Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თუ ვერ ვიპოვნეთ ძალიან კარგები, უნდა შევუშვათ თუ არა საშუალო მონაცემების ხალხი, რომლებიც სხვებს - ოდიოზურ ფიგურებს სჯობიან? არა!"


ანა ნაცვლიშვილი და ეკა ციმაკურიძე, "დემოკრატიის ინდექსი - საქართველო"
ანა ნაცვლიშვილი და ეკა ციმაკურიძე, "დემოკრატიის ინდექსი - საქართველო"

ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისი ჯეროვნად წარმართვისკენ მოუწოდა. ახალი ორგანიზაციის წარმომადგენლები, იურისტები - ანა ნაცვლიშვილი და ეკა ციმაკურიძე „დილის საუბრების“ სტუმრები იყვნენ.

ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, დაწერილი კანონი მოირგოს და განმარტოს ისე, როგორც მისი ვიწრო ინტერესებში შედის და არა მართლმსაჯულების და ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებში. რაც შეეხება მიმდინარე პროცესს:

„ეს არის უმაღლეს თანამდებობაზე ადამიანების შერჩევა. ამაზე მაღალი თანამდებობა რთული წარმოსადგენია. ამ თანამდებობაზე მყოფ ერთ ადამიანსაც კი შეუძლია ძალიან სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს როგორც კონკრეტული ადამიანების ბედის გადაწყვეტისას, რომელიც სასამართლომდე მიაღწევს, ასევე ქვეყანაში გამოიწვიოს ძალიან სერიოზული ცვლილებები. ამიტომ, როგორი ადამიანი შევა იქ და როგორ იქნება შერჩეული, ამას ექნება მნიშვნელობა მრავალი ათეული წლის განმავლობაში, რადგან ეს ადამიანები ინიშნებიან უვადოდ. მრავალი ათეული წლის განმავლობაში ეს ადამიანები გადაწყვეტენ ამ ქვეყნის ბედს. პოლიტიკური ხელმძღვანელობები შეიცვლება. ეს ხალხი ვერ შეიცვლება.

ამაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის ველი ცოტა წარმომიდგენია დღეს საქართველოში“.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, შედეგზე უდიდესი ზეგავლენა ექნება პროცესის ხარისხს. იურისტი აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით ტექნიკური საკითხი - სხდომების ხანგრძლიობა, რომელზეც არ არის გონივრულად განსაზღვრული შესვენებები, ასევე ახდენს ზეგავლენას ხარისხზე:

„ეს არ არის ტექნიკური საკითხი და რატომ? თუ გასაუბრებების პროცესმა ვერ შეძლო ადამიანები გონივრულად მიიყვანოს საუკეთესო არჩევნის გაკეთების მომენტამდე, გამოდის, რომ ეს პროცესი იქნება ფარსი.

მხოლოდდამხოლოდ ორი წევრის დამსახურებით - ესენი არიან ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე - დღეს ჩვენ გვაქვს პროცესი, რომელიც არ არის შემოფარგლული 45 წუთით, მაგრამ მათ ამისთვის ყოველდღიურად თავიდან უწევთ ბრძოლა საბჭოს დანარჩენი წევრების წინააღმდეგ“.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, ეკა ციმაკურიძე შენიშნავს:

„საბჭოს ის წევრები, რომლებიც ასეთი რეჟიმის მხარდამჭერები არიან, თავად ხშირად ტოვებენ საბჭოს სხდომებს და საკუთარ შეკითხვაზე პასუხსაც არ უსმენენ. მათ ასე მწვავედ არ უდგათ დისკომფორტი, რომ მშიერ-მწყურვალები ისხდნენ და გავლა-გამოვლის საშუალება არ ჰქონდეთ“.

ეკა ციმაკურიძე, რომელსაც ადრინდელ პროცესებზე დაკვირვების დიდი გამოცდილება აქვს, იხსენებს იუსტიციის საბჭოს წლების პრაქტიკას, როცა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების მიმართ საბჭოს წევრებს ფორმალური მიდგომა ჰქონდათ. ზოგჯერ კითხვასაც არ უსვამდნენ იმ მოტივით, რომ კარგად იცნობდნენ ამა თუ იმ კანდიდატს:

„ამ პროცესმა წარმოაჩინა, რომ, რაც უნდა ინფორმაცია იყოს კანდიდატის შესახებ წინასწარ შეგროვებული, ეს ვიწრო, ძალიან ვრცელი კრიტერიუმები, რაც კანონით არის დადგენილი და ეხება ეთიკასაც, დამოუკიდებლობის უნარს - გაუძლოს ზეწოლას და ა.შ., ღირებულებებს, ფასეულობებს, არა მხოლოდ პროფესიონალიზმს, არამედ ბევრ სხვა კრიტერიუმს, ყველაზე კარგად წარმოჩინდება გასაუბრების პროცესში. არ შეიძლება ქაღალდზე ვიპოვნოთ პასუხი ბევრ იმ კითხვაზე, რომელზეც შეიძლება პირისპირ საუბარში წარმოაჩინოს თავი ადამიანმა“.

ეკა ციმაკურიძის თქმით, მართალია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აქვთ ბერკეტი სუბიეტური დამოკიდებულების საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება და არა გასაუბრებებზე დარყდნობით და მათ გადაწყვეტილების დასაბუთებასაც არავინ მოსთხოვს, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და არ შეიძლებ მას ჩრდილი მიადგეს.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ იმასაც, რომ არ არსებობს არანაირი ვალდებულება - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 20-ვე ვაკანსია ერთბაშად შეივსოს. ანა ნაცვლიშვილი განმარტავს:

„აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - ჩვენ ერთია, რომ არ გვინდა ძალიან ცუდების შეშვება სასამართლო სისტემაში, მაგრამ მეორე მხრივ დგას კითხვა: თუ ვერ ვიპოვნეთ ძალიან კარგები, უნდა შევუშვათ თუ არა საშუალო მონაცემების ხალხი, რომლებიც სხვებს - ოდიოზურ ფიგურებს სჯობიან? არა! პასუხი არის ძალიან მარტივი - არა!

კანონი იძლევა შესაძლებლობას და მეტიც, რეალური სიტუაციაც არ მოითხოვს დღეს, რომ უზენაეს სასამართლოში აუცილებლად 20 ახალი ადამიანი შევიდეს. ზუსტად ამაზე მიგვითითა ვენეციის კომისიამ თავის დასკვნაში, სადაც თქვა, რომ არც საჭიროებაა და არც ფართო გაგებით, სწორი, დემოკრატიული არ იქნება, რომ ერთი მოწვევის პარლამენტმა დააკომპლექტოს ხელისუფლების მესამე შტო მთლიანად, უვადოდ. დემოკრატიული სტანდარტი ეს არ არის!“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG