Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ის, რომ კონკრეტულ უბანში არის ახალი კლასტერი, ან საქართველოს ერთ რეგიონშია გავრცელებული ვირუსი და სხვაგან არ იქნება, ეს არის ილუზია"


ანა კასრაძე, NCDC-ს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი
ანა კასრაძე, NCDC-ს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი

კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე ბევრის მოლოდინი იყო, რომ გავიდოდა ორი-სამი თვე და ყველაფერი ისევ ჩვეულ რიგს დაუბრუნდებოდა. „ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად“-აც ასევე მოკლევადიან საჭიროებად აღიქმებოდა. მრავალრიცხოვანი გამოკვლევების მიმდინარეობის მიუხედავად, ჯერჯერობით კვლავაც არ არის მიგნებული პრეპარატი, რომელიც კონკრეტულად კორონავირუსს შეებრძოლებოდა ადამიანის ორგანიზმში და ასევე არ არის ვაქცინა, რაც არანაკლები შვება იქნებოდა მსოფლიოსთვის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„კი, რაღაცნაირად იყო მოსახლეობაში ეს განცდა, რომ ე.წ. პიკი უნდა გადავიაროთ და მერე ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც კოვიდამდე იყო, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებდნენ ჩვენ და ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ მოგვიწევს გარკვეული პერიოდი კოვიდთან ერთად ცხოვრება, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შევიცვალოთ ცხოვრების წესი. ძნელია თავი შევიკავოთ ერთმანეთის გადაკოცნისგან, ჩახუტებისგან და ეს, ალბათ, განსაკუთრებით გაუჭირდათ ქართველებს. არ აღვნიშნოთ დაბადების დღეები, ქორწილები, ესეც ძნელია. თუმცა, მოწოდება არის, რომ ჩვენ ეს წესები გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა დავიცვათ.

კოვიდი არსად წასულა. თუმცა კი, რაღაც პერიოდის განმავლობაში გაჩნდა ეს ილუზია. მოსახლეობა დაიღალა კოვიდზე საუბრით.

ჩვენთვისაც დამღლელია ეს სიტუაცია, მაგრამ ყოველთვის უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რა სიტუაციაც არის.

კოვიდი არსად წასულა, თუმცა, ჯერჯერობით ხერხდება, რომ ის არის მართვადი იმ რეკომენდაციების განხორცილებით, რისკენაც მოვუწოდებთ მოსახლეობას.

რეკომენდაციები არ იცვლება, მაგრამ, რაც დრო გადის, რთულად შესასრულებელი ხდება.

როცა ყველაფერი შეზღუდული იყო, ადვილად კონტროლდებოდა. ახლა ყველაფერი არის მოსახლეობის თვითშეგნებაზე. ნდობა გვაქვს მოსახლეობის, რომ დაიცავენ ამ რეკომენდაციებს, როცა უკვე გახსნილია ყველაფერი“.

ანა კასრაძის თქმით, იმისათვის, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების სეზონურობაზე იმედი დადასტურდეს ან გაქარწყლდეს, დროა საჭირო:

„ჯერ კიდევ ველოდებით, რომ ამ დაავადებას ექნება სეზონურობა, ანუ შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს ზაფხულში და მეტი იქნება ზამთრის სეზონზე. ბოლომდე ეს რომ შევაფასოთ, ეპიდსეზონი უნდა გავიაროთ.

თუმცა, ბოლომდე დადასტურებული არის ის, რომ განიავება, სუფთა ჰაერი ხელს უწყობს იმას, რომ არ მოხდეს ვირუსის ინტენსიური გავრცელება. რა თქმა უნდა, ბოლომდე ზაფხულის იმედზე არ უნდა ვიყოთ.

ნებისმიერ ადამიანს და მეც მიჭირს პირბადის ტარება ამ სეზონზე, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ რა როლს ასრულებს თითოეული ადამიანის ქცევა კოვიდის შეწყვეტაში, უფრო იოლად გასააზრებელი იქნება ეს“.

NCDC-ს წარმომადგენელი ხაზს უსვამს პრინციპს, რომ „კოვიდთან ბრძოლა არ არის ერთი სტრუქტურის ან ერთი ქვეყნის საქმე. როცა ადამიანი ნიღაბს იკეთებს, ისიც თავის როლს თამაშობს კოვიდთან ბრძოლაში. როცა ის დისტანციას იცავს, არ გადაიხდის ქორწილს და დაბადების დღეს, მას თავისი წვლილი შეაქვს ამ ბრძოლაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს“.

