Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შევდიოდით საზღვრისპირა სოფლებში, სადაც პროექტები იშვიათად ხორციელდება. ჩვენი მიზანია, მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული არაფორმალურ განათლებაში"


ანა ქოჩუა და ლალი ომიაძე
ანა ქოჩუა და ლალი ომიაძე

თითქმის ორი წელია, რაც ორგანიზაცია People in Need (PIN) საქართველოში ახორციელებს პროექტს „ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“. PIN-ის საქართველოს მისიის პროექტის მენეჯერი, ანა ქოჩუა, რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„პროექტი არის უნიკალური და მნიშვნელოვანიც, რადგან PIN-ს აქვს ადამიანის უფლებების სწავლების საკუთარი მეთოდოლოგია. ადამიანის უფლებები ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენს ქვეყანაში და ამ მიმართულებით თითოეული პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, როცა მას ახლავს მეთოდოლოგია, რომელიც ეხმარება სამიზნე ჯგუფს, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ და ეს სამიზნე ჯგუფი არის ახალგაზრდობა“.

მსგავს პროექტს PIN-ი მესამედ ატარებს. პირველი ორი კავკასიის მასშტაბით განხორციელდა. პროექტის ისტორია კი 2003 წლიდან იწყება, როცა გადაწყდა, ჩეხეთში დაფუძნებული ადამიანის უფლებებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმების ფესტივალ „ერთი მსოფლიოს“ (One World) ფილმების საფუძველზე შემუშავებულიყო ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო.

საქართველოში, კერძოდ, გორისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. PIN-ის პარტნიორია საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი. ანა ქოჩუა განმარტავს, რატომ შეირჩა სწორედ ეს ორი რეგიონი:

„აქ თავს იყრის განსაკუთრებით დიდი პოპულაცია იძულებით გადაადგილებული პირების და განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც ადამიანის უფლებების გამოწვევას ახლავს თან. ჩვენი პარტნიორები, განმახორციელებელები იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ორივე მუნიციპალიტეტში პარტნიორები იყვნენ ადგილობრივი ახალგაზრდობის სახლები, მუნიციპალური სახლები, რომლებიც ისედაც აკეთებენ ბევრს ახალგაზრდებისთვის. რვა პარტნიორმა მიიტანა ახალგაზრდებთან ეს ფილმები“.

ანა ქოჩუას თქმით, სენაკში ერთი სპეციფიკური გამოწვევა იყო - იქ რთულია 20 წელზე მეტი ასაკის ახალგაზრდების მოძებნა, რადგან ისინი გასულები არიან მუნიციპალიტეტიდან - ვინ შიდა მიგრაციის გამო და ვინ საზღვარგარეთ არის წასული. განსხვავებული სურათია ამ მხრივ გორის მუნიციპალიტეტში, რასაც ანა ქოჩუა ქვეყნის დედაქალაქთან სიახლოვით ხსნის.

ლალი ომიაძე, „შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმის“ ხელმძღვანელი, მოგვითხრობს პროექტის მიმდინარეობაზე:

„სწავლება ფილმების ჩვენებით იყო ახალი და საინტერესო. თანაც, ამ ფილმებში ასახული იყო ადამიანის უფლებების ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს ჩვენს თემშიც და სხვა ქვეყნებშიც: გადაადგილების უფლების, განათლების უფლების, შრომითი უფლებების დარღვევები. როცა ახალგაზრდები ნახულობდნენ ამ ფილმებს, ავლებდნენ პარალელებს საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან. ხშირად თავიანთ თავსაც ხედავდნენ.

შევდიოდით საზღვრისპირა სოფლებში, სადაც პროექტები არცთუ ხშირად ხორციელდება. ჩვენი მიზანია, მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს ინფორმაცია და ჩართული იყოს არაფორმალურ განათლებაში.

ფილმების ჩვენების გარდა, ამ პროექტის ფარგლებში ორ საინციატივო ჯგუფს დაუფინანსდა მცირე ინიციატივა - „შრომა როგორც მნიშვნელოვანი სოციალური უფლება“ და „განათლების ხელმისაწვდომობა“.

26 ნოემბერს თბილისში გაიმართება ადამიანის უფლებათა ფორუმი, რომელზეც შეჯამდება ადამიანის უფლებების სწავლების პროექტის მიღწევები და გამოწვევები.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG