აქციების მერე და ციხეში მოხვდა 4,5 წლით - ვითომ რაღაც მოგონილი ბრალდებით, სინამდვილეში კი უფლებადაცვითი საქმიანობის გამო, და მეორედ, 2020 წლის ზაფხულის და შემოდგომის მოვლენების შემდეგ. მან გადაწყვიტა არ წასულიყო. ალბათ იმიტომაც, რომ სურდა ეჩვენებინა, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთა გატეხაც შეუძლებელია. თავის მისიას ის ასე უყურებს. თუმცა, რეჟიმი არც იმან შეაჩერა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატს ასამართლებდა, მსოფლიოში ცნობილ ადამიანს. ამიტომ მგონია, რომ კი, ეს მართლა შურისძიებაა თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. იმისთვისაც, რომ კულტურა გახდა უიარაღოების იარაღი, პროტესტის საშუალება სიკვდილის შეიარაღებული ესკადრონების წინააღმდეგ.
ე.ქ: თქვენი აზრით, ბელარუსის ხელისუფლებას ეშინოდა და ეშინია ამ ძალის?
ანდრეი ხადანოვიჩი: უფრო იმის ეშინიათ, რომ ამ ადამიანებს ბევრი უსმენს. განსაკუთრებით მაშინ, როცა შეზღუდული თავისუფლების ფონზე ისინი თავისუფლად ლაპარაკობენ. ცოცხალი ლიტერატორების შიში აქვთ. თუმც კი, ამ ბოლო დროს, მკვდარი მწერლების ხსოვნასაც ებრძვიან. მაგალითად, ლუკაშენკას მომხრე ერთი აქტივისტი მოითხოვდა აეღოთ გარდაცვლილი ბელარუსი მწერლის, ლარისა ჰენიუშის ძეგლი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქალი ვერ გატეხა სტალინის გულაგში გატარებულმა რვა წელმა, დაბრუნდა და უარი თქვა საბჭოთა პასპორტზე. მერე დიდხანს იყო აკრძალული მისი ნაწარმოებებიც, მათ შორის, გულაგის დღიურებიც... მოკლედ, ეს არის რეჟიმი, რომელსაც მკვდრებისაც ეშინია.
და იცით, რომ ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კგბ-ს აბრევიატურაც კი არ შეცვლილა? პუტინის რუსეთშიც კი ეს სპეცსამსახური სხვა აბრევიატურის ქვეშ დამალეს. „კაგებეს“ დოკუმენტები ბელარუსში დღემდე გასაიდუმლოებულია და უცნობია, როდის გახდება საჯარო. მეტიც, იქ 2020-2021-2022 წლებში მეორდება ის სცენარი, რაც იყო სტალინის რეპრესიების დროს. შესაძლოა, ხალხს მასობრივად არ ხვრეტენ, როგორც მაშინ, მაგრამ სხვა დანარჩენი, ყველაფერი ისევ ისეა. მუშაობს უზარმაზარი მანქანა, რომლის მიზანიც ხალხის განადგურებაა.
ე.ქ: დღეს როგორია ბელარუსი ხალხის განწყობა ლუკაშენკას რეჟიმის მიმართ? ეშინიათ რეჟიმის თუ მხარს უჭერენ ლუკაშენკას მთავრობას?
რეპრესიების შედეგად ბელარუსის საზოგადოების განადგურება და ამით თითქოს მოედნის მომზადება. თითქოს ჯორჯ ორუელისეულ ანტიუტოპიაში აღმოვჩნდით, სადაც ბელარუსი რუსეთის „ასაფრენ-დასაფრენ მოედნად“ იქცა...
ანდრეი ხადანოვიჩი: მე ვფიქრობ, რომ ბელარუსები სულ იყვნენ ინტროვერტები. ჩაკეტილი ხალხია. აი, მაგალითად, ბელარუსის მოსახლეობის უმრავლესობა არის ორენოვანი, მაგრამ ისინი არასოდეს გამოელაპარაკებიან ბელარუსულად უცნობ ადამიანებს, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ის „მათიანია“. მე მაინც მგონია, უმრავლესობას ესმის, რომ ის, რაც დღეს მათ ქვეყანაში ხდება, არასწორია. არ სჯერათ იდეოლოგიური ტყუილების და არც უკრაინაში ომს უჭერენ მხარეს. ის ადამიანებიც კი, ვინც 2020-მდე ფიქრობდნენ, იქნებ რუსეთთან უკეთესი მომავალი ელოდათ, დღეს ასე აღარ ფიქრობენ.
ჩემი აზრით, დღეს ბელარუსი ხალხის უმრავლესობა დათრგუნულია თავიანთი უსუსურობით და იმით, რომ ხელისუფლებას ხელს ვერ უშლიან იმის განხორციელებაში, რასაც ის რუსეთის აგრესიის მხარდაჭერით აკეთებს. თუმც კი, ომის დასაწყისში, ბელარუსშიც გაჩნდა პარტიზანული მოძრაობა. როცა გაირკვა, რომ ბელარუსის რკინიგზას იყენებდნენ რუსული სამხედრო ძალის გადასაყვანად და იარაღის სამოძრაოდ, პარტიზანებმა დაიწყეს რკინიგზის ლიანდაგების დაზიანება. მათ მკაცრად სჯიდნენ დაკავებისას, ფეხებს უხვრეტდნენ, თუმცა რაღაც ნაწილს მაინც არ ეშინოდა. დიახ, მასობრივი პროტესტი ბელარუსებს არ გამოუხატავთ, ქუჩაში ხალხი არ გამოსულა ამ ომის გამო, მაგრამ ეს, ალბათ, იმის ბრალი იყო, რომ ეს ომი დაემთხვა ბელარუსის ნახევარმილიონიანი საპროტესტო ტალღის საბოლოოდ მოხუთვას. რეპრესიებმა იქ ამ დროს თავის პიკს მიაღწია, რაც პუტინის აგრესიას დაემთხვა... თუმცა ან დაემთხვა და ან, შესაძლოა, პირდაპირი კავშირიც იყოს ამ ორ ამბავს შორის: რეპრესიების შედეგად ბელარუსის საზოგადოების განადგურება და ამით თითქოს მოედნის მომზადება. თითქოს ჯორჯ ორუელისეულ ანტიუტოპიაში აღმოვჩნდით, სადაც ბელარუსი რუსეთის „ასაფრენ-დასაფრენ მოედნად“ იქცა.
ე.ქ: კიდევ რისთვის შეიძლება დღეს ადამიანი დაიჭირონ ბელარუსში?
ანდრეი ხადანოვიჩი: რამდენიმე თვის წინ მინსკის ერთ-ერთი კლუბის ღია სცენაზე კონცერტი ჩატარდა, სადაც გოგონამ უკრაინული როკჯგუფის, „ოკეან ელზის“ სიმღერა იმღერა, ხალხმა მაშინვე მოიყარა თავი, აანთეს მობილური ტელეფონების ფანრები, გამოხატავდნენ სოლიდარობას, მაგრამ ეს გოგო იმწამსვე დააპატიმრეს, დააპატიმრეს კლუბის მფლობელი და მისი ცოლიც. ეს გოგო დღემდე ციხეშია, წარმოგიდგენიათ, სლავა ვაკარჩუკის სიმღერის შესრულებისთვის! როგორც ჩანს, ეს გამოსვლაც შეფასდა როგორც საპროტესტო, ანტისაომარი მიტინგი მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხმა გამოხატა დამოკიდებულება.
ე.ქ: როგორ ფიქრობთ, რა გამოიყვანს დღეს საპროტესტოდ ხალხს ისევ გარეთ ბელარუსში?
ანდრეი ხადანოვიჩი: ხალხმა უნდა დაინახოს რაღაც პატარა იმედის სხივი მაინც. ეს შესაძლოა იყოს ამ ომში უკრაინის წარმატება. ამ ომში ბელარუსული პოლკიც იბრძვის, ეს ის ხალხია, ვინც თავის დროზე უკრაინაში ლუკაშენკას რეჟიმის რეპრესიებს გაექცა. ისინი ახლა უკრაინას იცავენ, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ბელარუსის თავისუფლებისთვის ბრძოლაცაა.
ე.ქ: დასაწყისში კი ვახსენეთ, მაგრამ ცოტა მეტი მოგვიყევით, თქვენ როგორ წახვედით ბელარუსიდან, ბევრი იფიქრეთ ამაზე?
შენ ჯერ არ მჯდარხარ? ესე იგი ნამდვილი ბელარუსი არ ხარო. მაგრამ უცებ რეჟიმმა მიდგომა შეცვალა და ხალხი წლობით გაუშვა ციხეში... ეს აღარ იყო ხუმრობა...
ანდრეი ხადანოვიჩი: მე დიდხანს არ მინდოდა ბელარუსიდან წასვლა. როცა პანდემია დასრულდა და ნელ-ნელა მიმიწვიეს სტიპენდიებზე, წიგნების პრეზენტაციებზე უცხოეთში, სულ კოშმარები მესიზმრებოდა, ვითომ დაბრუნებისას აეროპორტში მიჭერდნენ. თუმცა სამჯერ-ოთხჯერ უსაფრთხოდ დავბრუნდი. მაგრამ პოლონეთში დარჩენა გადავწყვიტე 2021 წლის ივლისში, როცა რეპრესიები კიდევ უფრო გართულდა. ადრე ადამიანებს რამდენიმე დღით აპატიმრებდნენ და მერე უშვებდნენ ხოლმე, აღარავის ეშინოდა, ბელარუსში ხუმრობდნენ კიდეც - შენ ჯერ არ მჯდარხარ? ესე იგი ნამდვილი ბელარუსი არ ხარო. მაგრამ უცებ რეჟიმმა მიდგომა შეცვალა და ხალხი წლობით გაუშვა ციხეში... ეს აღარ იყო ხუმრობა.
მოკლედ, ისე დაემთხვა, რომ რამდენიმეკვირიანი სტიპენდიით წავედი ვარშავაში, უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ნაყიდი მქონდა. 31 ივლისს უნდა დავბრუნებულიყავი და სწორედ იმ პერიოდში, მინსკში ალეს ბიალიაცკი დააპატიმრეს. მერე აიკრძალა პენკლუბი, მერე მწერლების დამოუკიდებელი კავშირი (ბელარუსში არის ასევე ხელოვნურად შექმნილი, პროსამთავრობო მწერალთა კავშირიც), ბელარუსული ენის საზოგადოება და თქვენ წარმოიდგინეთ, ბელარუსული ჩიტების დამცველი საზოგადოებაც კი. ჩემი არაერთი კოლეგის სახლი გაჩხრიკეს. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ აღარ დავბრუნდებოდი და დავრჩი პოლონეთში, სადაც ჩემმა კარგმა ნაცნობებმა შემიფარეს.
ე.ქ: ბელარუსში, ცხადია, კარგად იციან, რომ არ დაბრუნდით.
ანდრეი ხადანოვიჩი: იციან, მაგრამ მე, როგორც ჩანს, არ ვარ #1 მტერი, არამედ ვარ მტერი #111-ე. ან შეიძლება ჰგონიათ, რომ რა გავლენა უნდა მოახდინოს რამეზე ლიტერატურამ. სხვათა შორის, ეს პირდაპირი პარალელი არ არის, მაგრამ გამახსენდა - იმ მომენტში, როცა ლუკაშენკამ ციხეში ჩასვა თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი სერგეი ციხანოვსკი, ხოლო მისმა მეუღლემ სვეტლანა ციხანოვსკაიამ პრეზიდენტის პოსტზე დააყენა საკუთარი კანდიდატურა, მას მისცეს ამის უფლება - „ქალს რა უნდა გამოუვიდესო“. აი, დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება აქვთ მწერლებთანაც. ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს მეტად სჯიან და მათ მართლაც წლობით სვამენ ციხეში.
ე.ქ: ანდრეი, ბელარუსში დაბრუნებაზე რას ფიქრობთ? ან როგორ წარმოგიდგენიათ?
ანდრეი ხადანოვიჩი: ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ მე და ჩემს კოლეგებს ასეთი შეთანხმება გვაქვს, რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ერთი მიზნით და ეს მიზანი, ბელარუსში დაბრუნებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ დაწერილი, შექმნილი წიგნებით, მომზადებული სასწავლო კურსებით და ა.შ. ეს არის ბელარუსის ის ნაწილი, რომლის თან ტარებაც შეგიძლია, როგორ ჰაინე ამბობდა მე-19 საუკუნეში, „კონტრაბანდა, რომელიც თავში მაქვს“.
ე.ქ: ახლა, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, საქართველოში საპროტესტო აქცია იმართება ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ. საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან შიშობს, რომ ხელისუფლებამ ვექტორი რუსეთისკენ შეცვალა და, რომ მალე შესაძლოა, იქ აღმოვჩნდეთ, სადაც დღეს თუნდაც ბელარუსია. რას ეტყოდით ქართველებს ამ კონტექსტში?
ანდრეი ხადანოვიჩი: არაფერს ორიგინალურს არ ვიტყვი, რაც არ თქმულა: „ჩვენ ერთ ტიტანიკზე ვართ“, თუ სხვა იქნება ცუდად, შენც ცუდად იქნები. იმდენად ახლო მეზობლები ვართ, რომ ეს გარდაუვალია ამბავია. თუ სხვას არ ექნება ეს თავისუფლება, შენი თავისუფლებაც შემცირდება. იარლიყების მიწებებით კი, ყველამ ვიცით, ადამიანობის დაკარგვა იწყება.
ანდრეი ხადანოვიჩი
ანდრეი ხადანოვიჩი ბელარუსი პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატურის ისტორიკოსია, რომელიც საკუთარი ქვეყნიდან 2021 წელს გადაიხვეწა და ახლა, მისი არაერთი კოლეგის მსგავსად, პოლონეთში ცხოვრობს. ის არის ათი პოეტური კრებულის და ერთი საბავშვო პოეზიის წიგნის ავტორი. მისი წიგნები გამოცემულია პოლონეთში, უკრაინასა და შვედეთში. ლექსები ნათარგმნია 20 ენაზე.
ხადანოვიჩი წლების განმავლობაში იყო პენ ბელარუსის ხელმძღვანელი. არის არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი. მათ შორის, ბელარუსში, მიღებული აქვს ჯილდო წლის საუკეთესო წიგნისთვის საბავშვო ლექსების ნომინაციაში, ნატალია არსენიევას სახელობის პრემია წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის "ბალახის სკოლა", წლის საუკეთესო მთარგმნელის ჯილდო - შარლ ბოდლერის ლექსების წიგნის თარგმნისთვის, ასევე პოლონური PEN-ის ჯილდო პოლონური პოეზიის თარგმანებისთვის.
ანდრეი ხადანოვიჩი იყო თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე 2018 წელს.