ბოლო დღეებში შეშფოთება გამოიწვია დადასტურებული შემთხვევების რაონდეობის ბოლოდროინდელთან შედარებით მკვეთრმა ზრდამ, რაც დიდწილად უკავშირდებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და ახლად აფეთქებულ ე.წ. „საბურთალოს კლასტერს“:

„შემთხვევების მატება დაფიქსირდა, თუმცა, ეს ახსნადია. იცით, რომ სოფელ მუშევანში მოსახლეობის აქტიურ ტესტირებას ვატარებთ და შესაბამისად, გამოვლენაც მაღალია. გარდა ამისა, ახალი, ასე ვთქვათ, კლასტერი გვქონდა თბილისში, თუმცა აქაც ალბათ დასაზუსტებელია ის, რომ წყარო ცნობილი იყო. რისიც ყველაზე მეტად გვეშინია, არის, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ წყარო ამა თუ იმ პატარა აფეთქების.

ამ ახალი კლასტერის წყარო ჩვენთვის ცნობილია და ეს პატარა აფეთქება არის მართვადი. ყველა კონტაქტი იზოლაციაში ან კარანტინშია გადაყვანილი. დაახლოებით ასამდე კონტაქტია გამოკვლეული. ეს არის მართვადი სიტუაცია და არ ვფიქრობთ, რომ აქედან გვექნება უკონტროლო გავრცელება“.

საქართველო ემზადება ტურისტების გარკვეული კატეგორიისთვის საზღვრების გასახსნელად. როგორ აპირებს ქვეყანა უსაფრთხოების დაცვას ვითარებაში, როცა მოსახლეობას სტუმრად სიარულისგან, წვეულებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, ქვეყანა კი ემზადება სტუმრების მისაღებად?

„საკმაოდ ინტენსიურად მიდის მუშაობა იმის განსასაზღვრად, როგორი რეკომენდაციები და რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს, რომ ტურისტს შეეძლოს საქართველოში ჩამოსვლა. ამაზე მუშაობს არაერთი უწყება, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც. რა თქმა უნდა, ტურისტები ვერ ჩამოვლენ ისეთი ქვეყნებიდან, სადაც დაავადების მაღალი გავრცელებაა. ე.წ. „მწვანე ზონები“ შემოვიდა, ტერმინი. ანუ, წინასწარ მოხდება იმ ქვეყნის შეფასება, საიდანაც დაშვებული იქნება ტურისტის მიღება. ასე იქცევა ყველა ქვეყანა. საქართველოდანაც რომ ჩავიდეს ტურისტი ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველო შეფასდება იმ ქვეყნის მიერ - როგორია დაავადების გავრცელება, რამდენად მაღალია ჩვენთან ტესტირების რიცხვი და ა.შ..

ერთი, რომ ტურისტი მოდის ქვეყნიდან, სადაც გავრცელება ინტენსიური აღარ არის, მეორე არის ლაპარაკი იმაზე, რომ მას ან თავის ქვეყანაში ჰქონდეს ტესტირება გავლილი ან საქართველოში ჩაუტარდეს. გარდა ამისა, როგორც ვიცი, ტურიზმის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს სასტუმროებთან, რადგან, სადაც ეს ტურისტი განთავსდება, მაქსიმალურად მოხდეს იქ მისი მონიტორინგი და კონტროლი. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტზე ან ტურისტთა ჯგუფზე იყოს მონიტორინგი ნებისმიერ ეტაპზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანების ჯანმრთელობა მოწმდება საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისთვის“.

ანა კასრაძე შენიშნავს, რომ ეპიდემიის დასაწყისში მოსახლეობა გაცილებით ყურადღებით იყო და ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას მიმართავდა ჯანდაცვის სისტემას.

„ასეთმა ქცევამ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, დაიკლო. ეს გარკვეულწილად არის იმის ბრალი, რომ ვირუსის ინტენსივობა დაბალია, თუმცა არის შემთხვევები, როცა პირს აწუხებს ტემპერატურა და თავს იკავებს 112-ის გამოძახებისგან. მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ყველას - ძალიან მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო შემთხვევის გამოვლენა. ასე რომ, არ დაგვეზაროს, თუ კოვიდის სიმპტომები გამოგვივლინდება, დავრეკოთ 112-ში და ჩავიტაროთ ტესტირება. სხვანაირად ვერ გავიგებთ - კლება რისი ბრალია, რომ აღარ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას, თუ იმის ფონზე, რომ რეალურად არის შემცირებული ვირუსის ინტენსივობა.

თუ დააფიქსირებთ კოვიდის დამახასიათებელ სიმპტომებს: ტემპერატურის მატებას, ხველას, ყნოსვისა და გემოს დაქვეითებას, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას“.

„დილის საუბრების“ სტუმარი განმარტავს მიმდინარე ტესტირების პროცესსაც:

„ტესტირების რიცხვი საკმაოდ გაიზარდა. დაახლოებით 1500-მდე ნიმუში შემოდის დღის განმავლობაში. უკვე ბევრი ლაბორატორიაა ჩართული, კერძოებიც. ჯამში 60 ათასზე მეტი უნიკალური ტესტირებაა ჩატარებული, რაც ნიშნავს, რომ 60 ათასი ადამიანია ერთჯერადად გატესტილი.

დადასტურების მაჩვენებელი არის 2%-ის ფარგლებში.

ეს იმით არის გამოწვეული, რომ შეგვიმცირდა ახალი შემთხვევები, თუმცა ტესტირება ფართოვდება. დავამატეთ რისკჯგუფები: სამედიცინო პერსონალი იტესტება ყოველ ორ კვირაში; ვინც კარანტინს ტოვებს, მე-13 დღეს იტესტება და საკმაოდ მნიშვნელოვანი რიცხვი აღმოჩნდა დადასტურების; იცით, რომ რისკჯგუფებს დაემატნენ ტრაილერების მძღოლები; საბაჟო და გამშვები პუნქტების თანამშრომლებიც ჩართულები არიან სავალდებულო ტესტირებაში.

ის 60 ათასი არიან: რისკჯგუფებიდან, ვინც ცხელების კლინიკას მიმართა, ან კონტაქტები. ყოველთვის უფრო ეფექტიანია ასეთი ტესტირება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუშევანსა და გეტაში თითქმის მთელი მოსახლეობა გამოვიკვლიეთ. გვაქვს დაზიანებული არეალი და იქ ყველა ადამიანია რისკის ქვეშ“.

რაც შეეხება განათლების სისტემას, ჯერჯერობით კვლავაც უცნობია, გაიხსნება თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებები მომავალი სასწავლო წლიდან. მანამდე ჩასატარებელია გამოცდები და ეს უნდა გაკეთდეს უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვით:

„განათლების სისტემას მოუწია ახალ რეალობაზე მორგება. სასწავლო წლის დაწყებამდე არის გამოცდები, არის ეროვნული გამოცდები, რომელიც უნდა ჩატარდეს. რამდენადაც ვიცი და ჩვენთანაც აქტიური კომუნიკაცია აქვს სამინისტროს - როგორ უნდა ჩატარდეს გამოცდები. როგორც ვიცი, მაქსიმალურად ისეთი რეკომენდაციებია შემუშავებული, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტს, რომ არ დარჩეს მიღმა და შეძლოს ჩაბარება.

ჯერ გადაწყვეტილი არ არის სექტემბერში სწავლა დაიწყება თუ არ დაიწყება. ვფიქრობ, ცოტა ადრეა გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, ზრუნვა უკვე დაწყებულია“.

ანა კასრაძემ არაერთხელ გაუსვა ხაზი მოსახლეობის სწორად, ფრთხილად ქცევის მნიშვნელობას და მოუწოდებს ადამიანებს შეინარჩუნონ ეს სიფრთხილე:

„უნდა შევაქოთ საქართველოს მოსახლეობა, რადგან ეს წარმატება მათ ქცევაზეც იყო, არის და კიდევ იქნება დამოკიდებული. მთავარი რჩევა იქნება ის, რომ არ უნდა მოვდუნდეთ. გავაგრძელოთ ფრთხილად და ფხიზლად ყოფნა. კოვიდი არსად წასულა. ის, რომ კონკრეტულ უბანში არის ახალი კლასტერი, ან საქართველოს ერთ რეგიონშია გავრცელებული და სხვაგან არ იქნება, ეს არის ილუზია. ქვეყანაში თუ არის შემთხვევა ნებისმიერ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, ნიშნავს, რომ რისკი კიდევ არის. გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებდით აქამდე - ფიზიკური დისტანცირება ერთმანეთისგან და თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება, არ გადავიხადოთ დაბადების დღეები, ქორწილები, მოვითმინოთ. ხელების დაბანა რჩება და ნიღბის ხმარება აქტიურად საზოგადოებრივ ტრასნპორტში. შესაძლოა, ძნელი იყოს, მაგრამ ეს ჩვენი და სხვისი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG